Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ინდულგენცია გაფუჭებულ საქმეებზე" - "ოცნება" ისევ ოპონენტების დასჯის გეგმას უბრუნდება


"ქართული ოცნების" პარლამენტში ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავენ. კვლევის საგანია 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია დასავლეთის გარე დაკვეთად თვლიან.
"ქართული ოცნების" პარლამენტში ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავენ. კვლევის საგანია 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია დასავლეთის გარე დაკვეთად თვლიან.

პოლიტიკური კრიზისის, მძიმედ ნაცემი მომიტინგეების, პოლიტიკოსების, ბუნდოვანი მიზეზით დაკავებული ახალგაზრდების, უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, „ოცნება“ და მისი მოკავშირეები ისევ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“ და ჯაშუშების გამოვლენა-გასამართლებაზე ლაპარაკობენ.

წინასაარჩევნო დაპირებების შესაბამისად, სადავო პარლამენტში ჩაფიქრებულია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გარემოებებსაც გამოიძიებს; პარალელურად - ჯაშუშების გასამართლების მოთხოვნით, საჩივარი მზადდება პროკურატურისთვის.

დიქტატურის გაბატონება, ოპონენტების განადგურება, სახელმწიფოს დაქცევა, მტრისთვის თავის დახრა - თავის მხრივ, ასე ხედავენ „ქართული ოცნების“ განზრახვებს ოპონენტები, ვინც მმართველმა პარტიამ მიზანში ამოიღო.

წარსულის შეხსენება

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის შექმნას სადავო პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველსავე კვირაში, თებერვალში, გეგმავენ.

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2003-2012 წლებში, თანამდებობის პირების სისტემური და ინდივიდუალური დანაშაულები [6 თვის განმავლობაში] უნდა გამოიძიოს და შემდეგ - პროკურატურის დახმარებით დასაჯონ ისინი. აპირებენ პარტიის აკრძალვასაც - საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევით.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებას და ასევე ამოძრავებთ მიზანი, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარსული შეახსენონ - „რათა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის განსხვავება კარგად დაინახონ!“.

„ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არის დამნაშავე ორგანიზაცია“, „ვიდრე "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, - უთხრა ჟურნალისტებს „ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტით ჩართვას გეგმავენ სწორედ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიით იყარეს კენჭი და შემდეგ ისევ გამოეყვნენ მას.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გედევან ფოფხაძე გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე ლაპარაკი აბსურდია, ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ და თანაც, იმ პირობებში, როდესაც მაშინდელი თანამდებობის პირების ლამის 80% „ქართულ ოცნებაშია“ „გადაბარგებული“.

„["ოცნების" მხრიდან] ეს არის საკუთარ ანგარიშვალდებულებაზე უარის თქმა. ამბობს - მე იმას ვჯობივარ, ადრე რომ იყოო და მაგიტომ უნდა დავრჩე ხელისუფლებაშიო. მაშინ, ასეთივე წარმატებით, შეიძლება კომუნისტური პარტია გაასამართლო, რომანოვების დინასტია გაასამართლო… შეგიძლია გამოძიება აქციო პოლიტიკურ ფონად და ინდულგენცია მიიღო შენ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე“, - გედევან ფოფხაძე გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაფაროს ბრალდებები და მათ შორის - მომიტინგეებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე სასტიკი ძალადობისა თუ კორუფციის შესახებ.

ადამიანის უფლებების დარღვევა და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი ძალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის ზრდაზე ლაპარაკობენ.

  • თვითმხილველების თქმით, 14 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ექსპრემიერ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები. „ოცნება“ აცხადებს, რომ ჩხუბი გახარიამ დაიწყო.
  • 14 იანვარს, ცოტა ხნით ადრე, იმავე სასტუმროში, თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც თავდამსხმელებად იმავე პირებს ასახელებს.
  • 13 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას, თავს დაესხნენ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს.

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“ და „მათი სატელიტების“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების მოკლე ნუსხაში იყო.

„უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია“, „გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ“, - თქვა ივანიშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პროსახელისუფლებო „იმედთან“. ივანიშვილი ამბობდა, რომ გასამართლებას უპირებს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას, მისი პარტიის წარმომადგენლებიანად - „სასამართლოს დონეზე ყველა დოკუმენტი დალაგებული“ გვაქვსო.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნეა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა ქვეყანაში „თავისუფლების ყველა კუნძულის გაუქმებას გულისხმობს“ - ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის ჩათვლით.

„"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი რუსული ინსტრუქცია იყო, რადგან, 2003-დან 2012 წლებში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა - მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნეს ხავერდოვანი რევოლუციის ["ვარდების რევოლუცია"] ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი, ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი იმ მხრივ, რომ რეგიონის ისტორიაში, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა პირველად იქცა ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და პუტინს გაუწიეს სამხედრო წინააღმდეგობა, რაც კრემლისთვის პრობლემური იყო. კრემლს დასჯის სურვილი ამოძრავებდა“, - ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება ისედაც დაწყებული აქვს და საპატიმროშია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს ოპოზიცია. „ოცნება“ კი - გასამართლებით იმუქრება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის წესით დასჯა და ამიტომ, ოპოზიციას სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევს:

„ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - უთხრა მედიას კობახიძემ.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „თუკი "ქართული ოცნების" რეჟიმის დემონტაჟი უახლოეს თვეებში ვერ მოხდა, მაშინ ყველას აკრძალვა, გაუქმება და დაპატიმრება“ ელის.

აგვისტოს ომი - ერთ-ერთი მიმართულება

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის გეგმის თანახმად, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი იქნება.

„ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ["ნაციონალური მოძრაობის"] დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია“, - უთხრა ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

  • „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის დაწყებას, უკვე დიდი ხანია - სწორედ წინა ხელისუფლებას აბრალებს, რაც ანალიტიკოსებისთვის - საქართველოს დადანაშაულებას ნიშნავს.
  • ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ ისიც მკაფიოდ განაცხადა, რომ აგვისტოს ომი გარე დაკვეთით დაიწყო - „გლობალური ომის პარტიის“ განზრახვით. ეს ნარატივი ბევრისთვის სრულად გამორიცხავს აგვისტოს ომში რუსეთის ბრალეულობას.

2024 წლის 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს“.

„ეს პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა. რუსეთის სასარგებლოდ ბრალდების მოწმედ გამოდიან“, - ომის დასავლეთის დაკვეთით დაწყების ნარატივი პირდაპირ კრემლის მესიჯების გახმოვანებაა გედევან ფოფხაძისთვის და ამავე რიგიდან არის დასავლეთის ზეწოლით „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაც - რაზეც „ოცნება“ ხშირად ლაპარაკობს.

„ეს დე ფაქტო ხელისუფლება გვეუბნება - რუსეთი კი არ არის აგრესორი, აგრესორია ამერიკა და ევროპა - რომელმაც განაპირობა ომი. ეს არის ყველაზე ამორალური პოზიცია, რაც შეიძლება ქართველ ადამიანს ჰქონდეს… ფაქტობრივად, ეს იქნება აღიარება, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება შემოსულიყო ტანკებით, დაეხოცა ჩვენი ხალხი. "ქართული ოცნების" ამ ლოგიკით, საქართველოს პრეტენზია ვეღარ ექნება ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გედევან ფოფხაძე და დასძენს, რომ თუკი „გარე დამკვეთების“ საკითხი „ოცნებამ“ დადასტურებულად გამოაცხადა, ეს ხელს შეუწყობს რუსეთს:

  • საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია;
  • დამატებითი არგუმენტები მოიპოვოს და სალაპარაკო მიეცეს უკრაინაში ომის გასამართლებლად.

აგვისტოს ომის გამოძიებასა და გარე დაკვეთაზე ლაპარაკი ერთი წლის წინ „ხალხის ძალამ“ დაიწყო, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყოფილი ფეხბურთელი - მიხეილ ყაველაშვილი - „ოცნებამ“ პრეზიდენტად შეარჩია და, საარჩევნო კოლეგიაში დომინაციის პირობებში, არაპირდაპირი გზით აირჩია კიდეც.

ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ, 2004-12 წლებში, საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.

პარალელურად ეძებენ ჯაშუშებს

პოლიტიკაში „ჯაშუშური ქსელის“ გამოვლენა და დასჯა თავის თავზე აიღო - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და მოკავშირე ორგანიზაციამ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლებს გასამართლებით ემუქრებოდა.

ეს ორგანიზაცია ახლა პროკურატურაში წარსადგენ საჩივარს ამზადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც „ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ“. ამ ნაბიჯით, ვატო შაქარიშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ბიძინა გიორგობიანი და სხვები აპირებენ „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის მუშაობის „არასაკმარისი“ არეალის შევსებას.

„საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში 4 რადიკალური ოპოზიციური პარტიით [რომლებმაც, ცესკოს მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს] არის წარმოდგენილი… ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - წერია ორგანიზაციის 10 იანვარის განცხადებაში.

„ნეიტრალური საქართველოს“ საქმიანობას ფართოდ აშუქებს პროსახელისუფლებო „იმედი“.

26 ოქტომბრის არჩევნების წინ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აფრთხილებდა ამომრჩევლებს, რომ „უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს“ და „მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი“.

ახალ რეალობაში

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ოპოზიციასთან ბრძოლის ფრონტი არჩევნების შემდეგ შექმნილი სრულიად ახალი რეალობის ფონზე გაშალეს, რაც, ბევრის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანის მიზანს ემსახურება.

დღევანდელი ვითარება ასეთია:

  • ოპოზიცია სადავო პარლამენტში არ შედის.
  • ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნები გაყალბებულად, ხოლო პარლამენტი - არალეგიტიმურად არის გამოცხადებული.
  • საერთაშორისო პარტნიორები, პირდაპირ თუ ირიბად, მიანიშნებენ - ახალი არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე.
  • არჩევნებში გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიულოცა - ძირითადად უახლოესი სამეზობლოდან. საყოველთაო მილოცვის გარეშე დარჩა „ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი.
  • ევროკავშირმა, აშშ-მა და მთელმა რიგმა ქვეყნებმა სავიზო შეზღუდვები და სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ მათ მოკავშირეებს.
  • აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ქართული ოცების“ მილიარდერი დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
  • აშშ და ევროკავშირი დამატებით შემზღუდველ ზომებს აანონსებენ.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ქუჩაში გამოსული ხალხი უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეებისა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. უკვე 50 დღეა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს.

მწვავე პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, იზოლაციის პირობებში, ექსპერტები მწვავე ეკონომიკურ კრიზისსაც მოელიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG