Accessibility links

ეკონომიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, რუსეთი - რა ხდება ტარიფების ომში?

აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, რუსეთი - რა ხდება ტარიფების ომში?


სი ძინპინი და დონალდ ტრამპი
სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაწყებულმა „ტარიფების ომმა“ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებაზე მწვავედ რეაგირებენ საფონდო ბირჟები. საპასუხო ზომებს იღებენ გლობალური მოთამაშეები - ჩინეთი და ევროკავშირი. თეთრი სახლის გადაწყვეტილება პირდაპირ არ შეხებია მოსკოვს, თუმცა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა უკვე შეცვალა ნავთობის ფასი, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთის ეკონომიკისთვის.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების მასშტაბი და მოცულობა რეკორდულია ბოლო 100 წლის განმავლობაში. ტარიფები ვრცელდება თითქმის ყველა იმპორტირებულ საქონელზე. საბაზისო განაკვეთი შეადგენს 10%-ს; ცალკეული ქვეყნებისთვის დაწესებულია სარკისებრი ტარიფები, რომლებიც გამოითვლება ამ ქვეყნებთან სავაჭრო დეფიციტის საფუძველზე, თუმცა ყველაზე მაღალი - 125%-იანი ტარიფი დონალდ ტრამპმა ჩინეთში წარმოებულ საქონელზე დააწესა.

"მსოფლიო ბაზრების მიმართ ჩინეთის უპატივცემულობის გამო, ვზრდი აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე, ძალაში დაუყოვნებლივ შესვლის პირობით. იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში, უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების გაძარცვა აღარ შეიძლება და მიუღებელია", - დაწერა დონალდ ტრამპმა 9 აპრილს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ს ტარიფებზე მოლაპარაკებების თხოვნით და, რომ ამ ქვეყნების მიმართ შემოღებულია სამთვიანი გადავადება; ეს ზომა ასევე ძალაში შედის დაუყოვნებლივ და მოქმედებს 90 დღის განმავლობაში.

თეთრი სახლის განმარტებით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის მოცულობა - 1,2 ტრილიონი დოლარი ქმნის საგანგებო სიტუაციას, რომელიც ანადგურებს აშშ-ის საწარმოო პოტენციალს.

სავაჭრო დეფიციტის დროს იმპორტი სჭარბობს ექსპორტს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ სხვა ქვეყნებისგან უფრო მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე სხვა ქვეყნები ყიდულობენ ამერიკისგან. ჩინეთთან, მექსიკასთან, კანადასთან, ევროკავშირთან - ყველა ამ ქვეყანასთან აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი აქვს. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები სწორედ ასეთ ქვეყნებში წარმოებული საქონლის იმპორტის შემცირებაზეა დამიზნებული.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი განაკვეთი - 104% (რომელიც ერთი დღის შემდეგ 125%-მდე გაზარდა) დაუწესდა ჩინეთს, აშშ-ის მთავარ სავაჭრო ოპონენტს, ევროკავშირისათვის „გამოწერილი“ ტარიფი კი 20%-ია. სულ ტრამპის სიაში 184 ქვეყანაა, რომელთა შორის არ არის რუსეთი. ამის მიზეზად თეთრმა სახლმა დაასახელა ისედაც არსებული მკაცრი სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს რუსეთს (უკრაინაში შეჭრის გამო) და, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ვაჭრობას მოსკოვთან.

როგორც ეკონომისტები განმარტავენ, ტრამპი მიიჩნევს, რომ სავაჭრო დეფიციტი უკიდურესად აზიანებს ამერიკას. მისი თქმით, ამერიკას იმპორტი (უცხოური ნაწარმი) არ სჭირდება, რადგან მას თვითონ აქვს ყველაფერი - რესურსები, მუშახელი, ტექნოლოგიები და სამომხმარებლო ბაზარი. თუ დაწესდება ტარიფები და შეიზღუდება იმპორტი, მაშინ Tesla-ს, Apple-ს და სხვა ამერიკულ კომპანიებს აღარ დასჭირდებათ მანქანებისა და ტელეფონების აწყობა ჩინეთში, რადგან წარმოება დაბრუნდება აშშ-ში.

თუმცა ეკონომისტების თქმითვე, სავაჭრო ტარიფების დაწესება (თავისუფალი ვაჭრობის სანაცვლოდ) გარდაუვალად იწვევს ფასების ზრდას. როგორც ტრამპის პირველი სავაჭრო ომის გამოცდილებამ აჩვენა, ტარიფებით გამოწვეული გაძვირება მნიშვნელოვანწილად დააწვა ამერიკელი მომხმარებლის ჯიბეს (იმპორტიორები საქონლის ფასებში რთავდნენ ტარიფებს). გარდა ამისა პარალელურად ფასებს ზრდიდნენ ადგილობრივი (ამერიკელი) მწარმოებლებიც. როგორც კი ტრამპმა გამოაცხადა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ, ამერიკაში გაძვირდა არმატურა.

„ტრამპმა განმარტა, რომ განაკვეთები გამოთვალა ტარიფების, სუბსიდიებისა და სავალუტო მანიპულაციების კომბინაციის საფუძველზე. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ მან უბრალოდ აიღო ორმხრივი სავაჭრო დეფიციტი და გაყო ის მოცემული ქვეყნის ექსპორტზე აშშ-ში", - დაწერა გაზეთმა Financial Times.

ტიტანების ბრძოლა - აშშ vs ჩინეთი

ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინური იმპორტის დიდ ნაწილზე 9 აპრილიდან მოქმედებს უპრეცედენტო ტარიფები - 125%-ის ოდენობით.

2024 წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ-მ ჩინეთიდან გაცილებით მეტი შეიტანა (დაახლოებით 440 მილიარდი დოლარი), ვიდრე ჩინეთმა გაიტანა ამერიკიდან (დაახლოებით 145 მილიარდი დოლარი). შედეგად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაემუქრა პეკინს ახალი „მკაცრი ტარიფების“ დაწესებით. „თუ ჩინეთი 8 აპრილამდე არ გააუქმებს მის მიერ დაწესებულ 34%-იან გადასახადს აშშ-ს საქონელზე, 9 აპრილიდან ამოქმედდება აშშ-ს დამატებითი 50%-იანი ტარიფები ჩინურ იმპორტზე“, - განაცხადა მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა იმპორტზე სპეციალური გადასახადები, მსოფლიოს წამყვანმა ბირჟებმა ინდექსების მნიშვნელოვანი ვარდნით უპასუხეს. გარდა ამისა, მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასი. ეკონომისტები ასევე ელოდებიან სამომხმარებლო ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში და ეკონომიკური ზრდის შენელებას.

ჩინეთის კომერციის სამინისტრო მიანიშნებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მუქარების პასუხად არ აპირებდა დათმობას, არ დაემორჩილებოდა ვაშინგტონის "შანტაჟს" და "იბრძოლებდა ბოლომდე სავაჭრო ომში“. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს გააუქმოს ტარიფები და დაიწყოს მოლაპარაკებები.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა ამ მოლაპარაკებების წარმართვა, ტელეკომპანია Fox-ს განუცხადა, რომ ჩინეთი ტრამპის ტარიფებზე რეაგირებით ახდენს „თვითიზოლირებას". ბესენტი იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად მათთვის ტარიფები შემცირდება. მისივე მტკიცებით, მოლაპარაკებები უკვე მოითხოვა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის იაპონიამაც.

სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

8 აპრილს თვითონ დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მ ტარიფები დააწესა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე აგზავნიან წარმომადგენლებს, რათა გარიგება დადონ.

„ეს ქვეყნები გვეკონტაქტებიან. უკანალზე მკოცნიან. ისინი ჭკუას კარგავენ გარიგებაზე ხელის მოწერაზე: „გთხოვთ, გთხოვთ, ბატონო, გარიგება დადოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, ბატონო“, - თქვა ტრამპმა 8 აპრილს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტისთვის სახსრების შეგროვების ღონისძიებაზე:

„მე ვფიქრობ, რომ [სავაჭრო] ომი მსოფლიოსთან - ეს საერთოდ არ არის ომი, რადგან ისინი ყველა აქ მოდიან. ახლა იაპონია მოდის. ისინი თვითმფრინავებით მოდიან, ბევრნი არიან. ყველა მათგანი ხისტი მოლაპარაკეა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებებში. „ეშმაკმა დალახვროს, ვიცი რასაც ვაკეთებ", - თქვა მან.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია წერს, ჩინეთი, როგორც ჩანს, არ აპირებს დათმობას და ამზადებს ახალ საპასუხო ზომებს. 8 აპრილს პეკინმა მართლაც განაცხადა, რომ "ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს" და შემოიღო საპასუხო ტარიფები 34%-ის ოდენობით. 9 აპრილს კი ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 10 აპრილიდან აპირებს დამატებით 84%-იანი ტარიფების შემოღებას აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე.

პეკინმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ვერ შეძლებს სავაჭრო ბალანსის დეფიციტისა და "არასაკმარისი კონკურენტუნარიანობის" პრობლემების გადაჭრას ტარიფების გამოყენებით. ამავდროულად, ჩინეთმა განაცხადა, რომ ყოველთვის მიიჩნევდა ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებს "ურთიერთსასარგებლოდ" და, რომ მზად არის ვაშინგტონთან დიალოგისთვის, რათა გადაჭრას წინააღმდეგობები.

აშშ-ში ჩინური იმპორტის ლომის წილი მოდის სმარტფონებზე, კომპიუტერებზე, ლითიუმ-იონურ ბატარეებზე, სხვადასხვა სახის სათამაშოზე. თუმცა ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის ამით არ შემოიფარგლება: ჩინელები ამერიკაში ყიდიან თითქმის ყველაფერს.

„შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩინეთი უკან დაიხევს და ცალმხრივად მოხსნის ტარიფებს“, - ვარაუდობს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიასთან საუბარში ჩინეთის შემსწავლელი ცენტრის უფროსი მრჩეველი The Conference Board-ის კვლევით ინსტიტუტში, ალფრედო მონტუფარ-ჰელუ.

ტრამპის პირველი რაუნდის ტარიფების პასუხად ჩინეთმა შემოიღო საპასუხო ტარიფები ამერიკული იმპორტის ზოგიერთ სახეობაზე და დაიწყო ანტიმონოპოლიური გამოძიებები ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ, მათ შორის Google-ის წინააღმდეგ.

დაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის, მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორსა და მის უმნიშვნელოვანეს ბაზარს შორის, კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკონომისტების თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის საკვანძო ფაქტორად სწორედ ექსპორტი რჩებოდა, თუმცა პეკინი ახლა ცდილობს მოახდინოს თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება მაღალტექნოლოგიური წარმოებებისა და შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე. ექსპერტთა თქმით, ძნელი სათქმელია, როდის აისახება ტარიფების გაზრდა ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის ეკონომიკაზე, რომლის შენელებისა და რესურსების ამოწურვის გამო პეკინს რთული ამოცანების გადაჭრა მოუწევს. მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, თუ სად წავა ჩინური ექსპორტი, რომლისთვისაც ფაქტობრივად ჩაიკეტა ამერიკული ბაზარი. სავარაუდოდ, გაუყიდავი საქონელი სხვა ბაზრებზე მოხვდება, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა, როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, ამ ქვეყნებს ამჟამად თავად უწევთ მათთვის დაწესებულ ტარიფებში გარკვევა და იმაზე ფიქრი, კიდევ სად შეიძლება გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.

ტრამპის და მასკის „ხეირი“

Forbes-ის გათვლებით, აშშ-ში იმპორტზე ბაჟის გადასახადების გაზრდის გამო, დონალდ ტრამპის ქონება 500 მილიონი დოლარით შემცირდა.ჟურნალმა 8 აპრილს დაწერა, რომ ტარიფების გაზრდის დღეს, 2 აპრილს, ტრამპის ქონება 4,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 4,2 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ტრამპმა 170 მილიონი დოლარი დაკარგა Trump Media and Technology Group-ის აქციების ღირებულების დაცემის გამო - ბოლო სამი დღის განმავლობაში მათი ფასი 8%-ით შემცირდა. დანარჩენი ზარალი დაკავშირებულია კომერციული უძრავი ქონების (90 მილიონი), გოლფის ბიზნესის (დაახლოებით 70 მილიონი), სასტუმრო-საკურორტო ბიზნესის (65 მილიონი), კრიპტოვალუტის და სხვა სფეროების გაიაფებასთან.

თეთრი სახლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააზარალა დონალდ ტრამპის თანამოაზრე და მრჩეველი, მილიარდერი ილონ მასკიც. როგორც Business Insider წერს, Space X-ის მფლობელის ქონება 2 აპრილიდან 35 მილიარდი დოლარით შემცირდა და 8 აპრილისათვის 298 მილიარდ დოლარი შეადგინა. ამასთან, როგორც გაზეთი The Washington Post-ი იტყობინება, მასკმა პირადად სთხოვა ტრამპს არ დაეწესებინა ტარიფები, მაგრამ მისმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მონაცემებით, საფონდო ბირჟების ვარდნის გამო სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა 172 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ილონ მასკმა ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარო X-ზე მწვავედ გააკრიტიკა და მოგვიანებით იტალიურ პოლიტიკურ ყრილობაზე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა სურს, და არა ნაკლები.

"ევროპა და აშშ, ორივე, ჩემი აზრით, იდეალურ შემთხვევაში, ნულოვანი ტარიფის ვითარებისკენ უნდა წავიდნენ, [რითაც] ფაქტობრივად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება", - განაცხადა ილონ მასკმა.

აშშ vs ევროკავშირი

9 აპრილს ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციები კვლავ დაეცა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული ახალი ტარიფები იმპორტზე. მაგალითად, „დოიჩე ველეს“ (DW) ცნობით, STOXX Europe 600-ის ინდექსი, რომელიც მოიცავს 600 უმსხვილეს ევროპულ კომპანიას, ვაჭრობის დასაწყისში 2.95%-ით დაეცა, ხოლო გერმანული DAX-ისა - 2.92%-ით.

დაეცა ევროპის ფარმაცევტული გიგანტების აქციებიც: გერმანული Redcare Pharmacy - 15.1%-ით, შვეიცარიული Roche - 5.2%-ით და Novartis - 6.05%-ით, დანიური Novo Nordisk - 4.09%-ით. ამ კომპანიების აქციების ვარდნას ხელი შეუწყო ტრამპის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც აშშ დამატებით "დიდ" ტარიფებს დაუწესებს ყველა იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. ასევე მცირდება ენერგეტიკული კომპანიების აქციების ღირებულება. STXE 600-ის ინდექსი, რომელიც მოიცავს ევროპულ გაზისა და ნავთობის მრეწველობას, დაეცა 3.03%-ით (ნავთობის ფასზე ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდული ვარდნის ფონზე). ანალოგიური ინდექსი SXPP-თვის, რომელიც აერთიანებს სამთო კომპანიებს, დაეცა 3.08%-ით, რაც, სპეციალისტების აზრით, გამოწვეულია ჩინეთისთვის (როგორც მსოფლიოში მეტალების უმსხვილესი ექსპორტიორისთვის) წარმოუდგენლად მაღალი ტარიფის დაწესებით.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირმა ტრამპს შესთავაზა ავტომობილებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის ტარიფების გაუქმება (განულება).

„თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ კონტრზომებით და დავიცვათ ჩვენი ინტერესები", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

ტრამპის თქმით, ავტომობილებსა და სხვა სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების გაუქმება არასაკმარისი იქნება იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად რომელიც აშშ-ს აქვს ევროპასთან ვაჭრობაში და საერთოდ, ტრამპის თქმით, ევროკავშირი შეიქმნა აშშ-სთვის ზიანის მიყენების მიზნით.

"ევროკავშირი ძალიან-ძალიან ცუდად გვექცევა, ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ისინი საერთოდ არაფერს იღებენ", - ციტირებს სააგენტო France-Presse-ი დონალდ ტრამპს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 20%-მდე გაიზარდა.

ტრამპის თქმით, იმისათვის, რომ აღმოფხვრას თავისი უპირატესობა აშშ-თან ვაჭრობაში, ევროკავშირმა უნდა შეიძინოს გაცილებით მეტი ამერიკული ენერგორესურსი.

ბრიუსელი იმედოვნებს, რომ აშშ-თან სავაჭრო დავას მოლაპარაკებების გზით მოაგვარებს, თუმცა ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე ამზადებენ შეთანხმებულ კონტრზომებს, რომელთა მიხედვითაც, ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები თანდათანობით, აპრილის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.

ეკონომისტების თქმით, თუ დონალდ ტრამპი არ გააუქმებს ევროკავშირისთვის დაწესებულ ტარიფებს, გერმანიის ეკონომიკა (აშშ-ში ექსპორტის შემცირებით) სერიოზულად დაზარალდება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები", - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იორგ კუკისმა ორშაბათს, 7 აპრილს, ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში. ამის დასადასტურებლად მან მოიტანა ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (Ifo) გამოთვლები, რომელთა მიხედვითაც აშშ-ში გერმანული ექსპორტი დაახლოებით 15%-ით დაეცემა. ამასთან, კუკისის თქმით, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შემცირდება, რეცესიის საფრთხე კი გაიზრდება.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით, სავაჭრო კონფლიქტში, რომელიც ვაშინგტონის მიერ ტარიფების გაზრდით არის პროვოცირებული, გამარჯვებულები არ იქნებიან. აშშ-ში კომპანიების რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ რეცესიის რისკი აშშ-შიც იზრდება, რაც თავის მხრივ შეამცირეს გადასახადების დაპირებული დაწევის შესაძლებლობას.

ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობები გამწვავდა 2025 წლის მარტში ბრიუსელის საპასუხო განცხადების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკული საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესებას. ეს იყო ევროკავშირის პასუხი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფის დაწესებაზე.

ევროკომისიის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირისა და აშშ-ს შორის საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის მოცულობამ 1,6 ტრილიონი ევრო შეადგინა. დონალდ ტრამპი დიდი ხანია ჩივის, რომ აშშ-ს ევროკავშირთან ვაჭრობაში დიდი დეფიციტი აქვს. ბრიუსელის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირის ექსპორტმა აშშ-ში ჯამში 503 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 347 მილიარდი. თუმცა მომსახურების სექტორში ევროკავშირს 109 მლრდ ევროს სავაჭრო დეფიციტი აქვს.

რუსეთი - უტარიფოდაც დაზარალებული

რუსეთისათვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმპორტზე პირდაპირი ტარიფები არ დაუწესებია. გამოცემა Axios-თან საუბრისას თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ტარიფებიდან რუსეთის გამოტოვება იმით ახსნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები უკვე "გამორიცხავს ნებისმიერი სახით მნიშვნელოვან ვაჭრობას". თუმცა ტრამპის „შავ სიაში“ არ მოხვედრის მიუხედავად, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ დაწყებული გლობალური პროცესები რუსეთის ეკონომიკას დიდ გამოცდას უმზადებს.

ეკონომისტების თქმით, თამამად შეიძლება იმის ითქვას, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასაწყისი უკვე შემდგარი ფაქტია. მსოფლიო ბაზრებზე ვარდნა, რომელიც დაიწყო გასული კვირის ბოლოს (აშშ-ს მიერ 185 ქვეყნის საქონელზე სავაჭრო ტარიფების დაწესების გამოცხადების შემდეგ), კვლავაც გრძელდება, ხოლო ნავთობის ფასმა მიაღწია ბოლო ოთხი წლის მინიმუმს, რაც კარგს არაფერს მოასწავებს რუსეთის ეკონომიკისთვის, რომლის დამოკიდებულება ნედლეულის ბაზრებზე (ომის გამო) უზარმაზარია. ნავთობის ფასი სამი სავაჭრო სესიის განმავლობაში 15%-ზე მეტით დაეცა. დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებამდე 1 ბარელი ბრენტის ნავთობის სანაცვლოდ 75 ამერიკულ დოლარს იძლეოდნენ, 7 აპრილს კი მისი ფასი 63$-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ბოლოს ამ დონეზე ნავთობის ფასი 2021 წლის აპრილში იყო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ნავთობის ალიანსმა (OPEC+), რომლის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ 2025 წლის მაისიდან აპირებენ დაჩქარებული ტემპით მოხსნან ნავთობის მოპოვების მოქმედი შეზღუდვები. წინასწარი მონაცემებით, მოპოვების კვოტები გაიზრდება 411 ათასი ბარელით დღეში.

„ასე თუ ისე, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთვის ეს სიახლე შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი, მაქსიმ ბლანტი, - „რუსეთში ბიუჯეტის შევსების საქმე ისედაც ცუდად არის: 2025 წლის მარტში ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დაგეგმილზე 40 მილიარდი რუბლით ნაკლები, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის შემოსავლების ოდენობამ შარშანდელზე 286 მილიარდი რუბლით ნაკლები შეადგინა“.

როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, ნავთობის ფასი დაეცა რუსეთის ფინანსთა სამინისტროში გაკეთებულ ყველაზე პესიმისტურ პროგნოზზე (70$ - 1 ბარელი) დაბლა. ამასთან არ შეინიშნება გაიაფების შეჩერების არანაირი წინაპირობა.

„პირიქით, გაყიდვები პანიკურ ხასიათს იღებს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის „შავი დღე", რომლისთვისაც რუსეთის ხელისუფლება ომამდე რეზერვებს აგროვებდა (ჯერ სტაბილიზაციის ფონდში, შემდეგ კი სხვა სამთავრობო "ყუთებში"), უკვე დადგა, თუმცა რუსეთის მთავრობას, ომის წარმოებაზე გაწეული ხარჯების გამო, ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, - ამბობს მაქსიმ ბლანტი.

ექსპერტის თქმით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთვის, ისევე როგორც ნავთობის ექსპორტიორებისთვის, დიდი შვება იქნებოდა რუბლის დევალვაცია (გაუფასურება). თუმცა, რუსულ ეროვნულ ვალუტას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხელოვნურად ამყარებდნენ, ჯიუტად არ სურს გაუფასურება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მაღალი განაკვეთები ჩქარი ტემპით იზიდავს დიდსა და სწრაფ შემოსავლებზე მონადირეთა ე.წ. „კოვბოურ ფულებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის სურვილი, თანდათანობით შეამციროს და გონივრულობის ფარგლებში მოაქციოს ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, სურვილადვე დარჩება.

„იქმნება დახურული წრე. ბიუჯეტში გაჩენილი ხვრელი (დეფიციტი), რომელიც ინფლაციის ძირითადი ფაქტორია, არ შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას საბიუჯეტო დისციპლინის დაცვისკენ, რათა შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი, ვერ შეამსუბუქებს მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას. თანდათანობით ეს კრიზისი შესაძლოა გადავიდეს უფრო მწვავე ფაზაში, გადახდისუუნარობის კრიზისითა და მასობრივი გაკოტრებით სამოქალაქო სექტორში. ამან შეიძლება გამოიწვიოს "ცხელი" ე.წ. კოვბოური ფულის გადინება და რუბლის დევალვაციამ მიიღოს ნამდვილი კოლაფსის ხასიათი. ომის წყალობით ამ კრიზისის ჩასაქრობად რუსეთის მთავრობას არანაირი საშუალება არ აქვს. კრიზისი, რომელიც ახლა რუსეთის ეკონომიკას ემუქრება, შესაძლოა ისეთივე მასშტაბის აღმოჩნდეს, რამაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა“, - ამბობს მაქსიმ ბლანტი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG