Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3+1 სარჩელი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ბათუმი - 17 ივლისი, 2024 წელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ბათუმი - 17 ივლისი, 2024 წელი.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე სამმა სარჩელმა მოიყარა თავი. პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის შემდეგ, სასამართლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა მიმართა. ამ კვირაში კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბებიც“ შეიტანს.

ყველა მოსარჩელე ითხოვს, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე, დამაზიანებელი კანონის მოქმედება შეჩერდეს. იურისტები განმარტავენ, რომ - სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება სარჩელების რეგისტრაციიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მასალების შესასწავლად მინიმუმ ერთი თვე სჭირდება.

რეგისტრაციის ეტაპი უკვე გაიარა ორმა სარჩელმა. პრეზიდენტის სარჩელის მსგავსად, განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს [9 მოსამართლე] გადაეცა არასამთავრობო სექტორის სარჩელიც. ერთი და იგივეა მომხსენებელი მოსამართლეც - ხვიჩა კიკილაშვილი.

78-ე მუხლი - უკვე ორ სარჩელში

საპარლამენტო ოპოზიციის 38 დეპუტატი „აგენტების კანონს“ კონსტიტუციის მხოლოდ ერთ მუხლთან - 78-ე მუხლთან მიმართებით ასაჩივრებს, რადგან ხედავს, რომ - სადავო კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეაჩერა და გაყინა.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად კოლეგებთან ერთად მივიდა.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელიც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შევიდა.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის ხელისუფლების მბოჭავი კონსტიტუციური ნორმა ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზების თვალსაზრისით“ და „ამგვარი ჰარმონიზების გარეშე ვერ იქნება მიღწეული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - წერია პრეზიდენტის სარჩელში. ტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

აქვე განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნახსენებ კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც არის და სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.

კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის ნათელსაყოფად, იურისტებს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2020 წლის 18 ივნისს მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილება - უნგრეთში დამტკიცებული და შემდეგ სასამართლოს ძალით გაუქმებული მსგავსი კანონის [„უცხოეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“] შესახებ. ეს გადაწყვეტილება, სხვა არგუმენტებთან ერთად, პრეზიდენტის სარჩელშიც არის ნახსენები.

სხვა მუხლები და კიდევ ერთი სარჩელი

პრეზიდენტისა და დეპუტატებისგან განსხვავებით, „აგენტების კანონის“ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა სამოქალაქო სექტორს, რომლის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლოში 17 ივლისს შევიდა.

ამ სარჩელს 122 ხელმომწერი ჰყავს - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები.

ისინი კანონს ასაჩივრებენ კონსტიტუციის მე-17 მუხლის [აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები] - 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 ნაწილებისა და 22-ე მუხლის [გაერთიანების თავისუფლება] 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

კონსტიტუციის მე-17 და 22-ე მუხლები გვხვდება პრეზიდენტის სარჩელშიც.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეეხება მე-12 მუხლ - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; მე-15 მუხლ - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები და 31- მუხლ - საპროცესო უფლებები.

დასრულების ეტაპზეა კიდევ ერთი სარჩელი.

მედიაორგანიზაცია „მთის ამბები“ საკუთარ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შეიტანს.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი გვიხსნის, რომ სარჩელი ამ ეტაპზე შეეხება: დისკრიმინაციას [მე-11 მუხლი], სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა [მე-17 მუხლი] და გაერთიანების თავისუფლებას [22-ე მუხლი], თუმცა საბოლოო წარდგენამდე დეტალები კიდევ დაზუსტდება.

„მთის ამბები“ ბოლო პერიოდში აგრესიული შეტევის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. ორგანიზაციის ოფისი აჭრელებული იყო შეურაცხმყოფელი წარწერებით.

„ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება გვინდოდა“, - ასე პასუხობს გელა მთივლიშვილი შეკითხვაზე - თუ რატომ გადაწყდა სარჩელის ცალკე შეტანა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ 29 ივლისს განმარტა, რომ ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოში შესული ყველა სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება. ყველა მათგანს, გაერთიანებული სახით, განიხილავს სასამართლოს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა, 9 მოსამართლე, თავმჯდომარის ჩათვლით.

ლოგიკურად, უკვე შესულ სარჩელებთან გაერთიანდება მეოთხე სარჩელიც.

მთავარი მოთხოვნა - სწრაფად შეჩერება

საქმის არსებითი განხილვა, კანონის თანახმად, შესაძლოა 9-11 თვეს გაგრძელდეს, ხოლო გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა კიდევ წლები დასჭირდეს. ამიტომ ყველა მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას სთხოვს - ვიდრე „აგენტების კანონი“ რეალურ საფრთხეს შეუქმნის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმიანობას.

„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს [საკონსტიტუციო სასამართლოს] სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი იქნება განხილული“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ, რომელიც 29 ივლისს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში იყო მისული.

  • ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს „სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით.
  • ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი პირობაა, გამოუსწორებელი შედეგის საფრთხე - რომელიც სადავო კანონმა შეიძლება გამოიწვიოს.

მაგრამ კანონში ვადები არ არის გაწერილი.

29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ მასალების შესწავლა არცთუ ცოტა დროს მოითხოვს:

მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება, ალბათ. ჩვენ სარჩელები არა მარტო უნდა წავიკითხოთ და კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ ასევე შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ“, - განმარტავს ტურავა.

IDFI-ის წარმომადგენელი, იურისტი გიორგი დავითური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხის [შეჩერების] გადაწყვეტა შეუძლია სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან ნებისმიერ დროს“ და „არ არის მიბმული გამწესრიგებელი სხდომის დანიშვნასთან თუ საქმის არსებით განხილვასთან“.

  • ოპოზიციის გამოთვლით, 3 სექტემბერს იწურება ერთთვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მათთვის შეურაცხმყოფელი სტატუსით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოუწევთ დარეგისტრირება (ორგანიზაციების დიდი ნაწილი დარეგისტრირებას არ აპირებს).
  • თუკი ამ ვადაში არ დარეგისტრირდებიან, ამოქმედდება მონიტორინგისა და მასშტაბური ფინანსური სანქციების მექანიზმი და, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, ასეთ ორგანიზაციებს იძულებით მაინც დაარეგისტრირებენ.
  • მანამდე, 60-დღიანი ვადა მიეცა იუსტიციის სამინისტროს კანონთან შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შესამუშავებლად. ამ ვადის ათვლა 3 ივნისს დაიწყო, კანონის გამოქვეყნების დღიდან.

გიორგი დავითურის თქმით, ცდება, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე აქტები კანონს დაარბილებს. „საუკეთესო შემთხვევაში, რაც შეიძლება იყოს - ეს პრობლემები კიდევ უფრო არ გამწვავდეს, რაც ახლა არის“, - ასეთია იურისტის მოლოდინი.

„ქართული ოცნება“ წინასწარვე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ძალისხმევა ფუჭია და პროცესი უშედეგო იქნება, რადგან, მათი ლოგიკით - კანონი გამჭვირვალობას ემსახურება, გამჭვირვალობის წინააღმდეგ კი ვერავინ წავა.

მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი“, - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელი შევიდა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ოპტიმისტური მოლოდინი არა აქვთ, მაგრამ აცხადებენ, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ყველა არსებული სამართლებრივი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული და ის მაინც გამოჩნდება - თუ ვინ წავიდა სასამართლოში საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

„საზოგადოების ნაწილს აქვს უნდობლობა, ნაწილს აქვს ნდობა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება რომ მიიღება, იმის მიხედვით განისაზღვრება ნდობა-უნდობლობის საკითხი. სასამართლო, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში, არსად არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება. გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი, კანონიერი, კონსტიტუციის შესაბამისი“, - ასე პასუხობს მერაბ ტურავა უნდობლობას, რომელსაც საზოგადოების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოხატავს.

გიორგი დავითური ფიქრობს, რომ ახლა „მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება ბევრად უფრო მძიმე იქნება“ იმ მოსამართლეებისთვისაც კი - „რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს“, რადგან, მისი შეფასებით - „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით უარი თქვა ყველა იმ პრინციპზე, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო ემყარება და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG