თურქეთის პოლიციამ დააკავა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ექრემ იმამოღლუ თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარ მეტოქედ განიხილება.
ადგილობრივი მედიის მიერ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მეგაპოლისის მერი და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დააკავეს, ეხება უკანონო ტენდერებს, თაღლითობასა და მექრთამეობას.
ასევე, „ტერორისტებთან“, კერძოდ, თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობას. თურქული მედიის ცნობითვე, სტამბოლის მერის გარდა, ეჭვმიტანილია 100-მდე პირი.
54 წლის ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერია 2019 წლიდან.
წინა, 2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი.
თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია” ამ დღეებში აპირებდა ექრემ იმამოღლუს კანდიდატურის დასახელებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარტიამ იმამოღლუს დაკავებას უწოდა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ”. თავად ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.
17 მარტს სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც დიპლომის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
თურქეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტად კენჭისყრა მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს შეუძლია.
სააგენტო dpa-ს ცნობით, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, სტამბოლში 23 მარტამდე აკრძალა დემონსტრაციები და შეკრებები.
ფორუმი