Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეგუება არ შეიძლება“ - პრეზიდენტი ერგნეთში, ომის მუზეუმში ჩავიდა


სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში
სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავზე ჩავიდა ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრა.

2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში, ომის დროს თითქმის სრულად განადგურებული სახლის სარდაფში, შვიდი წლის წინ გაიხსნა.

„ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით… არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში
სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში

მისივე თქმით, საქართველოს გაერთიანების გზა მოსახლეობის გაძლიერებაზე გადის:

„ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად მოსახლეობის გაერთიანება, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრებენ, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა… იმათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, იმათი მომავალი, როგორც ჩვენი, არის ევროპაში. ეს იქნება საბოლოოდ გამაერთიანებელი - არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა…“

სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში
სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში

პრეზიდენტმა ერგნეთში ყოფნისას აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის მუზეუმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაა შექმნილი:

„არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია 'უცხო აგენტების' ფულით“.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა და აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე:

„აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG