Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე 2008 წელზე: მთავარია, „ნაცმოძრაობის“ ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის 16 წლისთავზე მივიდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალულნი. პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარში ყურადღება გაამახვილა 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

„ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი... მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა სამართლებრივი გზების გამოყენებას აპირებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა - ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - თქვა კობახიძემ.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით, თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში(ICC) დასრულდა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. იმავე წლის 30 ივნისს სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არცერთი ქართველისთვის არ წაუყენებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში რუსული პროპაგანდის ნაწილია:

„რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული“.

სამი წლის წინ, 2021 წლის 7 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ“.

საგარეო საქმეთა სამინისტოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება. 2021 წლის 7 აგვისტო
საგარეო საქმეთა სამინისტოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება. 2021 წლის 7 აგვისტო

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG