Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილს აფგან მუხთარლის საქმეზე ციხეში რამდენიმე საათი კითხავდნენ


ფოტო არქივიდან: სოსო გოგაშვილი სუსში მუშაობის დროს
ფოტო არქივიდან: სოსო გოგაშვილი სუსში მუშაობის დროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოდან წლების წინ გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დაკითხეს. პროკურორი მიხეილ სადრაძე გოგაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით იყო შესული.

"იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ვახტანგ გომელაური. გრიგოლ ლილუაშვილი ნახსენები არ არის. არის კონკრეტულად ერთ-ერთი ფიგურანტი [დასახელებული], რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა, სავარაუდოდ, აღნიშნული დავალება. ეს გვარია კუპრაშვილი... მან [იგულისხმება, სავარაუდოდ, გოგაშვილი] იცის, რომ გომელაურმა აღნიშნული დავალება მიიღო ივანიშვილისგან", - განაცხადა დაკითხვის დასრულების შემდეგ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ დაკითხვა არ დასრულებულა და ამ მიზეზით ამ საკითხზე მედიასთან არ ისაუბრა.

"ეს საგამოძიებო მოქმედება არ დასრულებულა თავად იოსებ გოგაშვილის მოთხოვნის გამო. ბუნებრივია, დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით... მას არ მოუწოდებია სრულად ინფორმაცია და ჩვენც ვერ დავსვით ყველა კითხვა", - თქვა პროკურორმა.

26 ივლისს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახელით წერილი გავრცელდა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შეეხებოდა. მისი თქმით, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, რომლის ამსახველი კადრებიც, გოგაშვილის ინფორმაციით, წაშალეს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.

XS
SM
MD
LG