Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტამბოლის მერის დაკავებამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა - ვინ არის ექრემ იმამოღლუ

სტამბოლის მერის დაკავებამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა - ვინ არის ექრემ იმამოღლუ


19 მარტს, დაკავებული სტამბოლის მერის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების გამართვა 23 მარტამდე აკრძალა.
19 მარტს, დაკავებული სტამბოლის მერის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების გამართვა 23 მარტამდე აკრძალა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეალური, სარისკო კონკურენტი ჩამოიშორა - ასე შეაფასეს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავება. მაღალი და მუდმივად მზარდი რეიტინგის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თურქეთის პოლიციამ 19 მარტს, 07:30 საათისთვის, საკუთარ სახლში დააკავა.

აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. 19 მარტს გავრცელდა ცნობები შეტაკებებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.

  • „სახელმწიფო გადატრიალება მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ“ - განაცხადა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP] თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა, სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ.
  • “ჩვენ არასოდეს დავნებდებით, არ გავჩერდებით და არ გადავდგამთ ნაბიჯს უკან. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ”, - ეს CHP-ის თავმჯდომარის მოადგილის, ილჰან იუზგელის სიტყვებია.


ექრემ იმამოღლუს CHP საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებდა.

სტამბოლის მერს ხელისუფლება მძიმე დანაშაულებში სდებს ბრალს - კორუფციაში, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში.

ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, ხალხი ქუჩაში სპონტანურად გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, სტამბოლში დემონსტრაციები და შეკრებები 23 მარტამდე აიკრძალა. იტყობინებიან, 19 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გადაკეტეს სტამბოლის ცენტრისკენ მიმავალი გზები.

„ხალხის ნების ჩახშობა შეუძლებელია დაშინებითა და უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ, ვარ მინდობილი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ მცხოვრებზე, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეზე, ასევე ყველაზე - ვინც მხარს უჭერს დემოკრატიასა და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - სტამბოლის მერის სახელით დაიწერა პლატფორმა X-ზე, მისი დაკავების შემდეგ.

ვინ არის ექრემ იმამოღლუ?

იმამოღლუ სტამბოლის მერია 2019 წლიდან.

2024 წლის 31 მარტს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში, 53 წლის პოლიტიკოსი „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP] კანდიდატი იყო. გაიმარჯვა და სტამბოლის მერად მეორე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

  • ექრემ იმამოღლუმ დამაჯერებლად, 51%-იანი მაჩვენებლით დაამარცხა ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ [AKP] კანდიდატი - მურათ ქურუმი.
  • „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა გაიმარჯვა თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის - იზმირში, ანტალიასა და ბურსაში.
  • ოპოზიციამ გაიმარჯვა იმ ქალაქებსა და პროვინციებშიც, სადაც ტრადიციულად ერდოანის მმართველ პარტიას ირჩევდნენ.


“სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ტრიუმფალურ გამარჯვებას ბევრი სწორედ სტამბოლის მერის ქარიზმასა და ხასიათის თვისებებს მიაწერს. ყველამ იცის, რომ იმამოღლუს უყვარს ხალხთან საუბარი და შეუძლია, რომ კრიტიკოსებსაც დიდი დრო დაუთმოს - ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე. მას ხედავდნენ ქუჩაში, თავისუფლად მოსიარულესა და ხალხს შორის - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ამ გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ექრემ იმამოღლუ დაკავებულია.

მთელი ამ წლების განმავლობაში ექრემ იმამოღლუს რეიტინგი მხოლოდ იზრდებოდა და უკვე დიდი ხანია, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასაც უწინასწარმეტყველებენ.

  • ცნობილია, რომ სტამბოლის მერი თურქეთის მთავარ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ [CHP] 23 მარტს, პრაიმერიზის შედეგად, საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ის პარტიის ერთადერთი კანდიდატია.
  • თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბევრი არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს, მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი მარცხის გამო.


“ბატონი იმამოღლუ ძალიან ძლიერი კანდიდატი იყო. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკვლევით, ის ყოველთვის უსწრებდა ერდოანს. მისი წამოყენება და კონკურენცია ძალიან სარისკო იქნებოდა ერდოანისთვის. წააგებდა არჩევნებს. ასე რომ, ეს არის ისტორიის მთელი არსი - ხელი შეუშალოს მისი კანდიდატურის წამოყენებას“, - უთხრა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP] თავმჯდომარის მოადგილემ, ილჰან იუზგელმა.

რას ედავებიან იმამოღლუს?

გენერალურ პროკურატურასა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობებით, გამოძიება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: კორუფცია [უკანონო ტენდერები, თაღლითობა] და დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ტერორიზმის მხარდაჭერა.

იმამოღლუსთან ერთად, ეჭვმიტანილად გამოცხადდა 100-მდე ადამიანი, მათ შორის - ჟურნალისტები და ბიზნესმენები.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ სტამბოლის მერს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბრალად ედება „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობა. ის ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-ს, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ.

  • 17 მარტს სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაუუქმა, თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც დიპლომის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. თურქეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრის უმაღლესი განათლების არმქონე პირი.


ოპონენტები ერდოანს დემოკრატიის გზიდან გადახვევაში, ოპონენტების ციხეში გამოკეტვასა და პუტინთან კავშირების გაღრმავებაში სდებენ ბრალს. თურქეთის პრეზიდენტის მმართველობის მისამართით კრიტიკას სხვადასხვა დროს არც საერთაშორისო პარტნიორები არ მალავდნენ.

2016 წელს, არშემდგარ გადატრიალებაზე აპელირებით, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელისუფლებამ სახელმწიფო უწყებებიდან დაითხოვა და დააპატიმრა ათიათასობით ადამიანი. დაკავებულებს შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. თურქეთმა ბრძოლა გამოუცხადა აწ უკვე გარდაცვლილი ფეთულა გიულენის ყველა სავარაუდო მომხრეს.

იუზგელის შეფასებით, ერდოანი მოქმედებს ავტორიტარებისთვის დამახასიათებელი ხელწერით, რომელიც გლობალურად ხილული უფრო 2010 წლიდან გახდა.

„ავტორიტარული რეჟიმები ეხმარებიან ერთმანეთს, სწავლობენ ერთმანეთისგან და ეყრდნობიან ერთმანეთს. ერდოანი თურქეთში იყენებს ყველა ავტორიტარულ ტაქტიკას - ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგალითად, არჩევნებამდე ის ანადგურებს ოპოზიციონერ ლიდერებს ანდა ძლიერ პოტენციურ მეტოქეებს - აპატიმრებს მათ ან ანეიტრალებს მათ სხვა გზებით. სინამდვილეში, ეს კარგად ცნობილი ტაქტიკაა“, - ამბობს ილჰან იუზგელი.

„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP] მონაწილეობით შექმნილმა კოალიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოანს პრობლემები 2023 წელსაც შეუქმნა, საპრეზიდენტო არჩევნებში. ერდოანის მთავარი მეტოქე იყო CHP-ის მაშინდელი თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუ. ერდოანმა გამარჯვება მხოლოდ მეორე ტურში შეძლო. ქილიჩდაროღლუს ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია უჭერდა მხარს. დამარცხების შემდეგ კოალიცია დაიშალა და ქილიჩდაროღლუმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

19 მარტს ქილიჩდაროღლუმ იმამოღლუს სოლიდარობა პლატფორმა X-ზე გამოუცხადა. დაკავებული მერისა და თურქეთის დემოკრატიის მხარდაჭერას გამოხატავს სხვა არაერთი თურქი თუ უცხოელი პოლიტიკოსი.

„შეუძლებელია დემოკრატიისთვის ხელბორკილების დადება. ეს უკანონობა წარმოადგენს თავდასხმას ხალხის ნებაზე. ჩვენ არ დავნებდებით ამ აბუჩად აგდებასა და გადატრიალებას“, - დაწერა იუზგელმა პლატფორმა X-ზე 19 მარტს.

დაკავებულ სტამბოლის მერს 19 მარტს მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.

„[სტამბოლის] მერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები, განსაკუთრებით - არჩეული თანამდებობის პირების უფლებები“, - უთხრა 19 მარტს ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში.

ექრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტს მალევე მოჰყვა თურქეთის ეროვნული ვალუტის - ლირის - გაუფასურება დოლართან მიმართებით. Bloomberg-მა დაწერა, რომ ვარდნა 10%-ს აღემატებოდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG