Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ზოგჯერ ქალს უნდა, რომ გააუპატიურონ, კაცმა ცოლის პაროლი უნდა იცოდეს, აჯობებდა მეტი ქალი პოლიტიკაში“ - კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ

„ზოგჯერ ქალს უნდა, რომ გააუპატიურონ, კაცმა ცოლის პაროლი უნდა იცოდეს, აჯობებდა მეტი ქალი პოლიტიკაში“ - კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ


2024 წელს თითქმის გასამმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალების დასაქმება კაცებისთვის სამუშაო ადგილების წართმევის ტოლფასია.
2024 წელს თითქმის გასამმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალების დასაქმება კაცებისთვის სამუშაო ადგილების წართმევის ტოლფასია.

უახლესი კვლევები გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლებიც ქალთა უფლებების მიმართ მოსახლეობის განწყობებს ასახავს, აჩვენებს, რომ ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თანასწორობას, თუმცა გარკვეულ საკითხებზე დამოკიდებულებები უარესობისკენაა შეცვლილი.

აი, მაგალითად, თუკი 2019 წელს გამოკითხულთა 10,3% თვლიდა, რომ ქალების მიერ უფლებების მოპოვება კაცებისთვის უფლებების წართმევას ნიშნავდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.

ამ სტატიაში თავმოყრილია გაეროს სააგენტოების - გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორი უახლესი კვლევის ძირითადი მონაცემები.

აჯობებს, კაცებმა იმუშაონ

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 2024 წელს თითქმის გასამმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალების დასაქმება კაცებისთვის სამუშაო ადგილების წართმევის ტოლფასია. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 7,5% იყო, ბოლო გამოკვლევის მიხედვით კი 20,7%-ია.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაზღაურებადი სამუშაო საუკეთესო საშუალებაა ქალისთვის, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა თითქმის ყოველ მეორეს (48%) მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმწირის შემთხვევაში, აჯობებს, კაცებმა იმუშაონ.

მოსახლეობის უმრავლესობას (75%) სჯერა, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ. ასევე, ყოველი მეორე ადამიანი (54%) ფიქრობს, რომ მომსახურების სფეროში [დამლაგებელი, მიმტანი, გამყიდველი] სამუშაო ქალებს უფრო მეტად შეეფერებათ.

გამოკითხულთა უმეტესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. თვლიან, რომ, როცა დედა მუშაობს, ბავშვები ამას მძიმედ განიცდიან (69%). მამების შემთხვევაში, ასე მოსახლეობის მხოლოდ 16% ფიქრობს.

ახლა უფრო ნაკლები კაცი თვლის, რომ ოჯახის მემკვიდრეობა ქალებს უნდა დარჩეთ

შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება მემკვიდრეობის განაწილების მიმართაც. თუკი 2019 წელს უფრო მეტი კაცი უჭერდა მხარს თანაბარ მემკვიდრეობას შვილებისთვის, 2024 წელს კაცები უკვე ნაკლებად ემხრობიან მშობლების სახლის, მიწის, საოჯახო ბიზნესისა და სხვა ქონების და-ძმაზე თანაბრად განაწილებას.

თუმცა გაიზარდა ქალების მხრიდან თანასწორი მემკვიდრეობის მხარდაჭერა, რაც მკვლევრების აზრით, მიუთითებს ქალების მზარდ ცნობიერებაზე საკუთრების უფლებების მიმართ.

„ქალის საქმე ოჯახზე ზრუნვაა“

2024 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ოჯახური ვალდებულებები კვლავ „ქალის საქმედ“აღიქმება. ამ მხრივ საინტერესოა ბოლო წლებში ჩატარებული სამი კვლევის ერთმანეთთან შედარება.

თუკი 2013 წელს რესპონდენტთა 88,5% თვლიდა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვა იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, განახევრდა. თუმცა 2024 წელს მაჩვენებელმა ისევ მოიმატა და 57,5%-ს მიაღწია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ქალის მთავარ მოვალეობად ოჯახზე ზრუნვას მიიჩნევენ.

უფრო მეტად პატრიარქალური გახდა ოჯახში გადაწყვეტილებების მიღების ტენდენციაც. 2019 წელს გამოკითხულთა 49,6% თვლიდა, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს. 2024 წელს ასე გამოკითხულთა 57,2% თვლის.

გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ უფრო მეტად დედის პასუხისმგებლობაა ბავშვზე ზრუნვაც. 56% ეთანხმება აზრს, რომ თუკი ბავშვი ავად გახდება, მის მოსავლელად სამსახურიდან დასვენების დღე დედამ უნდა აიღოს და არა მამამ.

პოლიტიკა, ბიზნესი - ვინ არის უკეთესი ლიდერი, ქალი თუ კაცი?

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. 2019 წელს ასე 48,5% თვლიდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 58%-ს მიაღწია.

თუმცა, გამოკვლევის თანახმადვე, მოსახლეობის უმრავლესობას (63%) სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს, ხოლო 65% მიიჩნევს, რომ რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე.

საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (52%) ფიქრობს, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში უკეთესობისკენ შეცვლის ქვეყანას.

გაიზარდა პოლიტიკაში გენდერული კვოტების მხარდაჭერაც. 2019 წელს კაცების 44,4% უჭერდა მხარს გენდერულ კვოტებს, 2024 წელს კი - 54,1%.

პოლიტიკაში ქალების ჩართვისთვის ყველაზე დიდ წინაღობად ოჯახური ვალდებულებები და ქალისა და კაცის როლებზე საზოგადოებაში არსებული შეხედულებები აღიქმება.

ბოლო კვლევების თანახმად, გაზრდილია იმ კაცების რიცხვიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბიზნესში კაცები უკეთესი ლიდერები არიან. თუმცა გაიზარდა ქალების თავდაჯერებულობაც - თუკი 2019 წელს გამოკითხულთა 56,2% თვლიდა, რომ ქალი და კაცი თანაბრად კარგი ლიდერები შეიძლება იყვნენ, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 62,2% გახდა.

„2013 წლიდან, ჩვენი კვლევა უკვე მესამედ ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, თორმეტწლიანი პერსპექტივით შევაფასოთ საქართველოს მოსახლეობის განწყობები გენდერული თანასწორობის საკვანძო საკითხების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ გენდერულ როლებზე მსჯელობა კვლავ გრძელდება, ერთი რამ სამივე კვლევის შედეგებით იკვეთება: გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა საქართველოში ჯერაც არაა მიღწეული... ხოლო 60%-ზე მეტი თვლის, რომ ქალთა მეტი პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისი ქვეყნის მომავალს თანასწორობის, ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიურობის განმტკიცებას უკავშირებენ“, - ამბობს დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

უარი სექსზე, ქალების სოციალური ქსელების პაროლები, ძალადობა უნდა მოითმინო...

გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებულმა ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ კაცების 22%-ზე მეტი თვლის, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალადობა უნდა მოითმინოს. ასე თვლის ქალების 16%-ზე მეტიც. ეს მაჩვენებელი წინა, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია.

გამოკითხული კაცების თითქმის ნახევარი, 43%-ზე მეტი, ამბობს, რომ ცოლს არ უნდა ჰქონდეს უფლება, უარი უთხრას ქმარს სექსზე. 2019 წელს ასე გაცილებით ნაკლები კაცი (34%) ფიქრობდა. რაც შეეხება ქალებს, გამოკითხული ქალების 24% ამბობს იმავეს.

მოსახლეობის თითქმის 40% კი თვლის, რომ კაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს მეუღლის/პარტნიორის მობილურის და სოციალური ქსელის პაროლები.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული კაცების 21% თვლის, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, მან ისეთი რამ ჩაიდინა, რომ „ამ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“. 2019 წელს ამას უფრო ნაკლები კაცი (14%) თვლიდა. გაცილებით ნაკლებია იმ ქალების მაჩვენებელი, რომლებიც ამ მოსაზრებას ეთანხმებიან.

გამოკითხული კაცების 20% იმასაც თვლის, რომ ზოგ შემთხვევაში, ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ. ასე ფიქრობს ქალების 12%-იც.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51%) ფიქრობს, რომ კაცისთვის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ქონა გამართლებულია, ხოლო ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 30% პროცენტი ამბობს.

მოსახლეობის აღქმით, ხალხის უმეტესობას ამ დამოკიდებულებაზე უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვს. მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მათ ირგვლივ მისაღებია ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი ქალებისთვის, სინამდვილეში კი ამგვარად მოსახლეობის 31% ფიქრობს.

გამოკვლევამ გამოავლინა განსხვავება ადამიანების ინდივიდუალურ დამოკიდებულებებსა და მოსახლეობის მიერ სოციალური ნორმების აღქმებს შორის, რაც „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“, კვლევისა და მონაცემთა ანალიტიკოსის, ნათია მესტვირიშვილის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ დონეზე, საქართველოს მოსახლეობას გენდერულ თანასწორობაზე უფრო პროგრესული შეხედულებები აქვს იმისგან განსხვავებით, რასაც, მათი აღქმით, მათ გარშემო მცხოვრებთა უმეტესობა ფიქრობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური სურათი დავანახოთ ადამიანებს - ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული სტერეოტიპები უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში.

მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობა ბიჭმა უნდა მიიღოს. მაგრამ თითქმის ნახევარი (46%) მემკვიდრეობის ბიჭისთვის დატოვებას მათ გარშემო გავრცელებულ სოციალურ ნორმად აღიქვამს. ანუ, სოციალური ნორმების ჩვენეული აღქმა ხშირად გაცილებით უფრო დისკრიმინაციულია, ვიდრე საზოგადოების რეალური დამოკიდებულება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რეალური სურათი დავანახოთ საზოგადოებას, ვაჩვენოთ, რომ ზოგჯერ რაც გვგონია, რომ ჩვენს გარშემო დამკვიდრებულ სოციალურ ნორმად ითვლება, სულაც არაა უმრავლესობის არჩევანი და თუ ისე მოიქცევი, როგორც თავად მიგაჩნია სწორად და არა ისე, როგორც გგონია რომ საზოგადოება შენგან მოელის, ამის გამო არავინ გაგკიცხავს“, - ამბობს ნათია მესტვირიშვილი.

გამოკვლევებმა ისიც აჩვენა, რომ გაცილებით დიდია გენდერული თანასწორობის მიმართ მხარდაჭერა 18-29 წლის ახალგაზრდებში. მათ შორის, ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, მემკვიდრეობის გოგოს და ბიჭს შორის თანაბრად გაყოფა. მათი უმეტესობა ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს.

ახალგაზრდა რესპონდენტები ნაკლებად სტერეოტიპულად უყურებენ ქალის მოვალეობების საკითხს და არ იზიარებენ, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა კარიერა.

„გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა ქალთა როლს სხვაგვარად უყურებს და მეტად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ამბობს მარიკა ბანძელაძე, UNFPA-ის ხელმძღვანელი საქართველოში.

ეკა სხილაძე, რომელიც წლებია იკვლევს საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებს, აკვირდება ტენდენციებსა და საზოგადოების განწყობებს, ამბობს, რომ გაეროს სააგენტოების უახლესი გამოკვლევების შედეგები ზედმიწევნით ირეკლავს სახელმწიფოს იმ პოლიტიკას, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება.

ეკა სხილაძე
ეკა სხილაძე

„2019 წელთან შედარებით გაუარესებული მდგომარეობა ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკიდან ნელ-ნელა ქრება თანასწორობა, ხდება გენდერის საკითხების გარკვეულწილად უგულებელყოფა. თუკი წინა წლებში სახელმწიფო...ამაყობდა მიღწევებით გენდერული თანასწორობის სფეროში, მაგალითად, მათ შორის, 2019 წელს მოახდინა სექსუალური შევიწროების დეფინიცია, გაუმჯობესდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, შეიქმნა ინსტიტუციური მექანიზმები, უკანასკნელ ხანს, ერთი პერიოდი გვქონდა სრული სტაგნაცია, ახლა კი უკვე უკან და უკან მივდივართ“, - ეუბნება ეკა სხილაძე რადიო თავისუფლებას და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები:

„სახელმწიფომ დაიწყო დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გამტარი და საზოგადოებამდე მიმტანია. მთავრობამ აქტიურად დაიწყო დისკუსია სიტყვა გენდერის კანონმდებლობიდან გაქრობის თემაზე და ეს ყოველივე, ცხადია, მოსახლეობის წარმოდგენებზეც აისახება.

ის, რასაც ამ გამოკვლევებში ვკითხულობთ, არის არა საზოგადოების ბრალი, რომ მათ ამგვარი წარმოდგენები აქვთ, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა - ერთი, რომ ის არაფერს აკეთებს, რომ ეს ყოველივე შეცვალოს და მეორე, უფრო მეტიც, პირდაპირ ზემოქმედებს დეზინფორმაციის გზით.

შემდეგ კი ეს განწყობები საზოგადოებაში ითარგმნება ისეთი ტიპის დანაშაულებში, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, ბავშვთა ქორწინება, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, პოლიტიკური პროცესებიდან ქალების გარიყვა და ა.შ.“, - ამბობს ეკა სხილაძე.

კვლევებმა მოიცვა რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტები. რაოდენობრივმა კვლევამ დაფარა საქართველოს 11 რეგიონი, ჩატარდა პირისპირი გამოკითხვის მეთოდით და კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 18 წლის და უფროსი ასაკის რესპონდენტებმა. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდა საქართველოს შერჩეულ 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 2408 პირისპირი ინტერვიუ. მკვლევრების თქმით, შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG