სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.
თბილისის დროით 14:00 საათზე გამართული სხდომის ფარგლებში გამოცხადდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა.
საქართველოს საჩივრის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
- ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი);
- საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
- განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
- გადაადგილების თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს საჩივარში ჩამოთვლილი მუხლებიდან დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, მე-3 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, მე-8 მუხლი, 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი. დამატებით დადგინდა ასევე 38-ე მუხლის დარღვევა (რუსეთმა არ ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან).
"სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.
შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ...
ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლოს მიერ ნაწილობრივ მისაღებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს. საქმეზე პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის 3 აპრილს გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის 6-17 ივნისს; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის 23 მაისს შედგა.
დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს. მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.
სახელმწიფოთშორის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო განიხილავს ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ უკვე მოიგო საქმე, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.
დეპორტირებულთა საქმის სახელმწიფოთაშორის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წელს გამოაცხადა; ხოლო 2019 წლის იანვარში - რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.
დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წელს გამოცხადდა; ხოლო მათი კომპენსაციის საკითხი 2019 წლის მარტში გადაწყდა.