Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია"


“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორს, მზია ამაღლობელს 14 იანვარს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად. მის ბრალდებას და სასჯელს უსამართლოდ მიიჩნევენ იურისტები და უფლებადამცველები.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორს, მზია ამაღლობელს 14 იანვარს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად. მის ბრალდებას და სასჯელს უსამართლოდ მიიჩნევენ იურისტები და უფლებადამცველები.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლში, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, სილის გაწვნა თუ ალიყური ნახსენები არ არის.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, კვლავ საპატიმროში რჩება ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციების სხვა არაერთი მონაწილე.

„პოლიციელი ხელშეუხებელია“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც დაკავებულთა სასტიკი და ხშირად ჯგუფური ცემის ფაქტებზე, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დაუსჯია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.

ძალოვნების დაუსჯელობას უფლებადამცველები ხელისუფლების რეპრესიული ხელწერის ნაწილად განიხილავენ და მათი დაკვირვებით, „მთელი სისტემა ახლა პოლიციელებზე დგას“.

არის თუ არა სილის გაწვნა თავდასხმა?

იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილის თანახმად, „სილის გაწვნა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება თავდასხმად“ და ნებისმიერი ინტერპრეტაციის შემთხვევაში - „როგორი ფართოც არ უნდა იყოს იმ ქმედებათა შესაძლო კატალოგი, რომელიც აკმაყოფილებს “თავდასხმის” შემადგენლობას“.

„სილის გაწვნა ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსში ხვდება… სილის გაწვნა, თავისი არსით - ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის, როგორი ავტორიტეტული, როგორი პატივსაცემი ადამიანის მიმართაც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელსაც მოსდევს საპატიმრო სასჯელი და საკმაოდ დიდი“, - ეუბნება ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებას და განმარტავს: „იმისთვის, რომ ქმედებამ მიაღწიოს სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას, ის საკმარისად ინტენსიური უნდა იყოს“ და „თუკი ამ მუხლის მიზანი სილის გაწვნის აკრძალვა იყო, კანონის მიმღები სხვა ენას გამოიყენებდა, არ გამოიყენებდა სიტყვას - თავდასხმა“.

ნაცვლიშვილის შეფასებით, სილის გაწვნა წარმოადგენს ბრაზის გამოხატულებას, რომელიც შესაძლოა შეურაცხყოფას მოჰყვეს და ის არ გულისხმობს „ადამიანისთვის დაზიანების ან ფიზიკური ტკივილის მიყენებას“ და ამიტომ, ეს ქმედება არა სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი შეეხება - პოლიციელზე, „ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე“ თავდასხმას - „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, სილის გაწვნა ვერ ჩაითვლება თავდასხმად, რადგან - თავდასხმა „გაცილებით მასშტაბური“ რამ არის და თავდასხმა იქნებოდა ძალადობა „იარაღით, დანით, ჯგუფურად ან სხვა უფრო საშიში/ინტენსიური მეთოდების გამოყენებით“.

დგინდება თუ არა აუცილებელი პირობის არსებობა?

,,კანონის უზენაესობის ცენტრის“ თანახმად:

  • ქმედების თავდასხმად კვალიფიცირებისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს სავარაუდო დამნაშავე პირის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება - დაზარალებულის პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ;
  • მინიმუმ უნდა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაზარალებულის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე და „რომ არა პოლიციელის სამსახურებრივი და კანონისმიერი ქმედებები, მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ადგილი არ ექნებოდა“.
  • თუკი ასეთი გარემოებები ვერ დგინდება, 353-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილი იცვლება 126-ე მუხლით (ძალადობით), რაც არცთუ იშვიათად ხდება სასამართლო პრაქტიკაში [ამ შემთხვევაში დანაშაული მაქსიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და საპატიმრო სასჯელი იშვიათად გამოიყენება].

არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,კანონის უზენაესობის ცენტრის“ შეფასებით, „საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცალსახად არ დგინდება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კავშირში იყო ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან“.

საქმეში ჩახედულ პირთა ინფორმაციით, - მათ შორის არიან თვითმხილველებიც, - ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მედიის წარმომადგენელს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც საპასუხოდ სახეში ხელის გარტყმა მოჰყვა.

თავად მზია ამაღლობელი, „ნეტგაზეთისთვის“ საპატიმროდან მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალი „რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია“.

„მზია ამაღლობელი მოქმედებდა მძიმე შეურაცხყოფისგან გამოწვეული წყენის გამო და არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული და იგი არ იყო მოტივირებული პოლიციელის საქმიანობით“, - ვკითხულობთ „კანონის უზენაესობის ცენტრის“ მიერ 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ლონდა თოლორაია გვეუბნება, რომ პოლიციელის ქმედებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად ისედაც ვერ ჩაითვლება, რადგან დღეს „პოლიციელი კანონს არ აღასრულებს“, „იცავს რეჟიმის ინტერესებს“ და პოლიციელის რეპუტაციას თავად „ქართული ოცნება“ ხელყოფს.

მზია ამაღლობელის გარდა, განსხვავებულ გარემოებებში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, დაკავებულია პროევროპული აქციების კიდევ 8 მონაწილე.

მათაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა ზოგს გდდ-ს თანამშრომლისთვის მოლოტოვის კოქტეილის, ზოგს სამართალდამცველებისთვის პიროტექნიკის სროლას; ან მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანის დაზიანებას; პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას; ხელკეტით პოლიციელის დაზიანებას თუ „ჯოხის მსგავსი საგნით“ სამი პოლიციელის დაზიანებას ედავება.

იურისტები ამბობენ, რომ ბრალდებები არასათანადოდ დასაბუთებული და უსამართლოა.

„დღეს დაკავებული ადამიანებიდან ზოგი საერთოდ მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული; ზოგი იმაზე მძიმე ბრალით არის დაკავებული, ვიდრე ეს სახეზეა… ამ დროს კი, არ გვყავს არცერთი გასამართლებული და დაკავებული მოხელე, არცერთი სამართალდამცავი, რომელმაც კანონი დაარღვია. დღეს ჩვენ არანაირ სამართლიანობაზე არ შეგვიძლია ლაპარაკი“, - ეუბნება ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ქვეყანაშია შერჩევითი სამართალი „განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და განსაკუთრებით მათ მიმართ - ვინც ამ ხელისუფლების რეალურ სახეზე საუბრობს და აქციებზე დგას“.

"პოლიციელი ხელშეუხებელია" - მოძალადე ძალოვნები არ დასჯილან

„სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას, ყველა ფაქტთან მიმართებით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, 15 იანვარს, მედიის შეკითხვას იმ პოლიციელების დაუსჯელობასთან დაკავშირებით, რომლებმაც სასტიკად იძალადეს ჟურნალისტებსა თუ აქციის მონაწილეებზე.

„ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს“, - ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია. კობახიძე მზია ამაღლობელს თვლის არა ჟურნალისტად, არამედ - „პარტიულ აქტივისტად“, ხოლო მისთვის წარდგენილ, ჯერ დაუდასტურებელ ბრალდებაზე მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ჩადენილია „ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული“.

  • ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების ფარგლებში „ოცნების“ ხელისუფლებამ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები აღიარა, მაგრამ - მხოლოდ ზეპირად. აღიარებას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.
  • დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეების განხილვისას მოსამართლეები, როგორც წესი, არ ითვალისწინებდნენ სამართალდამცველების მიერ მათი ცემის ფაქტებს. დაკავებულთა დიდი ნაწილის დაზიანებები ხილული იყო.

ადამიანის უფლებების დარღვევა და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი ძალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის შსს-ის მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი - გომელაური დააჯილდოვა და ჩინიც მოუმატა.

საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის ზრდაზე ლაპარაკობენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ოცნების“ „მჩაგვრელ ტაქტიკას“ ქვეყნისთვის დამაზიანებლად თვლის.

დღეს არსებულ რეალობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანად პოლიციაზე ამყარებს იმედს და, შესაბამისად - ყოველმხრივ იცავს მას, - ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი:

„მთავრობას საზოგადოებაზე ზემოქმედების ორი ფორმა აქვს: 1. დაარწმუნოს, რომ სწორად იქცევა, ან 2. პოლიციის ძალით აჩვენოს, რომ სწორად იქცევა… დარწმუნების მექანიზმი არ მუშაობს და ამიტომ - ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მთელი აქცენტი და მთელი სიმძიმის ცენტრი გადატანილია პოლიციაზე. მომდევნო პერიოდშიც, როგორც ჩანს, პოლიციაზე დაყრდნობა მოუწევს, რომ გააკონტროლოს ეს პროტესტი“. მისივე თქმით, მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების საქმეები „ქართული ოცნების“ მიერ „სამართლის ინსტრუმენტალიზებაზე“ მიუთითებს და, ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ეს პრაქტიკა „სამართლის საკუთარ სამსახურში ჩაყენებას“ გულისხმობს.

„სამართლის ინსტრუმენტალიზების“ მიზანი, ვახტანგ ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონის აღსრულების დადებითი მოტივით ოპონენტებზე შურისძიების გადაფარვაა, რაც „საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე მუშაობს“. სწორედ ამ პროცესის ნაწილად განიხილავს იურისტი „რეპრესიული კანონების“ დამტკიცებას - აქციებზე ნიღბის ტარებისა თუ პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ.

  • უსამართლო ბრალდების გარდა, იურისტები, უფლებადამცველები და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებენ მზია ამაღლობელისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას - რადგან ვერ ხედავენ შესაბამის საფუძვლებს - ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს.
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძვლად - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკები დაასახელა. „აბსტრაქტული, შაბლონური და სუბიექტური“, - მოსამართლის გადაწყვეტილება ასე შეაფასეს უფლებადამცველებმა.

ალიყური და დანაშაული - რა ხდება სხვაგან?

ახლო წარსულში, ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში რეზონანსული იყო საქმე, როდესაც 16 წლის მოზარდმა გოგომ, ურთიერთშელაპარაკების დროს, პოლიციელს სილა გააწნა. პოლიციის უფროსმა საქმის აღძვრა თავდასხმის კვალიფიკაციით მოითხოვა/ოლქის პროკურორმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.

ამერიკელი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ პროკურორი სწორად მოიქცა, რადგან სილის გაწვნა არ მიესადაგება ფორმულირებებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში თავდასხმის შემთხვევებს აღწერს.

თავდასხმის კვალიფიკაცია რამდენიმე კატეგორიად იყოფა - სიმძიმის მიხედვით, უმძიმესი შედეგის - სიკვდილის ჩათვლით.

ქმედება მძიმე კატეგორიის თავდასხმად რომ მიიჩნიონ, ის უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ პირობებს:

  • ქმედება უნდა იწვევდეს დაზარალებულის სიკვდილის რისკს თუ სხეულის რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევას.
  • ასეთ შემთხვევებში ძირითადად ლაპარაკია თავდამსხმელის მიერ ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე.
  • ამასთან, ქმედება უნდა იყოს მიმართული დაზარალებულის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულების წინააღმდეგ.

თავდასხმის უფრო მსუბუქ კატეგორიად ითვლება, თუკი ინციდენტის შედეგად:

  • დაზარალებულს აღენიშნება მხოლოდ სხეულის მსუბუქი დაზიანება;
  • ასეთ დროს ,დაზარალებულს უნდა აღენიშნებოდეს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და ძლიერი ტკივილი.
  • ასეთი თავდასხმის ფარგლებში იგულისხმება მუშტითა თუ ფეხით დარტყმა, სახესა თუ მუცელში.

პოლიციელზე თავდასხმისთვის მინიმალური სასჯელი - 2 წელია და სიმძიმის მიხედვით, ის შესაძლოა სამუდამო პატიმრობამდეც კი გაიზარდოს.

ამერიკელი იურისტები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ მსუბუქი კატეგორიის თავდასხმა შესაძლოა მძიმე კატეგორიად ჩაითვალოს, თუკი დაზარალებული პოლიციელია. მაგრამ სხვადასხვა წყაროს მიხედვით, იურისტები ასევე განმარტავენ, რომ - ალიყური არ ითვლება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი სამიზნე პოლიციელი თუ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი.

საგანგებოდ აღნიშნავენ იმასაც, რომ სილის გაწვნას არ შეუძლია, კანის სიწითლის გარდა, რაიმე სახის დაზიანება ან ტკივილი გამოიწვიოს.

„ერთი ალიყური, გაშლილი ხელით, რომელიც არ იწვევს არანაირ დაზიანებას, ვერ ჩაითვლება თავდასხმად, პენსილვანიის კანონის თანახმად“, - აცხადებს ამერიკელი ადვოკატი ზაკ გოლდშტაინი.

„ალიყური ხშირად აღიქმება უფრო უპატივცემლობის გამოვლინებად, ვიდრე ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობად“, - კანონით კი, თავდასხმისას უნდა იყოს ან სხეულის დაზიანება, ან დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. მსგავსი ჩანაწერები იძებნება ამერიკის სხვა შტატების კანონმდებლობაშიც.

2021 წელს ივნისში, საფრანგეთში, სილა გააწნეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. საფრანგეთის მოქალაქე დამიან ტარელს სინანული არ გამოუხატავს, მაგრამ მაინც შეუმსუბუქდა 3-წლიანი პატიმრობის შესატყვისი თავდაპირველი ბრალდება. ახალგაზრდა კაცს ციხეში ყოფნის ვადა 4 თვემდე შეუმცირეს, 14-თვიანი პირობითი სასჯელის დამატებით.

დიქტატორ ლუკაშენკას ბელარუსში კი, 2018 წელს, პოლიციამ, ვიდეოკამერის წინ, საჯარო ბოდიში მოახდევინა მოზარდს, რომელმაც პოლიციის ქანდაკებას გააწნა სილა.

ალიყურთან დაკავშირებული დისკუსიების ფონზე, „ნეტგაზეთმა“ გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტი, როცა, სამეგრელოში, მოქალაქე მაკა სახურიამ [მაშინდელი ოპოზიციონერის - ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ] სილა გააწნა პოლიციის იმდროინდელ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას, რომელიც შემდეგ არაერთ მძიმე დანაშაულში იქნა მხილებული და ამჟამად პატიმარია.

„სილის გაწვნისთვის მაკა სახურიასთვის ბრალი არავის წარუდგენია“, - წერს „ნეტგაზეთი“ ჰეშტეგით #თავისუფლებამზიას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG