ქურდოვანიძე დაპატიმრებული ამაღლობელისათვის დამატებით 2000-ლარიანი ჯარიმის შეფარდებას ფეისბუკზე ეხმაურება და აცხადებს: „სისტემას უნდა, მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს“.
მოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილება
წინა სხდომაზე, 2025 წლის 13 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ განაცხადა, რომ აღარ სჭირდებოდა დამატებითი მოწმეების, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაბარება სასამართლოში, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით ისედაც დაინახა, რომ მზია ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა პოლიციელებს და „დამკავებელი პოლიციელიც“ არ იყო ის, ვინც ოქმშია მითითებული.
წინა სხდომის მიმდინარეობისას მას არაერთხელ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ამაღლობელის ადვოკატების მიერ მოწმეთათვის დასმულ კითხვებზე თავისი გამოხატული პროტესტი მიეღო, თუმცა შაინიძე არ პროტესტს არ ითვალისწინებდა.
საბოლოოდ, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
„მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე“, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე და განმარტავს:
„განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე „აბრაზებს“ საკუთარი ,,სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, „შერჩევითი სამართალია“? თუმცა ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა“.
„სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს“, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა“.
„შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის სიმართლის დამტკიცებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეცდებიან.
„ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე“, - აღნიშნავს იგი.
მოსამართლე შაინიძემ 18 მარტს გამართულ სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილება გამოაცხადა, თქვა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არ დაემორჩილა პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნას“ და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ისმოდა შეძახილები: „უსამართლო სასამართლო!“ „ხალხის ძალის გეშინოდეს!“
მზია ამაღლობელის საქმეზე დაკავების ოქმს პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს. კადრებში კი ჩანს, რომ ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა.
ოქმში წერია, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს, - როცა კადრებიდან ირკვევა, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უწოდებენ გამოცემა „ბათუმელები“ და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ადვოკატები პირველი დაკავების ოქმს „გაყალბებულს“.
18 მარტსვე დაიწყო ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დააყენეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მისი განათლება არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
მოსამართლის განმარტებით, იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტზე დაეუფლა სამართალმცოდნეობას და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე სახელაშვილი სწორედ ამაღლობელის საქმის გამო ჰყავს სანქცირებული ესტონეთის მთავრობას - მას ესტონეთში შესვლა ეკრძალება.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, მოქალაქეები და გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას!“
მომდევნო სასამართლო სხდომები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, შემდეგ კი 7 და 10 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.
ფორუმი