Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საარჩევნოდ საკონსტიტუციოს 14 დღეში შეეძლება პარტიის აკრძალვა - „ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები

საარჩევნოდ საკონსტიტუციოს 14 დღეში შეეძლება პარტიის აკრძალვა - „ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები


„ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს. ფოტოზე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი 2021 წლის საარჩევნო პერიოდში.
„ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს. ფოტოზე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი 2021 წლის საარჩევნო პერიოდში.

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა უწესდება პარტიების აკრძალვის საკითხის განსახილველად, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში, - თუკი „მსგავსი“ პარტია უკვე აკრძალული აქვს, - გადაწყვეტილების მიღება 14 დღეში შეეძლება.

პარტიის ეს ცვლილებები მოჰყვება სურვილს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „კოლექტიურ ნაც. მოძრაობას“ უწოდებს.

პარლამენტში 26 მარტს „ქართული ოცნების“ ფრაქციამ შეიტანა ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარტიების აკრძალვის საკითხის მოქმედ რეგულაციებს ცვლის. პაკეტში ორი კანონია:

  1. ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში;
  2. ცვლილება პარტიების კანონში (ფორმალურად - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“).

9-თვიანი ვადა

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უწესდება პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადები. კერძოდ:

„პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს“.

14-დღიანი ვადა

ამასთან, 14-დღიანი ვადა წესდება საარჩევნო პერიოდში, - იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო განიხილავს ახალი, „მსგავსი“ პარტიის აკრძალვის საკითხს.

ამის საშუალებას კი მას პარტიების კანონში ინიციირებული ცვლილებები აძლევს. კერძოდ:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).

ეს ნიშნავს, რომ თუკი ახალ პარტიას იგივე ადამიანები აკომპლექტებენ, რომლებიც აწ უკვე აკრძალულ პარტიაში იყვნენ, პარტიის აკრძალვა 14 დღეში იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ინიციირებული ცვლილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

პარტიების გაუქმება

პოლიტიკური კრიზისის, მძიმედ ნაცემი მომიტინგეების, პოლიტიკოსების, ბუნდოვანი მიზეზით დაკავებული ახალგაზრდების, უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ გეგმავს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.

„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ სადავო პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული,

რამდენიმე დღით ადრე, 2025 წლის 27 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას“.

ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს - მათი საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG