ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არ დაემორჩილა პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნას“ და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ისმოდა შეძახილები: „უსამართლო სასამართლო!“ „ხალხის ძალის გეშინოდეს!“
წინა სხდომაზე მოსამართლე შაინიძემ თავად განაცხადა, რომ აღარ სჭირდებოდა მოწმეების დაბარება სასამართლოში, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით ისედაც დაინახა, რომ მზია ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა პოლიციელებს და „დამკავებელი პოლიციელიც“ არ იყო ის, ვინც ოქმშია მითითებული.
დაკავების ოქმს მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს. კადრებში კი ჩანს, რომ ამაღლობელი დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. ოქმში წერია, რომ ამაღლობელი დააკავეს პოლიციის შეურაცხყოფის გამო, როცა კადრებიდან ირკვევა, რომ იგი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს. სწორედ ამის გამო უწოდებენ გამოცემა „ბათუმელები“ და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ადვოკატები პირველი დაკავების ოქმს „გაყალბებულს“.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი