Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დარღვევები დაადგინა


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე - “მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დარღვევები დაადგინა.

საქმე ეხება 2017 წელს, თბილისიდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას საქართველოდან აზერბაიჯანში, მის შემდგომ დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას.

აფგან მუხთარლი ამტკიცებდა, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებას და ჟურნალისტური საქმიანობისთვის დასჯას ისახავდა მიზნად.

მუხთარლი საქართველოს უჩიოდა მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობის, აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო და ასევე, ედავებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ საქმის ეფექტურად გამოუძიებლობას.

აზერბაიჯანს კი ჟურნალისტი უჩიოდა დაკავების და დაპატიმრების უკანონობის, არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი დაცვის უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევის გამო.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, რომ დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია დაკავების და აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის ფაქტი.

აფგან მუხთრალი და არჩილ ჩოფიკაშვილი
აფგან მუხთრალი და არჩილ ჩოფიკაშვილი

“სასამართლო პირდაპირ მიუთითებს გადაწყვეტილების 167-ე პარაგრაფში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან 7 წელია გასული, საქართველომ არანაირი ვერსია არ წარმოადგინა, როგორ აღმოჩნდა მუხთარლი თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანში. საქმის გამოუძიებლობა, რაც დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, ისევ ღიად ტოვებს ყველა შეკითხვას”, - უთხრა აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სასამართლომ საქართველოს მუხთარლის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ევროს გადახდა, ასევე ხარჯების, 2500 ევროს გადახდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ევროპულმა სასამართლომ მის მიმართაც დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლების დარღვევა.

“სასამართლომ თქვა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრება (მოსამართლის მიერ პატიმრობის ნებართვის გაცემა) იყო დაუსაბუთებელი და ასევე მიიჩნია, რომ მობილური ტელეფონის ჩხრეკა სასამართლო კონტროლის გარეშე მე-8 მუხლის დარღვევას წარმოადაგენსო", - განმარტავს არჩილ ჩოფიკაშვილი.

სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა მუხთარლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 6000 ევროს და ხარჯების 2500 ევროს გადახდა.

ადვოკატის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საგამოძიებო სტრუქტურები არაეფექტიანად მუშაობენ და საქმეს ვერ იძიებენ.

შვიდი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელია კითხვა - ვისი დავალებით და რატომ გაიტაცეს აფგან მუხთარლი.

არჩილ ჩოფიკაშვილს ასევე ვკითხეთ, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას, რაზეც მისი პასუხია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ახლა რეაგირება თუ რამ გამოიწვია ეს შედეგები და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

2022 წლის 26 ივლისს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახელით წერილი გავრცელდა, რომელშიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე იყო საუბარი. მისი თქმით, თბილისში მცხოვრები აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, რისი ამსახველი კადრებიც, გოგაშვილის ინფორმაციით, წაშალეს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.

დღესაც აფგან მუხთარლის საქმე არის გამოუძიებელი.

თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ლტოლვილის სტატუსით ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ის აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წელს ძლიერი ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG