ყოფილი ხელისუფლების მისამართით - აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებები ადრეც ისმოდა, მაგრამ ახლა, აგვისტოს ომის მე-16 და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წელს - „ბრალდებულების“ წრე გაფართოვდა.
ექსპერტების შეფასებით, „ოცნების“ საყვედურები შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება, საგარეო ვექტორს უკავშირდება და ზუსტად ემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის ძირითად მესიჯებს, რაც „დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს მივიდნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ - 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის გამოძიება - მტკიცე გადაწყვეტილებაა, ხოლო ეს საკითხი ახლა იმიტომ წამოიჭრა, რომ სასამართლო პროცესებზე - სტრასბურგსა და ჰააგაში - „ხელისუფლების ძალისხმევით“ გამარჯვება უკვე მიღწეულია.
პრემიერი განმარტავს, რომ სამართლებრივი ფორმა ჯერჯერობით შერჩეული არ არის, მაგრამ „ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა“ და „შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული“.
„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „კოლექტიური“ გასამართლების დროს მოსარჩელის როლი თავად შეასრულოს.
თუკი „ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას გადახედავთ, ნახავთ, რომ გამოძიებამ „გარედან მიღებული“ დავალების ავტორებიც უნდა დაადგინოს.
„ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს“, - წერია პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტში.
და ვისი დავალება?
აგვისტოს ომი - როგორც გარე დაკვეთა, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში 2024 წელს გაჩნდა და თანდათან განიმარტა, რომ ეს იგივე ძალაა - რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა. ამ ძალას „ქართული ოცნება“ ძირითადად „გლობალური ომის პარტიას" არქმევს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზეც ილაპარაკა:
- „მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2012 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“,
- საქართველოს ებრძვის „გლობალური ომის პარტია“, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.
- „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია“.
„ოცნების“ განმარტებით, „გლობალური ომის პარტიას“ ძლიერი გავლენა აქვს როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. მას ზოგჯერ „გარკვეულ ძალად“, „გლობალური ომის ძალად“ და სხვა სინონიმებით ახსენებენ.
20 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში, ხელი აშშ-ისკენ გაიშვირა „ხალხის ძალამ“ - ერთ დროს „ოცნებისგან“ „სიმართლის სათქმელად" გამოყოფილმა, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის ისევ მის წიაღში ბრუნდება.
„სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს "ოკუპანტი", ხოლო აშშ-ს - სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის“, - აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას „ხალხის ძალა“ „ფურცელზე დაწერილ და ჰაერზე ნათქვამს“ უწოდებს.
თუმცა 2008 წლის ომამდე რუსეთს უკვე ოკუპირებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად - უკვე იყო ოკუპანტი.
აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბარიც თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ დაიწყო - 2024 წლის იანვარში.
23 იანვარს გამოქვეყნებულ მათ მორიგ ღია წერილში უკვე იყო მინიშნებები - გარე დაკვეთაზე.
„გასარკვევია, თუ რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი "ცივილიზებული სამყაროს ლიდერად" უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს“, „გასარკვევია, ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს "მაღალი" ტიტული დაიმსახურა“, - ეწერა ტექსტში.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ჰყავდა ერთადერთი შემოქმედი და ეს იყო რუსეთი - კრემლის რეჟიმი. რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის გადანაწილება საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებაზე, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს კონკრეტული ხელისუფლება სხვადასხვა ინდიკატორით, არის საქართველოსთვის დამაზიანებელი და დამღუპველი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანდრო გოცირიძე - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო.
გოცირიძე განმარტავს, რომ „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს“ და „როგორც კი ყოფილი ხელისუფლება გასამართლდება ომის გაჩაღებისთვის, მაშინვე გასამართლდება საქართველოც“; ხოლო ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ - უკვე შორდება შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას:
„ახლა შიდაპოლიტიკური ბრძოლა საქართველოში [საგარეო] ვექტორის ცვლილებაზე გადის. ახლა საუბარია იმაზე, რომ "დასავლეთმა საქართველოს თავს მოახვია ომი". რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ ჯდება რუსულ პროპაგანდაში, რუსული ეფესბეს სახელმძღვანელოში, როგორც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რადგან სწორედ რუსეთი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი ახდენს ომის პროვოცირებას და რუსეთი ამტკიცებს, რომ აშშ ცვლის იმ ხელისუფლებებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ ამ ომის პროვოცირებაში“.
„ქართული ოცნების“ ბრალდებები, ანდრო გოცირიძის შეფასებით, „პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში, რომ - რუსეთი საქართველოში შემოიჭრა "მშვიდობისკენ იძულებისთვის", როგორც მათ [რუსეთმა] დაარქვეს ამ ოპერაციას 2008 წელს“.
რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია ამტკიცებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ომში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ - „საქართველოს ექსპრეზიდენტის დანაშაულებრივი ავანტიურის“ საპასუხოდ, რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა „აგრესორისთვის მშვიდობის იძულება“ და იქვე დაამატა, რომ დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების „უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.
„რუსეთი მზადაა ურთიერთქმედებისთვის მათთან, ვისთვისაც სულერთი არაა სამხრეთ კავკასიის ბედი, მათ შორის [მზადაა] აღმოუჩინოს ყოველმხრივი მხარდაჭერა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას“, - ამბობს ზახაროვა და იქვე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან, საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საჭიროებაზე ლაპარაკობს.
„რა დაცინვაა“, „გვამასხარავებენ კიდეც“, - წერდნენ 8 აგვისტოს ფეისბუკმომხმარებლები.
29 აპრილის ცნობილი გამოსვლიდან, ბიძინა ივანიშვილის ციტატები გაავრცელა რუსეთის სამივე სახელმწიფო არხმა. დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების გამო, მოსკოვიდან „ოცნების“ ხელისუფლება არაერთხელ შეაქეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 7 აგვისტოს განცხადებაში, რუსეთის დანაშაული ვრცელი ტექსტის ბოლო ერთ წინადადებაშია მოქცეული, სადაც წერია: „აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“.
ანდრო გოცირიძის თქმით, სწორედ დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა არა დაწყება, არამედ აგვისტოს ომის შეჩერება და შეწყვეტა - აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო განცხადებისა და საქართველოში, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლის შემდეგ, როცა „რუსეთი გააფრთხილეს, რომ ამერიკულ ხომალდთან მიახლოება ომის აქტად ჩაითვლებოდა“.
„დიპლომატიურ დახმარებაზე როდესაც ვლაპარაკობთ - თბილისის ცენტრში 5 ქვეყნის პრეზიდენტი იდგა, შესაბამისი სპეცსამსახურების და შესაბამისი სამხედრო ძალების ყურადღების ქვეშ და ამ ყველაფერმა შეაკავებინა თავის პუტინს და არა ქართველო ხალხის სიყვარულმა“, - ანდრო გოცირიძე ასევე საგანგებოდ აღნიშნავს დასავლელი პარტნიორების დახმარებას რუსეთის კიბერშეტევების სერიის დროს, აგვისტოს ომის დღეებსა თუ შემდეგ დღეებში. შეტევა მიმართული იყო პრეზიდენტის, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტებისკენ და „აზერბაიჯანული და რუსეთის ობიექტური საიტებიც კი გამორთეს“, რათა მხოლოდ კრემლის დეზინფორმაცია გავრცელებულიყო.
„ამ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა მაშინ მოხერხდა ჩვენი ესტონელი, პოლონელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით. პოლონეთის პრეზიდენტის საიტზე საქართველოს სპეციალური სივრცეც კი გამოუყვეს. ჩვენი სერვერების ტრანსფერი განხორციელდა აშშ-ში. ესტონელმა კოლეგებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრეს“, - გვეუბნება ანდრო გოცირიძე.
ომის დაწყების თარიღი
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებული განცხადებებით საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს 7 აგვისტოს მიმართეს და უკვე წლებია, ომის დაწყების დღედ საერთაშორისო ასპარეზზე 7 აგვისტო მიიჩნევა.
ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოს აღნიშნეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებმაც.
„ოცნებისთვის“ კი 8 აგვისტოს აღნიშვნა პრინციპული საკითხია და, როგორც ირკვევა, წინა ხელისუფლების ბრალეულობის ხაზგასასმელადაც.
„რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს“, - წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 7 აგვისტოს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ამ ლოგიკით, აგვისტოს ომის დროს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონს შეუტიეს მანამდე, ვიდრე - რუსეთის არმია საქართველოში შემოვიდოდა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ ეს თავად ყოფილ ხელისუფლებასაც აქვს აღიარებული.
„მასალებით დასტურდება ფაქტი, რომ - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს 7 აგვისტოს. 7 აგვისტოს საქართველოს უკვე ჰქონდა მსხვერპლი რუსული შენაერთების მოქმედებების გამო. ამიტომ 7 აგვისტოს ვთვლით ომის დაწყების თარიღად“, - გვეუბნება ანდრო გოცირიძე და განმარტავს, რომ „შესაძლებელია ზოგიერთ საერთაშორისო რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოა მითითებული, მაგრამ მაშინ მსოფლიოს ნაკლები ცოდნა ჰქონდა აქ მიმდინარე მოვლენებზე“, ხოლო „მას შემდეგ მოპოვებული მასალები ზუსტად მიუთითებს, რომ ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო“.
ერთი წლის წინ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმია წინასწარ შედგენილი „სამხედრო რეაგირების გეგმით“ მოქმედებდა და პარალელურად სეპარატისტული რეგიონის სამხედროებსაც წვრთნიდა.
კოკოითი ამ ინტერვიუში აღიარებს, რომ რუსეთი ომისთვის მზადებაში იყო ჩართული. კონკრეტულად:
- მოსკოვმა ცხინვალს სამხედრო ინსტრუქტორები გაუგზავნა და ისინი წვრთნიდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს;
- მოსკოვს წინასწარვე ჰქონდა მომზადებული საქართველოს წინააღმდეგ „სამხედრო რეაგირების გეგმა“ და ამ გეგმის ფარგლებში სამხედრო წვრთნებიც ტარდებოდა;
- ომის წინ, ივლისში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ საქართველოს ცაზე და „ეს იყო გამაფრთხილებელი ფრენა“.
„7 აგვისტოს ორი ქართველი სამშვიდობო დაგვეღუპა, როცა მათ ესროლეს. ქართულ მხარეს თავის დაცვის უფლება დაგომისის ხელშეკრულების მიხედვითაც ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამამდე ვიცავდით ჩვენს სამშვიდობო მანდატს. ჰააგის ტრიბუნალზე გამოკითხვისას ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა... არც 7 აგვისტოს, არც 8-ში, 9-ში თუ 10-ში ქართველ სამშვიდობოებს თავისი საგუშაგოდან ნაბიჯი არ გადაუდგამთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა იმავე პერიოდში ჩაწერილ ინტერვიუში.
ფორუმი