როგორც The New York Times-მა დაწერა, აშშ განარისხა რუსეთის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვამ. სტატია ეძღვნებოდა ამერიკის როლს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა ოპერაციებში. 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, გვარდიის სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“. NYT-ის წყაროების თანახმად, ამერიკული მხარე გაბრაზდა, რომ უკრაინამ ის არ გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ვაშინგტონს ასევე გაუკვირდა, რომ კიევს ჰქონდა რაკეტები, რომლებსაც შეეძლო ასეთ დიდ გემამდე მიღწევა.
მას შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტმა გემების მესამედზე მეტი დაკარგა და იძულებული გახდა, ისინი ყირიმიდან გაერიდებინა შორეულ პორტებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიღმა. ახლა აქსიომად იქცა, რომ ზღვაზე დიდი გემები წარსულს ბარდება და რომ მომავალი ეკუთვნის გონიერ უპილოტო სისტემებს, რომლებსაც ასევე ავითარებს უკრაინა.
„ზღვის ქარიშხლად“ წოდებული რუსეთის ფლოტი ნაწილ-ნაწილ იძირება
2022 წლის 13 აპრილს, გვიან საღამოს, ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის აუზში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, გვარდიის სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ დიდი ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. მანამდე რუსეთის სწორედ ეს გემი სთავაზობდა კუნძულ ზმეინის დამცველებს დანებება.
14 აპრილს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ გემი, რამდენიმე რუსულ გემთან ერთად, ოდესიდან სამხრეთით დაახლოებით 60 მილის (დაახლოებით 96 კილომეტრი) დაშორებით იმყოფებოდა. „ვვარაუდობთ, რომ გემს შეუძლია გადაადგილება საკუთარი ძალით და ის ამას აკეთებს; ვფიქრობთ, რომ ის აღმოსავლეთისკენ მოძრაობს. ვფიქრობთ, რომ მას სავარაუდოდ სევასტოპოლში ჩაიყვანენ სარემონტოდ, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს“, დასძინა კირბიმ.
მაგრამ კრეისერმა ვერ მიაღწია სევასტოპოლს, ის ჩაიძირა მას შემდეგ, რაც მარცხენა მხარეს გაჩენილი ნახვრეტიდან მასში ბევრმა წყალმა შეაღწია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანებული ხომალდი „წყლის ზედაპირზე რჩება“ მას შემდეგ, რაც ხანძრის შედეგად აფეთქდა მასში არსებული საბრძოლო მასალა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მოხვდა და ამის შედეგად ჩაიძირა.
ეს არ ყოფილა პირველი გემი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს. პროექტ 1171 „ტაპირის“ დიდ სადესანტო გემ „სარატოვს“ 2022 წლის 24 მარტს ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში მოხვდა რაკეტა და ის ნავმისადგომთან ჩაიძირა. გემს აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა. ასევე დაზიანდა რუსული პროექტ 775-ის დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“. მაგრამ ფლაგმან „მოსკვას“ ჰქონდა სრულიად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციები და რუსეთისთვის ერთგვარი საკრალური მნიშვნელობა.
სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა პროექტ 1164 „ატლანტის“ წამყვანი გემი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ეს ხომალდი უზრუნველყოფდა გემზე დაფუძნებული ნავსაწინააღმდეგო დაჯგუფებების საბრძოლო მდგრადობას, შორს მდებარე გაერთიანებების საჰაერო თავდაცვას და სადესანტო ძალების საცეცხლე მხარდაჭერას. ბორტზე იყო საარტილერიო, საზენიტო, ნავსაწინააღმდეგო და სანაღმო-სატორპედო შეიარაღება, მათ შორის 16 გამშვები დანადგარი გემსაწინააღმდეგო რაკეტა P-1000 „ვულკანისთვის“, რომელთა მოქმედების რადიუსი ათას კილომეტრამდეა, ასევე ვერტმფრენი Ka-27.
კრეისერი „მოსკვა“ იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი და საკრალური სიმბოლო, ჰყვებოდა 2022 წელს krym.realii-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ყირიმში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოვი.
ასეთი კლასის კრეისერის არაოფიციალური სახელწოდება არის „ავიამზიდების მკვლელი“. რა ეპითეტებით არ შეუმკიათ ის.ვლადისლავ სელეზნიოვი
„გვარდიის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, რომელსაც ხელისუფლება დიდ პიარს უკეთებდა და ანებივრებდა. ასეთი კლასის კრეისერის არაოფიციალური სახელწოდება არის „ავიამზიდების მკვლელი“. რა ეპითეტებით არ შეუმკიათ ის: „უდრეკი ძალა“, „ადმირალების სამჭედლო“. მასზე მსახურობდნენ რუსეთის საუკეთესო მეზღვაურები და ოფიცრები, რომლებმაც ახლა აჩვენეს, რომ „ღირსება“ და „რუსეთის ოფიცერი“ შეუთავსებელია. კრეისერი შავი ზღვის ფლოტის საუკეთესო გემების სიის სათავეში იყო, მას ეწვია პუტინი, მას მიენიჭა ნახიმოვის ორდენი, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აღლუმებსა და საჩვენებელ სროლაში. ამ მრავალხმიანობაში აქცენტი კეთდებოდა კრეისერის საჰაერო თავდაცვის განუზომლად მძლავრ სისტემებზე, რასაც უზრუნველყოფდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ს-300ფ „ფორტი“, შეიარაღებული 64 რაკეტით, რომლებიც ჩატვირთული იყო რვა ცილინდრში და სამიზნე მოქმედების დიაპაზონი 75 კილომეტრამდე ჰქონდა. მას „მოსკვა“ ეფექტიანად უნდა დაეცვა ნებისმიერი თვითმფრინავისგან, პერსპექტიულებისგანაც კი, შვეულმფრენებისგან, ფრთოსანი რაკეტებისგან, მართვადი ბომბებისგან და უპილოტო საფრენი აპარატებისგან,“ განაცხადა სელეზნიოვმა.
მაგრამ ვერც მთელი ეს გაბერილი ძალა ვერ დაეხმარა „საკრალურ“ ფლაგმანს და კრეისერ „მოსკვას“ განადგურების შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემები თითქმის 200 კილომეტრით დაშორდნენ უკრაინის სანაპიროებს, იტყობინებოდა უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ 18-19 აპრილის ღამეს. და ეს მომენტი ფაქტობრივად იქცა რუსეთის ფლოტის გაქცევის დასაწყისად ჯერ ყირიმის დასავლეთ ნაპირებისკენ, შემდეგ ანექსირებულ სევასტოპოლში და მერე საერთოდ რუსეთის კუთვნილ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ნოვოროსიისკში.
სცენაზე გამოდიან საზღვაო დრონები
ღია წყაროების თანახმად, გემების საწინააღმდეგო უკრაინულ ფრთოსან რაკეტა R-360 „ნეპტუნზე“ მუშაობა 2014 წელს დაიწყო საპროექტო ბიურო „ლუჩში“ (კიევი). როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსანდრ ტურჩინოვი ჰყვებოდა, „ნეპტუნის“ წარმოება ლუჩმა განახორციელა „არარეალურად მოკლე დროში, მინიმალური დაფინანსებით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში“.
უკვე 2018 წელს ჩატარდა გამოცდა, რის შედეგადაც რაკეტებმა საზღვაო სამიზნეები გაანადგურეს.
რაკეტა „ნეპტუნის“ აღმოჩენა ნორმალურ ამინდშიც კი შეუძლებელია სერჰი ზჰურეცი
„მისი აღმოჩენა ნორმალურ ამინდშიც კი შეუძლებელია: 5-7 მეტრის სიმაღლეზე სარადიოლოკაციო საშუალებები მას მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში ხედავენ, რადგან რადიოჰორიზონტი უფრო მაღალია, ვიდრე ის დონე, რომელზეც რაკეტა დაფრინავს წყლის ზედაპირზე. ის ძალიან დაბლა დაფრინავს,“ ამბობს „ნეპტუნის“ თავისებურებებზე სერჰი ზჰურეცი, საინფორმაციო-საკონსალტინგო კომპანია Defense Express-ის დირექტორი.
ოლექსანდრ ტურჩინოვი აცხადებდა, რომ უკრაინული „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტები არა მხოლოდ კრეისერ „მოსკვას“ მოხვდა, არამედ 2022 წლის მარტში „მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და საბრძოლო ოპერაციიდან გამოთიშეს“ რუსეთის ფრეგატი „ადმირალი ესენი“. ამის შესახებ ოფიციალურად არც უკრაინის, არც რუსეთის სამხედროები არ იტყობინებოდნენ. მაგრამ აპრილის დამდეგს სევასტოპოლში შეამჩნიეს მსგავსი გემი გადაღებილი საბორტო ნომრებით.
უკრაინულ „ნეპტუნს“ სხვა გამარჯვებებიც ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს რაკეტები არ არის ერთადერთი, რითიც უკრაინა ურტყამს რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში. ბევრი რამ შეიცვალა, როდესაც საზღვაო საბრძოლო თეატრში გამოჩნდა უპილოტო კატარღები, რომლებიც უფრო ხშირად საზღვაო დრონებად მოიხსენიება.
პირველი ასეთი დრონები 2022 წლის ზაფხულის ბოლოს იქნა გამოყენებული. საზღვაო დრონები იმართება სისტემა Starlink-ის მეშვეობით და შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ ძალიან მძლავრ ასიმეტრიულ პასუხს წარმოადგენს.
დრონები თავს ესხმიან ჯგუფებად და სანამ ერთის იერიშს იგერიებენ, მეორეს შეუძლია მიაღწიოს მიზანს. სემუელ ბენდეტი
„ამ თავდასხმების ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, დრონებისგან თავის დაცვა ძალიან ძნელია - ისინი მცირე ზომისაა, განსხვავებით გემებისგან, რომლებსაც ისინი თავს ესხმიან. ღია ზღვაში მათი დანახვა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ღამით. ამ დრონების წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია მძიმე ტყვიამფრქვევები და მცირე საზენიტო ქვემეხები. მაგრამ დრონები თავს ესხმიან ჯგუფებად და სანამ ერთის იერიშს იგერიებენ, მეორეს შეუძლია მიაღწიოს მიზანს,“ მოუყვა „ამერიკის ხმას“ სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი სემუელ ბენდეტი.
პირველი წარმატებული თავდასხმა იყო უპილოტო კატარღების რეიდი 2022 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც რამდენიმე აპარატმა მოახერხა, გაჭრილიყო გემებამდე და დაეზიანებინა ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ და ნაღმოსანი „ივან გოლუბეცი“.
რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინული ოპერაციების ახალ „ვარსკვლავად“ იქცა „ზღვის ბავშვი“ - წყალზედა დრონი Sea Baby, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შექმნა და უკვე მრავალჯერ გამოიყენა წარმატებით. 2023 წლის 16 აგვისტოს, CNN-მა პირველად გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ Sea Baby ქერჩის (ყირიმის) ხიდს ეჯახება 17 ივლისს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ საზღვაო დრონები, რომლებმაც დააზიანეს ქერჩის ხიდი, აღჭურვილი იყვნენ 850 კგ საბრძოლო ნაწილით. ხოლო დიდი სადესანტო გემის, „ოლენეგორსკი გორნიაკისა“ და ტანკერ SIG-ის განადგურებისთვის გამოყენებულ იქნა დრონები, რომელთაგან თითოეული შეიცავდა 450 კგ საბრძოლო ნაწილს.
კიდევ ერთი უკრაინული საზღვაო დრონის, Magura V5-ის სიგრძეა 5,5 მეტრი, სიგანე 1,5 მეტრი, სრული წონა 1000 კგ და ტვირთამწეობა 320 კილოგრამი. უკრაინული დრონის საოპერაციო რადიუსი 400 კილომეტრამდეა, საკრუიზო დიაპაზონი 800 კილომეტრამდეა, ავტონომიურობა - 60 საათამდე, საკრეისერო სიჩქარე საათში 41 კილომეტრია.
მიმდინარე წლის მარტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვაო დრონი Sea Baby-ის ახალი თაობის ჩვენება მოაწყო. „მას შეუძლია თითქმის ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გადაიტანოს ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე. სბუ-მ ეს დრონი ჩაიფიქრა უნივერსალურ პლატფორმად, რომელზედაც განთავსდება სხვადასხვა იარაღი“, - იმოწმებს პრესსამსახური სბუ-ს ბრიგადის გენერალს, რომლის კოდური სახელია „ჰანტერი“.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „სწორედ საზღვაო დრონების დახმარებით ააფეთქა სბუ-მ ქერჩის ხიდი და მთლიანობაში დარტყმა მიაყენა რუსეთის 11 სამხედრო ხომალდს“.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარი კონტრადმირალი ჯო დიგუარდო ამბობს, რომ უკრაინამ ოსტატურად აითვისა უპილოტო სისტემების „სტრატეგიული ეფექტისთვის“ გამოყენების ტექნიკა.
მისი თქმით, უკრაინული უპილოტო დრონები, რომლებიც არ არის ძვირი, „სიცოცხლისუნარიან და ეფექტიან საშუალებად“ იქცა ისეთი „დახვეწილი იარაღის სისტემებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც არ არის მდგრადი ამ ტიპის თავდასხმების მიმართ“.
მთელს მსოფლიოში უზარმაზარია ტექნიკურად წინ წასულ სამხედრო-საზღვაო ძალებზე ამ ტიპის საზღვაო დარტყმის წარმატების შედეგებიჯო დიგუარდო
ახლა დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებსაც ჰყავთ ზუსტად ასეთი მაღალტექნოლოგიური ფლოტი, უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავი იმ ტაქტიკისგან, რომელსაც უკრაინა იყენებს, ამბობს გადამდგარი ადმირალი.
„მთელს მსოფლიოში უზარმაზარია ტექნიკურად წინ წასულ სამხედრო-საზღვაო ძალებზე ამ ტიპის საზღვაო დარტყმის წარმატების შედეგები და ბევრს მოუწევს, გადახედოს, თუ როგორ იცავენ გემებს და არბილებენ საფრთხეებს“, - ამბობს ჯო დიგუარდო.
საინფორმაციო-საკონსალტინგო კომპანია Defense Express-ის სამხედრო-საზღვაო ექსპერტის, ვლადიმირ ზაბლოცკის თქმით, უკრაინა ამჟამად უპილოტო წყალქვეშა კატარღებს ავითარებს. მათ შეუძლიათ ატარონ როგორც ნაღმები, ასევე ტორპედოები. ვიზუალური პატრულირების დროს ისინი არ გამოჩნდება და, როგორც სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, ისინი შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი გახდეს რუსეთის ფლოტისთვის.
შავ ზღვაზე რუსეთის ბატონობის დასასრული
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20%. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა კითხვის ქვეშ დგას, აღნიშნა შაპსმა.
კიდევ ოთხი თვის შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ჯამურმა დანაკარგებმა 30%-ს გადააჭარბა და, როგორც ჩანს, უკრაინა აქ გაჩერებას არ აპირებს.
შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრი კლიმენკო, ამბობს, რომ უკრაინელებმა ის, რაც უკრაინის პოზიციაში სისუსტედ გამოიყურებოდა, საკუთარ უპირატესობად აქციეს - საკუთარი ფლოტის არარსებობის გამო მათ მოუწიათ, იმპროვიზაციისთვის მიემართათ, ახალი ტექნიკური გზები გამოენახათ და გამოეყენებინათ ლამის პარტიზანული ტაქტიკა - მცირე ძალებით უდიდესი ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის.
კლიმენკოს თქმით, ამ გამოცდილებას აქტიურად სწავლობენ დასავლეთში, ვინაიდან ის ანგრევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ქვეყანას დიდი და ძვირადღირებული ფლოტი სჭირდება საიმიოდ, რომ წარმატებით აღუდგეს წინ მტერს, რომელსაც უკვე მოეპოვება ასეთი ფლოტი.
დღეს რუსეთმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე წაიყვანა საბრძოლო ოპერაციებისთვის მნიშვნელოვანი ხომალდები, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი გემები. ამასთან, რაკეტების მატარებელი წყალზედა ხომალდები კვლავ შეიძლება გახდეს უკრაინის საზღვაო დრონების თავდასხმის სამიზნე, რომელთა დიაპაზონი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება ოფიციალურად გაცხადებულს.
შავ ზღვაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ მხოლოდ რუსული სარაკეტო წყალქვეშა ნავები, რომელთაგან რუსეთს ხუთი ერთეული დარჩა შარშან სექტემბერში უკრაინის წარმატებული თავდასხმის შემდეგ.