მოსამართლე შაინიძის მიერ 2022 წელს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ინვესტორს დაევალა, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ 12,4 მილიონი ლარი გადაეხადა.
ჩხარტიშვილის კომპანიის დავა ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის შვილობილ „ბათუმის ნავთობტერმინალთან“ აღწერილია რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში.
ჟურნალისტურ გამოძიებაში იურისტები ამბობენ, რომ მოსამართლე შაინიძის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლომ უფლებამოსილებას გადააჭარბა.
ჯარიმა მზია ამაღლობელს
2025 წლის 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნო საქმეზე, - რომელიც, იურისტების შეფასებით, გაყალბებულია, - და 2000 ლარით დააჯარიმა.
ამაღლობელის ინტერესების დამცველის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, „ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა“.
ჯარიმა ამაღლობელს ადმინისტრაციულ საქმეზე დაეკისრა.
- ცალკე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ბათუმის პოლიციის უფროსისათვის, ირაკლი დგებუაძისათვის „სილის გაწვნის“ გამო - მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- დგებუაძე ამბობს, რომ სილის გაწვნის შემდეგ „ფიზიკური ტკივილი“ განიცადა და ლოყა და მარჯვენა ყური გაუწითლდა.
სალიხ შაინიძე: „მთავარია, მე ვიყო სწორი“
58 წლის სალიხ შაინიძე უვადოდ არის მოსამართლედ დანიშნული.
1999-2009 წლებში შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016 წლიდან კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
უვადოდ თანამდებობაზე 2019 წელს განაწესეს.
ის არის მზია ამაღლობელის ნათესავი, - მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძე.
ამაღლობელის ადვოკატებმა ამის გამო თავად მოითხოვეს ამ საქმეზე შაინიძის აცილება - კანონის იმ ნორმის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, თუ ის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია“.
შაინიძემ 6 მარტს განაცხადა, რომ ამაღლობელი, მართალია, ჩემი სიმამრის დეიდაშვილია, მაგრამ მის ოჯახთან შეხება ეს ორი თვე არ მქონიაო. „მთავარია, მე ვიყო მართალი და სწორი“, - თქვა მან.
გადაწყვეტილება ჩხარტიშვილის სასარგებლოდ
სწორედ სალიხ შაინიძეა ის მოსამართლე, რომელმაც 2022 წელს ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ ყაზახური სახელმწიფო კომპანიის შვილობილ ფირმას 12,4 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
ჩხარტიშვილის ბიზნესჯგუფის შვილობილმა კომპანიამ, „ვიბრო დიაგნოსტიკმა“ 2021 წელს სასამართლოში უჩივლა „ბათუმის ნავთობტერმინალს“, საქართველოში ყველაზე მსხვილ ტერმინალს, რომელსაც ყაზახური სახელმწიფო კომპანია ფლობს.
რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა 2023 წელს ექსკლუზიურად მოიპოვა ამ სასამართლო დავის დოკუმენტები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტებთან ერთად შეისწავლა.
„სასამართლომ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ბათუმის ტერმინალის უფლებებს მნიშვნელოვნად ლახავს“, - უთხრეს TI საქართველოს იურისტებმა რადიო თავისუფლებას.
ყაზახურ კომპანიას, რომელსაც, იურისტების შეფასებით, სასამართლოს „დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზარალებს“, კომენტარი არ გაუკეთებია.
რადიო თავისუფლებისთვის ჩხარტიშვილის კომპანიიდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილს გავლენა არ გამოუყენებია და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მათი დასაბუთებული არგუმენტები გაიზიარეს.
ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში.
იყო ტელეკომპანია „მზის“ მეწილე, - მისი თქმით, წილი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მუქარის ფონზე გადაუფორმა დავით ბეჟუაშვილს.
ჰქონდა დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთანაც სხვადასხვა ბიზნესთან დაკავშირებით. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
არის მილიონერი და დაახლოებულია ბიძინა ივანიშვილთან/„ქართულ ოცნებასთან“.
მისი სახელი ხშირად ჩნდება ოპოზიციური და კრიტიკული მედიის სათაურებში.
ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის, სკანდალში გახვეული CEFC-ის აქტივები საქართველოში მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი, დამფუძნებლის გაუჩინარების შემდეგ, გაკოტრდა.
2024 წელს მხარი დაუჭირა მეორედ ინიციირებულ „აგენტების კანონს“ და მას, „ქართული ოცნების“ მსგავსად, „გამჭვირვალობის კანონს“ უწოდებდა. ასევე, ამბობდა, რომ „ბიზნესი და ეკონომიკა არ უნდა გახდეს პოლიტიკური დებატების მძევალი“.
ვანო ჩხარტიშვილია ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომლისთვის სანქციების დაწესებასაც ითხოვს ევროპარლამენტი 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციით.
მისი სახელი შესულია სიაში, რომელიც, ევროპარლამენტის თანახმად, წარმოადგენს „ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.
რაზე დავობდა ჩხარტიშვილის კომპანია
საქმე, რომელზეც სალიხ შაინიძემ იმსჯელა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ასეთი იყო:
ბათუმის ნავთობტერმინალი 2006 წლიდან არის ყაზახური სახელმწიფო კომპანიის, „ყაზტრანსოილის“ საკუთრება. ამ კომპანიას ბათუმის საზღვაო ნავსადგური 2055 წლამდე იჯარით აქვს აღებული.
ვანო ჩხარტიშვილის „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ, „ვიბრო დიაგნოსტიკმა“, ბათუმის ნავთობტერმინალთან 2014 წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა.
„ვიბრომ“ ტერმინალისგან იჯარით (აღნაგობის უფლებით) აიღო დაახლოებით 13 ათასი კვ.მ. მიწა, სადაც 11 რეზერვუარით მცირე ნავთობტერმინალი მოაწყო.
პირველმა უთანხმოებამ ყაზახურ კომპანიასა და ჩხარტიშვილის კომპანიას შორის თანამშრომლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ იჩინა თავი.
სასამართლომდე დავა მოგვიანებით მივიდა, როდესაც ნავთობტერმინალმა „ვიბროს“ საბოლოო უარი უთხრა დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემასა და ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე.
„ვიბრო დიაგნოსტიკმა“ პარტნიორს სასამართლოში 2021 წლის იანვარში უჩივლა.
ჩხარტიშვილის კომპანია ირწმუნებოდა, რომ ამ უარის გამო ვერ გაფართოვდა და მილიონობით ლარი იზარალა.
ყაზახურმა კომპანიამ სასამართლოს უთხრა, რომ
- ბათუმის ნავთობტერმინალი 2014 წლის შეთანხმებით არ იყო ვალდებული, დაეკმაყოფილებინა ჩხარტიშვილის კომპანიის ახალი მოთხოვნები;
- ამავე დროს, „ვიბროსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობას კეთილსინდისიერად იცავდა.
ჩხარტიშვილის „ვიბრო დიაგნოსტიკმა“ სასამართლოში სამი მოთხოვნა დააყენა:
- ბათუმის ნავთობტერმინალისთვის 12,4 მლნ დოლარის გადახდის დაკისრება;
- ტერმინალის დავალდებულება, რომ “ვიბროსთვის“ მიწა გამოეყო და დახმარებოდა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობაში;
- “ვიბროსთვის“ სასურველი ტარიფით მომსახურება, ტერმინალისთვის ამ ტარიფის ცალმხრივად შეცვლის აკრძალვა.
სალიხ შაინიძემ „ვიბროს“ ყველა მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და ბათუმის ნავთობტერმინალს 12,4 მლნ დოლარის გადახდა, ჩხარტიშვილის კომპანიისთვის მიწის გამოყოფა, ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარება და მისაღები ტარიფით მომსახურება დაავალა.
„რაც სისტემას უნდა“ - კვლავ ამაღლობელის საქმეზე
შაინიძის მიერ მზია ამაღლობელის დაჯარიმების შემდეგ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ, - რომელიც მედიამენეჯერის ინტერესებს იცავს, - განაცხადა, რომ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდება და ამაღლობელის სიმართლე დამტკიცდება.
წინა სხდომაზე, 2025 წლის 13 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა, რომ აღარ სჭირდებოდა დამატებითი მოწმეების, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაბარება სასამართლოში, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით ისედაც დაინახა, რომ მზია ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა პოლიციელებს და „დამკავებელი პოლიციელიც“ არ იყო ის, ვინც ოქმშია მითითებული.
წინა სხდომის მიმდინარეობისას მას არაერთხელ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ამაღლობელის ადვოკატების მიერ მოწმეთათვის დასმულ კითხვებზე თავისი გამოხატული პროტესტი მიეღო, თუმცა შაინიძე არ პროტესტს არ ითვალისწინებდა.
საბოლოოდ, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
„მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე“, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე და განმარტავს:
„განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე „აბრაზებს“ საკუთარი "სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, „შერჩევითი სამართალია“? თუმცა ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა“.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა“.
„შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.
ფორუმი