რუსი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სკოლის მერხიდან იბრძოდა. მას შემდეგ, რაც ოცდახუთჯერ წაიკითხა „სამი მუშკეტერი“ და თხუთმეტჯერ უყურა „სპარტაკს“, მიხვდა, რომ მისი ცხოვრება სხვებისგან განსხვავებული იქნებოდა.
„15 წლისამ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ან გვარდიელების კარდინალის წინააღმდეგ უნდა მებრძოლა, ან მონათა აჯანყება მომეწყო“, - წერს ის თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „სლავი ქალის დამშვიდობება“.
ვალერია ნოვოდვორსკაია იმასაც მალევე მიხვდა, რომ დისიდენტობის გამო ოჯახის შექმნაზე უარის თქმა მოუწევდა. ეშინოდა უშიშროების სამსახურს მისი, ქმრისა და შვილების დევნა არ დაეწყო, რასაც საბოლოოდ მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. უბრალო რომანტიკულ ურთიერთობებსაც კი ერიდებოდა. სიკვდილამდე მარტო იცხოვრა, მოხუც დედასთან და ჟღალ კატასთან სტასიკთან ერთად.
მისი სიკვდილის შემდეგ ჟურნალისტმა ევგენია ალბაცმა რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროსთან გაიხსენა:
„კართაგენი უნდა დაემხოსო - და ამას აკეთებდა საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ქალური ბედნიერების ფასად... ხშირად ვეკითხებოდი, ლერა, თქვენ ხომ ქალი ხართ, თქვენ ალბათ გინდოდათ, რომ გყვარებოდათ. მას უყვარდა, ბავშვებიც უნდოდა, ოღონდ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის უზურპატორული რეჟიმისგან გათავისუფლება - იქნებოდა ეს საბჭოთა რეჟიმი თუ პუტინის - ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო. ამ კუთხით ის, რა თქმა უნდა, წმინდა ადამიანია“.
დოკუმენტურ ფილმში „თეთრი პალტო“ დისიდენტი იგორ ცარკოვი, რომელიც ნოვოდვორსკაიასთან მეგობრობდა ჰყვება, რომ ვალერიას დედაც უშიშროების აგენტი იყო. „რა ამბები მიჰქონდა უშიშროებაში ეს არ ვიცი, მაგრამ მათი აგენტი რომ იყო, ეს ნამდვილია“, - ამბობს ის. იგორი და ვალერია მას ეუბნებოდნენ, ვითომ შეყვარებულები იყვნენ, სინამდვილეში კი აკრძალული წიგნებს ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ.
როგორ იბირებდა სისტემა დისიდენტების ახლობლებს? საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ რადგანაც საქართველოში აგენტების ლუსტრაცია არ მომხდარა და უშიშროების არქივები არ გახსნილა, ძნელია ამ თემაზე დოკუმენტებით ისაუბრო. ერთ-ერთი გზა იყო მომსახურე პერსონალის, მაგალითად, დამლაგებლების გადაბირება, უშიშროება თავის სასარგებლოდ იყენებდა პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებსაც.
„სექსუალური, ინტიმური ურთიერთობების გავლით ადამიანების გამოჭერა ხდებოდა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეც, იქაური მოქალაქეების კომპრომეტირებისთვის და შემდეგ გადასაბირებლად“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, - „ოჯახის წევრებზე ზემოქმედებაც ცნობილი მეთოდი იყო, მათი თვალთვალი, გადაბირება, დაშინება, განსაკუთრებით გვიან წლებში, როდესაც ღია რეპრესიებს აღარ მიმართავდნენ“.
ირაკლი ხვადაგიანი ჰყვება, რომ გადაბირების შემთხვევები ინდივიდუალური იყო, თუმცა არსებობდა ზოგადი მექანიზმიც. თავდაპირველად გამოარჩევდნენ სამიზნეს, შემდეგ მასზე ინფორმაციას აგროვებდნენ, გეგმავდნენ როგორ მოეპოვებინათ მისი ნდობა. გადაბირებას სთავაზობდნენ მაშინ, როდესაც „სამიზნეს“ უარის თქმის საშუალება აღარ დარჩებოდა, შემდეგ კი, როდესაც თანამშრომლობაზე უკვე წერილობით მოაწერდა ხელს და სიმბოლურ თუ არასიმბოლურ გასამრჯელოს მიიღებდა, თავად ეს დოკუმენტი ხდებოდა დამატებითი კომპრომატი.
იყო შემთხვევები, როდესაც უშიშროება კომპრომატს კი არ ეძებდა, თავად ქმნიდა მას.
„ყველაფერს გამოიყენებდნენ, რომ ებიძგებინათ ადამიანისთვის, შესაბამისი გარემო შეექმნათ. ამის მთელი მექანიზმი არსებობდა, გარე თვალთვალის, ჩაწერის, გადაღების, სატელეფონო მოსმენების, მიმოწერის კონტროლის“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
სად არის ახლა ეს დოკუმენტები? სავარაუდოდ ისევ იქ, სადაც ადრე. დოკუმენტები აგენტების შესახებ საბჭოთა კავშირში დეცენტრალიზებული არ იყო, ანუ გორელი აგენტების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გორში ინახებოდა, თბილისელის მხოლოდ თბილისში და ასე შემდეგ. ირაკლი ხვადაგიანი განმარტავს, რომ ამით სისტემა ინფორმაციის გაჟონვისგან იზღვევდა თავს.
თანამესაკნე თანამეცხედრის ნაცვლად
რუსეთში მდებარე დამოუკიდებელი სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს ს. ჩუიკინას სტატიას დისიდენტურ მოძრაობებში ქალების როლზე. ავტორი წერს, რომ დისიდენტები თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე მეუღლედაც თანამოაზრეს ირჩევდნენ, ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ ცოლობას ან ქმრობას გაუწევდა, არამედ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაეხმარებოდა. დასტურად მას ერთ-ერთი დისიდენტის სიტყვები მოჰყავს:
„და საერთოდ, წარმოსადგენადაც ძნელია, უცხო ადამიანს ცოლად როგორ უნდა გაჰყვე. როგორ უნდა აუხსნა მას რამე, როდესაც შუაღამისას ყოფილი პატიმარი, სისხლის სამართლის დამნაშავე მოგადგება, რომელსაც მეგობარმა შენი მისამართი მისცა იმის იმედად, რომ იქ იატაკზე რამეს დაუგებდნენ და ღამე გაათევინებდნენ“.
საზოგადოებისაგან იზოლირებული დისიდენტები მუდმივი დევნის მსხვერპლნი ხდებოდნენ. ბევრი მათგანი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, ბევრმა ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობაც გამოიარა. ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, უთვალთვალებდნენ, ღიად ემუქრებოდნენ, როგორც თავად მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს. უკვე დაკავებულებს უსჯიდნენ, ხუთ, ათ, შეიძლება მეტ წელსაც, ასახლებდნენ სამშობლოსგან შორს, საიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვერც დაბრუნებულიყო.
ჩუიკინა ჰყვება, რომ დისიდენტები ხშირად ციხეში ქორწინდებოდნენ. ისინი, ვინც ოჯახის შექმნამდე ან მის ოფიციალურად გაფორმებამდე დააკავეს, უკვე ციხეში არეგისტრირებდნენ ქორწინებას, რომ მეუღლეს მათი მონახულება და ზრუნვა შესძლებოდათ.
1982 წელს გამოცემული საბჭოთა კავშირის დისიდენტების ლექსიკონის მიხედვით, 1956-1975 წლებში სსრკ-ში სამი ათასზე მეტი დისიდენტი იყო.
საბჭოთა კავშირის აგენტების ლუსტრაციის საკითხი საქართველოში არა ერთხელ დადგა დღის წესრიგში, მაგრამ არასოდეს სიტყვა საქმემდე არ მისულა. პირიქით, საბჭოთა პერიოდის არქივები მკვლევრებისთვის სულ უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება. ეროვნული არქივის შესახებ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები დახურულია, თუ საქმის წარმოებიდან 75 წელი არ არის გასული. შესაბამისად, მკვლევრებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დოკუმენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ფორუმი