„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
„მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“, - წერია საელჩოს მიერ 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს“, - წერს საელჩო.
ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
15 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი წლის შემდეგ დაიწყო „რეპრესიების ახალი ტალღა“.
- 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- დაკავებულია ამავე გამოცემის ოპერატორი გურამ მურვანიძე - მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
- ევროკავშირის საელჩომ განაცხადა: „მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს“.
- ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩასულ ჟურნალისტს, ზვიად ქორიძეს, 14 იანვარს „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტუმრო „შერატონში“;
- მოგვიანებით, იმავე სასტუმროს შესასვლელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. ექიმის თანახმად, მას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა;
- პარტიის ცნობით, გახარია ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად. მან სასამართლოს შენობაში ასევე სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს.
- 15 იანვარს თბილისში, საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენ. თავდასხმის ვიდეოკადრებში, რომელთა გადაღებაც რამდენიმე მოქალაქემ შეძლო, ისმის გინება და ჩანს ფიზიკური ძალადობა. ერთ-ერთ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი უჭირავს.
პარალელურად, საქართველოში გრძელდება მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც მოჰყვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
15 იანვარი საპროტესტო დემონსტრაციების 49-ე დღეა.
მანამდე პროტესტი მოჰყვა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას. ოფიციალურ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კითხვები აქვს საერთაშორისო პარტნიორების ნაწილს.
მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების არაერთხელ დარბევისა და დაშლის ფონზე, 30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოსთან 15 წლის წინ დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
ამის მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი მეთოდებით დარბევა და მთელი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული დაზიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
2024 წლის 29 დეკემბერს კი შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.
ფორუმი