Accessibility links

მზია ამაღლობელის საქმე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - ბათუმში მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება - ბათუმში მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო


მზია ამაღლობელი 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში
მზია ამაღლობელი 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაიწყო ონლაინგამოცემების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ის სხდომაზე დასასწრებად ჩაჰყავთ ასობით კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან, რუსთავიდან, სადაც მდებარეობს ქალთა პენიტენციური დაწესებულება.

ჟურნალისტს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, სინდისის პატიმარს უწოდებენ კოლეგები, უფლებადამცველები და საზოგადოების ნაწილი.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დააყენეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მისი განათლება არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. მოსამართლის განმარტებით, იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტზე დაეუფლა სამართალმცოდნეობას. შესაბამისად, მან აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, მოქალაქეები და გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას!“

მომდევნო სასამართლო სხდომები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 7 და 10 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG