Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„95% იქნებოდა ოპოზიციური ხმები, ეს არის რეალური მიზეზი“ - უკრაინაში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება


„უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, თავად უკრაინამ არ ჩაატარა არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ ამ მოცემულობით ვიხელმძღვანელეთ“, - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, თავად უკრაინამ არ ჩაატარა არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ ამ მოცემულობით ვიხელმძღვანელეთ“, - საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, იქ მებრძოლი ქართველები, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უკრაინის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნებს არ გახსნის.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, უკრაინაში, საარჩევნო უბნებს გახსნის მოლდოვის ხელისუფლება.

საქართველოს გადაწყვეტილების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება:

ნათია იოსელიანი, ცესკოს პრესსპიკერი
ნათია იოსელიანი, ცესკოს პრესსპიკერი

„საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ხსნის შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე... ჩვენ ვერ განვახორციელებთ იმ ოფიციალური ინფორმაციის რევიზიას, რომელიც მოგვეწოდა ამა თუ იმ უწყებისგან“, - ამბობს ნათია იოსელიანი.

„უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, თავად უკრაინამ არ ჩაატარა არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ ამ მოცემულობით ვიხელმძღვანელეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წლის მარტში. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის: „ახლა არის თავდაცვის, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნისა და ხალხის ბედი და არა არჩევნების დრო, რომელსაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი მოელის. მე ვთვლი, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის“.

გასული წლის ბოლოს, უკრაინის მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იქნებოდა: „არავის აქვს კონკრეტული პასუხები მთავარ კითხვებზე. როგორ მისცემენ ხმას მებრძოლები? როგორ დააფიქსირებენ საკუთარ ხმებს უცხოეთში მყოფი უკრაინელები? რა უნდა გაკეთდეს, თუკი საჰაერო განგაში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება?“, - თქვა დავით არახამიამ.

„მეომრები დაგვტოვეს ხმის უფლების გარეშე“

„კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა“, „არჩევნების გაყალბების მცდელობა“, - ასე ეხმაურებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინაში მებრძოლი ქართველები. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყეტილება არა უსაფრთხოების, არამედ საკუთარი მიზნების საკეთილდღეოდ მიიღო.

ზურაბ ჯიბუტი, უკრაინაში მებრძოლი
ზურაბ ჯიბუტი, უკრაინაში მებრძოლი

„უკრაინაში ძალიან ბევრი სამხედროა და ყველას სურდა დარეგისტრირება, მით უმეტეს, ონლაინ იყო შესაძლებელი რეგისტრაციის გავლა. მებრძოლები მზად იყვნენ, 26 ოქტომბრისთვის ერთი დღით ჩასულიყვნენ თუნდაც კიევში და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათ ეს უფლება წაერთვათ.

ვფიქრობ, რომ 95% იქნებოდა ოპოზიციური ხმები და ეს არის რეალური მიზეზი, თუ რატომაც არ გახსნა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საარჩევნო უბნები“, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ზურაბ ჯიბუტი. რადიო თავისუფლება მას მაშინ დაუკავშირდა, როდესაც გზად საქართველოსკენ მოდიოდა:

„საკონტრაქტო ხელშეკრულება დამიმთავრდა და ცხადია, თადარიგიც დავიჭირე, რომ არჩევნების დღეს საქართველოში ვყოფილიყავი, რადგან ასეთ დროს თითოეული ხმა გადამწყვეტია და ამ ხმას ვერ დავკარგავდი.

ავტობუსში ვზივარ, პოლონეთში მივდივარ და იქიდან საქართველოში გამოვფრინდები, 15 ოქტომბერს სახლში ვიქნები.

აი, ამ წამს, ავტობუსის ფანჯრიდან ვხედავ, როგორ აგებენ კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტს. აქ ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება. კიევში მუშაობს ყველა დაწესებულება, მაღაზიები, დიდი სავაჭრო მოლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, უბრალოდ, როცა განგაშია, მაშინ ჩადის მოსახლეობა ბუნკერში.

ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ არ იმუშავა. არაფერ შუაშია უსაფრთხოება და ომზე აპელირება. ომის მიუხედავად აქ ცხოვრება გრძელდება“, - ამბობს ზურაბ ჯიბუტი.

უკრაინაში, ომში მებრძოლმა ქართველმა მწერალმა, ბექა ქურხულმა, ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ვერც ის და ვერც მისი თანამებრძოლები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკრაინაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა და ამას არა უსაფრთხოების მიზნებს, არამედ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ხმებსა და მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს:

ბექა ქურხული, მწერალი, უკრაინაში მებრძოლი
ბექა ქურხული, მწერალი, უკრაინაში მებრძოლი

„საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს იმედი, რომ ამ მეომრებიდან თუნდაც ერთი მაინც, მათი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერია...

მხოლოდ კიევში რომ გახსნილიყო უბანი, რა თქმა უნდა, მზად ვიყავით, იქაც ჩავსულიყავით, თუნდაც შორეული წერტილიდან. ეს ადამიანები არიან საქართველოს მეომრები. მათი ბრძოლა არ დაწყებულა მხოლოდ უკრაინაში. ეს ადამიანები არიან აფხაზეთის, ცხინვალის ომის ვეტერანები, ეს ადამიანები მსახურობდნენ ერაყში, ავღანეთში.

უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ამ ომში იბრძვის რამდენიმე ათასი ქართველი. გარდა ამისა, უკრაინაში ცხოვრობენ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც. ამდენი ადამიანისთვის საარჩევნო უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში, ეს უკვე არის არჩევნების გაყალბების მცდელობა“, - ამბობს ბექა ქურხული.

უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ რიგებში, დღეის მდგომარეობით, 2064 ქართველი იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი. რაც შეეხება სხვა დანაყოფებს, შესაძლოა იქ მებრძოლი ქართველების რაოდენობა რამდენიმე ასეული იყოს.

32 წლის კოკა მურაჩაშვილს, რომელიც ზუსტად ორი წელია, უკრაინაში იბრძვის და ამ ბრძოლაში ფეხიც დაკარგა, იმედი აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მეგობრები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიღებენ „ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“:

კოკა მურაჩაშვილი, უკრაინაში მებრძოლი
კოკა მურაჩაშვილი, უკრაინაში მებრძოლი

„ჩემი და ჩემს გარშემო, სხვა ბიჭების სახელითაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლო, მისი ევროპული მომავალი და გვაქვს საკუთარი არჩევანი. გულდასაწყვეტია, რომ ასე არ მოხდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, ეს მთავრობა წავა და მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც აინტერესებს დემოკრატია, საკუთარი სამშობლოს წინსვლა“.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, უკრაინაში, საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვის ხელისუფლებამ, სადაც 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ორი საარჩევნო უბანი კიევსა და ოდესაში, საელჩოსა და საკონსულოს შენობებში გაიხსნება.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მუშაობა განაგრძეს როგორც საქართველოს საელჩომ, ისე საკონსულოებმა. გასულ საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს, სწორედ მათ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი საქართველოს მოქალაქეებმა.

რამდენი საარჩევნო უბანი იყო უკრაინაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკრაინაში სამი საარჩევნო უბანი გაიხსნა - ორი კიევსა და ერთიც ოდესაში. სამივე უბანზე, სპეციალურ სიებში, საერთო ანგარიშით, 5459 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა სულ 487-მა ამომრჩეველმა მიიღო.

კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, უკრაინაში, ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 292-მა ამომრჩეველმა, ხმა მისცა ოპოზიციურ ძალას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“. 130 ხმა მოაგროვა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“.

საარჩევნო უბანი გაიხსნა ისრაელში

26 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გადაეცემოდა იმ ქვეყნებში მყოფი მოქალაქეების მონაცემები, „სადაც პოლიტიკური და საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ჩატარდებოდა არჩევნები“ - ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა სწორედ უკრაინა აღმოჩნდა, რაც შეეხება ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელს, იქ საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყდა:

„ისრაელთან მიმართებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა რეკომენდაციით ცესკოს, კომისიამ იმსჯელა და ამ ეტაპზე, არ მიიღო საარჩევნო უბნის გაუქმების გადაწყვეტილება. თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ცესკოში არის და ახლა უკვე მათი გადასაწყვეტია, გაითვალისწინებს თუ არა ცესკო ამ რეკომენდაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

11 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის შენარჩუნების ან გაუქმების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში „იმთავითვე არ დგას“.

გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე

„ერთხმად ვთანხმდებით, რომ [ისრაელში] საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკითხი იმთავითვე არ დგას. საგარეოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ 1 ოქტომბერს დაბომბვა განხორციელდა... ჩვენ, ცხადია, არ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ისრაელში ამა თუ იმ შენობის, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ ვიმსჯელოთ, რაიმე ფორმით შევაფასოთ ან განვჭვრიტოთ იმ დღისთვის მოსალოდნელი საფრთხეები“, - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომაზე.

14 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს, რომ ისრაელში, ქალაქი რამათ-განში საარჩევნო უბანი გახსნილია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისრაელში ერთი საარჩევნო უბანი, ქალაქ თელ-ავივში გაიხსნა. კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 456-მა ამომრჩეველმა. მათგან 233-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციურ ძალას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ დაუჭირა მხარი. 152 ამომრჩევლის ხმა ერგო მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG