Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე მიდის

გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე მიდის


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე მიდის. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე დღეს, 14 აპრილს, 12:00 საათზე ელიან. სწორედ ამ დროს უნდა ჰქონოდა მას მედიისთვის ბრიფინგი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი გადაიდო.

თეა წულუკიანის კომისია გახარიას „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე იბარებს - ამ დროს ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა - იმ ღამეს პოლიციამ იძალადა არაერთ ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზე. ორმა ადამიანმა აქციის დაშლის დროს ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:

  • საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
  • ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
  • კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.

კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:

27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით.

„მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ ოპოზიციონერი ლიდერები „ძლიერი საქართველოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე - ირაკლი ოქრუაშვილი. მათ წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ - მუხლით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

კომისიის სხდომაზე დაიბარეს სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები: ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG