Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გახარია განმარტავს, რატომ მივიდა წულუკიანის კომისიაზე

გახარია განმარტავს, რატომ მივიდა წულუკიანის კომისიაზე


გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ  „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს განმარტა მიზეზი, რის გამოც მან შეცვალა გადაწყვეტილება და იქ მივიდა.

ყოფილმა პრემიერმა ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ კომისია ეწევა ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამის მაგალითად დაასახელა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორია.

„მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით, რატომ: უბრალოდ, ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, რომ თუ თქვენ არ გაინტერესებთ, ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ და სხვა საქმეებშიც - მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალვას...

რას ვხედავ ამ კომისიაში - მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ“, - მასალა განახლდება.

11 აპრილს თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს კომისიის მანდატზე საუბრის დროს ახსენა ეროვნული გიორგი ანწუხელიძე და თქვა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. კითხვას ვსვამთ, თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს ხალხი გმირები არიან“.

დღეს, 14 აპრილს პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პრესსამსახურმა ჟურნალისტებს მოულოდნელად აცნობა, რომ გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდოდა. ზუსტად 12:00 საათზე, როცა ის იყო დაბარებული, მან მედიისთვის ბრიფინგი დანიშნა, რომელიც გაუქმდა.

თეა წულუკიანის კომისია გახარიას „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე იბარებს - ამ დროს ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იმ ღამეს პოლიციამ იძალადა არაერთ ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე. ორმა ადამიანმა აქციის დაშლის დროს ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. 27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. სწორედ გაფართოებული მანდატის ფარგლებში დაიბარეს გახარია სხდომაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG