Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულეიმან ქერიმოვი - ვინ არის კადიროვის N1 მტერი?


სულეიმან ქერიმოვი
სულეიმან ქერიმოვი

სულეიმან ქერიმოვი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი და გავლენიანი მილიარდერია. ხომ არ გადაიზრდება რამზან კადიროვისა და სულეიმან ქერიმოვის კონფლიქტი დაღესტნისა და ჩეჩნეთის დაპირისპირებაში?

დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის გადაწყვეტილებით, მილიარდერსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, სულეიმან ქერიმოვის „დაღესტნის N1 საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა და დემონსტრაციულად გადაეცა ოქროს ორდენი. ყველაფერი ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქერიმოვს საჯაროდ დაემუქრა სისხლის აღებით ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, რომელმაც ვითარება ისე წარმოაჩინა, თითქოს ქერიმოვი და სხვა კავკასიელი ოლიგარქები იქით გეგმავდნენ მის მკვლელობას. კადიროვისა და ქერიმოვის დაპირისპირება მიმდინარეობს მსხვილი რუსული კომპანიის Wildberries-ის სისხლიანი გაყოფის ფონზე.

  • ვინ არის სულეიმან ქერიმოვი?
  • რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა იგი მშობლიურ რეგიონში და როგორია მისი გავლენა კრემლზე?
  • როგორ მივიდნენ ქერიმოვი და კადიროვი მოსისხლე მტრობამდე?

სულეიმან ქერიმოვი დაღესტნის უმაღლესი ორდენის გადაცემის ღონისძიებაზე პირადად არ იმყოფებოდა - სამაგიეროდ, ცერემონიას დაესწრო მისი მეუღლე ფერუზა, რომელიც მაჰაჩყალაში მილიარდერის ფულით აღდგენილი პარკის გახსნაში მონაწილეობდა. დაღესტნელმა ოფიციალურმა პირებმა ქერიმოვს „ქველმოქმედი“ უწოდეს და განსაკუთრებით აღნიშნეს მისი „ქველმოქმედება, მოხალისეობრივი, სამშვიდობო და ჰუმანიტარული საქმიანობა“.

სერგეი მელიკოვი, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური
სერგეი მელიკოვი, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური

ორი დღით ადრე, რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა საჯაროდ დაიცვა ქერიმოვი, რომელსაც ღიად ემუქრება რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა.

სულეიმან ქერიმოვი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. 2024 წელს ჟურნალმა Forbes-მა 58 წლის ბიზნესმენი რუსეთის უმსხვილესი მილიარდერების სიაში მე-12 ადგილზე გაიყვანა და მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ქერიმოვი დაიბადა 1966 წელს, დერბენტში, სავალდებულო-სამხედრო სამსახურის შემდეგ მან დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1993 წელს მოსკოვში, დაღესტნის ელექტრონიკის მწარმოებელ კომპანია „ელტავთან“ ერთად, დააფუძნა ფედერალური ინდუსტრიული ბანკი.

1999 წლის ბოლოდან სულეიმან ქერიმოვმა დაიწყო აქტიური ინვესტირება ისეთ მსხვილ რუსულ კომპანიებში, როგორებიცაა: ნავთობკომპანია „ნაფტა-მოსკვა“, ფოლადსასხმელი ქარხანა „ნოსტა“, სამშენებლო ჰოლდინგი „რაზვიტიე“, საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი „მოსტელეკომი“, სასუქების მწარმოებელი „ურალკალიუმი“, ოქროს მომპოვებელი კომპანია „პოლუსი“. საწარმოების აქციების ფასის ზრდის შემდეგ ქერომოვი ჰყიდდა აქტივებს.

ქერიმოვი ასევე ახორციელებდა ინვესტიციებს უცხოურ ბიზნესში - მაგალითად, 2017 წელს შეერთებულ შტატებში შეიქმნა Heritage Trust Fund-ი, რომელიც განაგებდა ქერიმოვის 1 მილიარდი დოლარის აქტივებს. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ბიზნესმენი დაექვემდებარა ევროკავშირის, უკრაინის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სიახლოვისა და „რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების ამკრძალავი კანონის“ მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაბლოკა სენატორის სატრასტო ფონდი, ხოლო 2024 წელს შვეიცარიაში გაყინეს მისი აქტივები - ჯამური ღირებულებით 1,3 მილიარდ ფრანკზე (1,49 მილიარდი დოლარი).

ქერიმოვის პოლიტიკური კარიერაც 1999 წელს დაიწყო: რვა წლის განმავლობაში ის იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, შემდეგ გადავიდა პუტინის „ერთიან რუსეთში“ და 2008 წლიდან დღემდე წარმოადგენს დაღესტანს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში - ფედერაციის საბჭოში.

სულეიმან კერიმოვი
სულეიმან კერიმოვი

"ქერიმოვისთვის არ იომებენ"

საკუთარი საწარმოების მასშტაბის მიუხედავად, სულეიმან ქერიმოვი აქტიურად არის დაინტერესებული მშობლიური დაღესტნის საქმეებით - 2016 წელს მის დამსახურება მშობლიური კუთხისადმი აღნიშნეს ჯილდოთი „მშობლიური მიწის სიყვარულისთვის“.

მოსკოვში მეჩეთის მშენებლობაზე 100 მლნ დოლარი, დაახლოებით ამ მოცულობის თანხა ჩადო მან დაღესტნის ეკონომიკაში 2007 წელს. ბიზნესმენი რეგულარულად აფინანსებს ჰაჯის შესრულებისთვის საჭირო ხარჯებს როგორც დაღესტანში, ასევე რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები მუსლიმებისთვის. ქერიმოვის ფულით აღადგინეს 2024 წლის ზაფხულში შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დაზიანებული სინაგოგა და ეკლესია მაჰაჩყალაში, უახლოეს მომავალში კი იგეგმება დერბენტში სულიერი ცენტრის აშენება რუსეთში ყველაზე მაღალი მეჩეთით, სინაგოგით, ტაძრითა და პარკით.

  • 2011 წელს ქერიმოვმა მმართველობაში აიღო ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ანჟი“, სადაც მან მიიყვანა არა მხოლოდ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი და ჰოლანდიელი მწვრთნელი გუს ჰიდინკი, არამედ დააარსა ბავშვთა აკადემია და ააშენა სტადიონი ანჟი-არენა, რომლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს ამერიკელმა მომღერალმა შერიმ (შერილინ სარქისიანი) და მსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმა. 2016 წელს ქერიმოვმა დატოვა კლუბი, რომელშიც 1,4 მლრდ რუბლის ინვესტიცია განახორციელა.
  • 2016 წელს სულეიმან ქერიმოვმა გამოისყიდა მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტი.
  • 2020 წელს კორონავირუსული პანდემიის დროს დაღესტნის რესპუბლიკას 1,5 მლრდ რუბლის დახმარება გაუწია

დაღესტანში აქტიურად მუშაობს საქველმოქმედო ფონდი „იმანი“, რომელსაც ქერიმოვის მეუღლე მართავს.

„დაღესტნის მცხოვრებლები სულეიმან ქერიმოვის მიმართ დადებითად არიან განწყობილი სწორედ ასეთი საქველმოქმედო ღონისძიებების გამო, ცოტა თუ აცნობიერებს გავლენის იმ მასშტაბს, რომელიც ქერიმოვს გააჩნია რესპუბლიკის ადგილობრივ პოლიტიკოსებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას დაღესტნელი ანონიმი რესპონდენტი, რომელიც კარგად იცნობს დაღესტნის სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებში მიმდინარე მოვლენებს:

„ქერიმოვი წარმოჩინდება მეცენატად. ორი წლის წინ გამოყო 1,5 მილიარდი რუბლი მაჰაჩყალაში მეჩეთის მშენებლობაზე, ყოველწლიურად აგზავნის ღარიბებს ჰაჯის შესასრულებლად და ა.შ. მოკლედ, მის მიმართ ყველა ან „ნეიტრალურად“ ან „დადებითად“ არიან განწყობილი. ხალხი ვერ ხვდება, რომ რეგიონის არაპოპულარული ხელმძღვანელობაც მთლიანად ქერიმოვის მიერ კონტროლდება. რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელი მისი კაცია. დაღესტნის მთავრობაშიც და სახელმწიფო სათათბიროშიც მასთან დაახლოებული პირები არიან“.

ქერიმოვის სახელი ასევე დაკავშირებულია გახმაურებულ კრიმინალურ სკანდალებთან.

დაუდასტურებელი ვერსიით, სავარაუდოდ, სწორედ ქერიმოვი დგას დაღესტნელი მეწარმეების, ძმებ ზიავუდინ და მაგომედ მაგომედოვების სისხლისსამართლებრივი დევნის უკან. ტელეკომპანია „დოჟდის“ წყაროს თქმით, საქმე შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ძმებმა საფრანგეთის სპეცსამსახურებს გადასცეს დაღესტნელი მილიარდერის სულეიმან ქერიმოვის შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს. „ნოვაია გაზეტამ“ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუკავშირა დაღესტანში ბიზნესმენების პოლიტიკაში კრემლის თანხმობის გარეშე შესვლის მცდელობას. 2022 წელს ზიავუდინ მაგომედოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ფედერაციის საბჭოს ყოფილ წევრს, მაგომედ მაგომედოვს - 18 წლით.

2008 წელს დაღესტნის გაზეთ „ჩერნოვიკის“ ჟურნალისტმა ალექსანდრ პოლიაკოვმა მასზე თავდასხმა დაუკავშირა ქერიმოვის მფლობელობაში მყოფი საფეხბურთო კლუბის, „ანჟის“ კრიტიკას. პოლიაკოვს სადარბაზოსთან დახვდნენ და სასტიკად სცემეს.

2024 წელს „უცხოური აგენტების“ სიას დაემატა მაგომედ გაჯიევი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დაღესტნიდან, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. საგამოძიებო პორტალ „პროექტის“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გაჯიევის დევნა სავარაუდოდ ასევე სულეიმან ქერიმოვის ინიციატივით მოხდა. გაჯიევმა რუსეთი 2023 წელს დატოვა.

მარკეტპლეის Wildberries-ისა და სარეკლამო კომპანია Russ-ის შერწყმის გარიგებას ასევე ქერიმოვს მიაწერენ - სავარაუდოდ, სწორედ მან გააცნო კომპანიის შემქმნელი ტატიანა კიმი (ბაკალჩუკი) პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლისგანაც მიიღეს თანხმობა კომპანიების შერწყმის თაობაზე. სწორედ ამ გარიგებამ გამოიწვია კადიროვის მუქარა: ჩეჩნეთის თავკაცმა პირობა დადო, რომ ოჯახში დააბრუნებდა ტატიანა ბაკალჩუკს (რომლის ქმარი ვლადისლავი ფლობს Wildberries-ის დაახლოებით 1%-ს) და, რომ კომპანიების შერწყმის პროცესს შეაჩერებდა. ბიზნესისთვის ბრძოლამ გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვლადისლავ ბაკალჩუკი დაადანაშაულეს მკვლელობაში, თუმცა შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, Wildberries-სა და Russ-ს შორის გარიგება კი ძალაში რჩება. კადიროვმა დადებული პირობა ვერ შეასრულა.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რედაქციას უყვება სანდო წყარო, ქერიმოვისა და კადიროვის კონფლიქტი აღიქმება ორი გავლენიანი პირის დაპირისპირებად და არა კონფლიქტად ორ რესპუბლიკას შორის. ამავე წყაროს თქმით, დაღესტნის ხელისუფლების მხრიდან სენატორისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ამბავიც ხელოვნურად გამოიყურება, რადგან უბრალო მოსახლეობაში კადიროვის მუქარის გამო ჩეჩნეთის მიმართ არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობა.

„ქერიმოვისთვის საომრად არვინ წავა. საერთოდ გაოცებული ვარ კადიროვისა და ქერიმოვის დაპირისპირების გამო გაკეთებული პროგნოზით, რომ თითქოსდა ეს წინააღმდეგობა ეთნიკურ კონფლიქტამდე მიგვიყვანს და ა.შ. თუ ხელყოფილი იქნება რესპუბლიკის საზღვრები, თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ დაღესტნელებს, რელიგიას, მაშინ ხალხიც დაიწყებს მობილიზებას. ქერიმოვის დასაცავად არ წავლენ არა იმიტომ, რომ კადიროვის ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ ფინანსური კონფლიქტი ორ გავლენიან ადამიანს შორის დაღესტნელებს დიდად არ აღელვებთ, ისევე როგორც ჩვეულებრივ ჩეჩნებს, რომლებიც არ შედიან კადიროვის ახლო წრეში“, - მიიჩნევს წყარო დაღესტნიდან.

კადიროვთან ურთიერთობა

ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საჯაროდ მტრობის გამოცხადება - ეს იყო ქერიმოვისადმი კადიროვის პირველი ხმამაღალი მუქარა. ამ ეპიზოდამდე კადიროვისა და ქერიმოვის ურთიერთობის დამადასტურებელი არანაირი ფაქტობრივი მასალა არ არსებობს. თუმცა, იმაში, რომ პოლიტიკოსები არაერთი წელია პირადად იცნობენ ერთმანეთს, ძნელია ეჭვის შეტანა, - ამბობს რედაქციის კიდევ ერთი რესპონდენტი, მოსკოვში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი.

„ქვეყანაში ძალაუფლება ასეა სტრუქტურირებული: ვერ იქნები გავლენიანი, თუ არ გყავს "სანდო პირები" ვიწრო წრის მიღმა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ კადიროვსაც და ქერიმოვსაც ჰყავთ საერთო მეგობრები, მაგალითად, ლუჟკოვის ოჯახი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, The Current Time-ს განუცხადა, რომ რამზან კადიროვი 2000-იან წლებში დაუახლოვდა მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვს და მის მეუღლეს ელენა ბატურინას. მაშინ კადიროვმა ამ მეგობრობას უწოდა „საქმიანი ალიანსი“, რომელშიც მესამე მხარედ სულეიმან ქერიმოვი იყო წარმოდგენილი. ლუჟკოვის გარდაცვალების შემდეგ კადიროვმა მას „ჩეჩნეთის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა. მოსკოვის მერი, რომელიც ქერიმოვთან ბიზნესს აწარმოებდა, რეგულარულად აჩუქებდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელს მანქანებსა და უძრავ ქონებას. არც კადიროვი რჩებოდა ვალში: იური ლუჟკოვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენი ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო.

გარდა ამისა, ქერიმოვს კარგი ნაცნობობა ჰქონდა თინა კანდელაკთან, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილეა (ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს). ამ თანამდებობის მიღებამდე რამდენიმე წლით ადრე კანდელაკი კადიროვის პიარით იყო დაკავებული და მან ჩეჩნეთის დამსახურებული ჟურნალისტის წოდებაც კი მიიღო.

თავად სენატორ ქერიმოვისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მეგობრული ურთიერთობის შესახებ ღია წყაროებში ბევრი მტკიცებულება არ არის: 2011 წელს ისინი ერთად უყურებდნენ დაღესტნის „ანჟის“ თამაშს პეტერბურგის „ზენიტთან“ გროზნოს სტადიონზე. 2015 წელს კი ქერიმოვმა თბილად მოიკითხა კადიროვი მოსკოვში მეჩეთის გახსნისას.

რამზან კადიროვი და სულეიმან ქერიმოვი გროზნოში გამართულ საფეხბურთო მატჩზე. 2011წ.
რამზან კადიროვი და სულეიმან ქერიმოვი გროზნოში გამართულ საფეხბურთო მატჩზე. 2011წ.

„რამზან კადიროვი და სულეიმან ქერიმოვი მეგობრები რომ ყოფილიყვნენ, ეს გარემოება დიდად ვერ შეცვლიდა შექმნილ ვითარებას - მათ შორის ჩადგა დიდი ბიზნესი. Wildberries-ის მართვაზე დადებული ფსონის გაზრდამ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი აიძულა გაეკეთებინა რისხვით სავსე განცხადება“, - ამბობს პოლიტოლოგი რუსლან აისინი.

„ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კადიროვი დაუყოვნებლივ დაიწყებს ქერიმოვის სისხლის დაღვრას. კადიროვმა ვერ მიაღწია პოზიტიურ შედეგს Wildberries-თან დაკავშირებით, ამიტომ ეს საკითხი გადასროლილია საჯარო ასპარეზზე, რათა მაინც მიიღოს სასურველი შედეგი. კომპრომისული, რა თქმა უნდა, ახლა კრემლს მოუწევს თავის განძრევა, რათა არ დაუშვას კონფლიქტის გაღრმავება. მეორე მხრივ, კრემლისთვის ხელსაყრელია მართვადი კონფლიქტურობა, ასე უფრო იოლად დაიჭერს ჩრდილოეთ კავკასიას, შექმნის შინაგან წინააღმდეგობებს, არ მისცემს გაერთიანებისა და მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ საერთო ფრონტად გამოსვლის საშუალებას“, - უთხრა რუსლან აისინმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს.

ვინ უფრო ავტორიტეტული და გავლენიანია - კადიროვი თუ ქერიმოვი? პოლიტოლოგის აზრით, რამზან კადიროვი „უფრო ძლიერია“ საჯარო თვალსაზრისით. მან განზრახ დაიკავა „პუტინის ქვეითის“ ნიშა და შექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი გავლენა რუსეთში ტოტალურია.

„რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან მისი "ურაპატრიოტული" ქადაგების ფარდის მიღმა იმალება საკუთარი პოზიციების განმტკიცების სურვილი. სულეიმან ქერიმოვი კი განსხვავებულად მოქმედებს. როგორც მილიარდერი, ქერიმოვს თავისი ინიციატივები გააქვს საქმიანი ურთიერთობებით, თავისი ხალხის დანიშვნით მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში“, - განაცხადა რუსლან აისინმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG