Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: "ზურაბიშვილი მოეწყო რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში"


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაოდ მოეწყო „რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში“.

სალომე ზურაბიშვილი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელეს. ამის შესახებ მან 9 იანვარს განაცხადა:

"ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას".

ლავროვმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა ვენესუელაში არსებულ მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვას - 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, თუმცა დასავლეთის ქვეყნები არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს მიიჩნევენ.

„შესაძლოა, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გონსალესმა, ისევე როგორც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გუაიდომ (ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხუან გუაიდო. რედ.) მიბაძოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს - ის ხომ ძალიან მტკიცედ ამბობდა, რომ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო, იჯდებოდა იმ სასახლეში და გასცემდა ბრძანებებს. დილით წავიდა და მოეწყო რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში. ძალიან რთულია ამ თემის კომენტირება, იმიტომ რომ ეს სრული ფარისევლობაა, სრული დიქტატი, ადამიანების უპატივცემულობა და, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობების კოლოსალურად გადაჭარბებულად შეფასება“, - თქვა ლავროვმა.

ის ირწმუნება, რომ საქართველოში არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ აღმოუჩენიათ.

„შეხედეთ, როგორც დასცინიან ქართველ ხალხს, გვაბრალებდნენ, თითქოს იქ რაღაც მოვაწყვეთ, ეს ფორმულა ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ლეგიტიმურად, არა, მათ არ მოსწონთ“, - თქვა მან.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ეუთომ და მისმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-ი) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნათქვამია, რომ „ფინალურ ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პრობლემები, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“.

ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG