„2024 წელს, საქართველომ, ადამიანის უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვნად უკან დაიხია“ - წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების შემზღუდველ ორ „რეპრესიულ“ - „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო - კანონზე, საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, მმართველი პარტიის მიერ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების „გადავადებით“ გამოწვეული სახალხო მღელვარების საპასუხოდ ხელისუფლების ქმედებებზე.
ორგანიზაციის თანახმად, შარშან, „პოლიციამ მეტწილად მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ არაერთხელ გადაამეტა ძალას".
„პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ უსაფუძვლოდ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პოლიცია სცემდა, დევნიდა და აკავებდა მეტწილად მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალადობრივი ჯგუფები მათ ცემაში მონაწილეობდნენ. პროტესტში მონაწილე რამდენიმე ასეული ადამიანი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მათგან ბევრმა დაკავებისას ცემის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა; ათეულობით მათგანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა“, აღნიშნულია ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
გაზაფხულზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ არამართლზომიერი ძალის გამოყენების შემთხვევებთან ერთად, ორგანიზაცია ასევე ყურადღებას „ზედაპირულ“ სასამართლო მოსმენებზე ამახვილებს, სადაც არაერთ დაკავებულს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია „აგენტების კანონის“ კრიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული შევიწროებისა და დაშინების - „როგორც ჩანს, კოორდინირებული“ - კამპანია, რომელიც აპრილ-ივნისის პერიოდში მათზე ჯგუფურ თავდასხმებშიც გამოიხატა.
ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ამ თავდასხმების მახლობლად განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების არსებობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს ერთი თავდამსხმელიც არ გამოუვლენიათ.
ეს გარემოება, როგორც HRW ამბობს, „ეჭვებს აღძრავს გამოძიებების მიმართ“.
26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვისას, ორგანიზაცია როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა, რომლებიც, სხვა პრობლემებთან ერთად, საჯარო მოსამსახურეებზე პოლიტიკური ზეწოლის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მასობრივ პრობლემებზე საუბრობდნენ.
ანგარიშში ნახსენებია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ არ გამოიძია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისში გატაცების, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და წამების და აზერბაიჯანისთვის „უკანონო გადაცემის“ ბრალდებები.
უახლეს ანგარიშში HRW ყურადღებას გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ივნისის დადგენილებაზეც ამახვილებს. დადგენილების მიხედვით, საქართველომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების უფლებები დაარღვია.
შარშანდელი წლის მიმოხილვისას, ორგანიზაციამ ცალკე თავი დაუთმო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმოებულ ბრძოლებს.
მასში HRW-მა, სხვებს შორის, ყურადღება გაამახვილა ივლისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ ქუჩის პროტესტზე, კენიაში გადასახადების ზრდის კანონპროექტის საწინააღმდეგო გამოსვლებზე, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებზე, და სამხრეთ კორეაში პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის და მისი რეპრესიული კანონების საწინააღმდეგო სახალხო მღელვარებაზე.
„საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეეწყვიტა, რაც ბევრისთვის დემოკრატიული ღირებულებებისგან მთავრობის მკვეთრი გადახვევისა და ავტორიტარიზმისკენ მიბრუნების ნიშანი აღმოჩნდა“, - წერს HRW თავში „სახალხო წინააღმდეგობის ძალა“.
2024 წლის შემაჯამებელ სხვა თავში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ წელს მომსწრენი გავხდით „იმ ადამიანების გამძლეობისა, ვინც ჩაგვრისთვის წინააღმდეგობის გაწევას ბედავს და, იმავდროულად, ისეთი გამბედაობის ძალისა, რომელიც ყველაზე ბნელ პერიოდშიც პროგრესის მომტანია“.
„აქტივისტები, რომლებიც ცვლილებებისთვის იბრძვიან საქართველოში, ბანგლადეშსა და კენიაში, და ამომრჩევლები, რომლებიც ავტორიტარიზმს უარყოფენ ისეთ საკვანძო არჩევნებში, როგორიც ვენესუელაში გაიმართა [...], შეგვახსენებს, რომ უფლებებისთვის ბრძოლა კვლავ ცოცხალია“. - წერს HRW.
ფორუმი