Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შერატონის" მენეჯერის თქმით, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის კადრები შენახულია


ფოტო არქივიდან: ბათუმის სასტუმრო "შერატონი"
ფოტო არქივიდან: ბათუმის სასტუმრო "შერატონი"

ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერის, მეგი ჟღენტის განცხადებით, სამეთვალყურეო კამერების სრულ ჩანაწერებს, რომლებშიც ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე 14 იანვარს განხორციელებული თავდასხმა, შესაბამის უწყებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ. როგორც მან ჟურნალისტებს 15 იანვარს უთხრა, "არაფერი წაშლილი არ არის" და ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება.

კითხვაზე, რატომ დაასუფთავეს შემთხვევის ადგილი პოლიციის მისვლამდე, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "სავარაუდოდ, უშუალოდ დალაგება-დასუფთავების სამსახურმა მიიღო, არ მოსულა ზემოდან განკარგულება. შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები შემოდიოდნენ და დასუფთავების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება... პოლიცია მოვიდა გვიან და ამიტომ დასუფთავდა ".

მეგი ჟღენტის თქმით, მას სრულად არ უნახავს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ ინახავს ინციდენტის ამსახველ ყველა კადრს, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. მანვე თქვა, რომ "იყო შელაპარაკება", თუმცა არ უპასუხია კითხვაზე, ვინ დაიწყო ის.

ამასთან, დღეს, 15 იანვარს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა, სავარაუდოდ, დამონტაჟებული ვიდეო, რომელშიც ჩანს გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირება. "იმედის" თანახმად, მათ ორი ვიდეო მიაწოდეს. გავრცელებულ კადრებში, მათი მტკიცებით, ჩანს ინციდენტის დასაწყისი.

კადრებში, რომლებიც "შერატონის" მენეჯერის განცხადებით, არ არის სასტუმროს მიერ გადაღებული და რომელიც "იმედმა" გაავრცელა, ჩანს, როგორც ასხამს სითხეს გახარია სამხარაძეს. შემდეგ ჩანს სასტუმროს შესასვლელ მბრუნავ კართან ძირს დავარდნილი გიორგი გახარია, რომელიც წამოდგომას ცდილობს, რაშიც მას სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ეხმარება, მოშორებით კი დიმიტრი სამხარაძე ყვირის: "ხელი როგორ დამარტყი" და მიემართება მოშორებით მდგარი ავტომობილისკენ.

სასტუმროს მენეჯერის, მეგი ჟღენტის თქმით, ერთ-ერთი ადამიანი ინციდენტს თავიდან ბოლომდე იღებდა.

პარტიის, "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც ბათუმში სასტუმრო "შერატონში" იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ "იმედის" გავრცელებული კადრები არის დაჭრილი და დამონტაჟებული და მათგან შეუძლებელია "მომხდარი უტიფარი ჯგუფური დანაშაულის" სურათის აღდგენა.

ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, სასტუმროს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებისა და შენახვის მოთხოვნით უკვე მიმართეს პროკურატურას. "ამოიღონ კადრები, სადაც ჩანს მშვიდობიან ადამიანს თავს როგორც ესხმიან, მათ შორის დეპუტატები", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი, რომლის თანახმად, გამოძიებას ასევე მიმართეს "დამკვეთებისა და შემსრულებლების დასჯის" მოთხოვნით.

14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ექიმის თანახმად, მან კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.

ბათუმის სასტუმრო "შერატონში" მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

პარტიის, „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნათია მეზვრიშვილმა გვიან ღამით ფეისბუკზე დაწერა, რომ „შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”.

ნათია მეზვრიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მანამდე კი შსს-ს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2021 წელს გახარიამ დააფუძნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად. ყველა მათგანი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

დიმიტრი სამხარაძე საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან” და დეპუტატია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

სამხარაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით. გიორგი მანველიძე აჭარის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

დიმიტრი სამხარაძემ რადიო თავისუფლებას მომხდარის კომენტირებაზე უარი უთხრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG