Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
6424 ლარი თვეში - ყაველაშვილის მრჩეველი საგარეო საკითხებში ტიკტოკზე „ფუკოს ქანქარის“ ავტორია

6424 ლარი თვეში - ყაველაშვილის მრჩეველი საგარეო საკითხებში ტიკტოკზე „ფუკოს ქანქარის“ ავტორია


მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლის ხელფასი ყოველთვიურად 6 424 ლარია.
ფოტოკოლაჟი: ლუკა ეხვაია (მარცხნივ) და მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლის ხელფასი ყოველთვიურად 6 424 ლარია. ფოტოკოლაჟი: ლუკა ეხვაია (მარცხნივ) და მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში არის ლუკა ეხვაია, - ტიკტოკ არხის, „ფუკოს ქანქარის“ ავტორი.

იგი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას მიიჩნევს „დიდ ნაბიჯად დეკოლონიზაციის გზაზე“; ასევე, აცხადებს, რომ საჭიროა, საქართველო რეგიონულ „3+3“ ფორმატში უნდა ჩაერთოს.

ყაველაშვილს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს - საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით - და მას ყოველთვიურად 6424 ლარს უხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად გამოცემა BMG-მ გაავრცელა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას ყაველაშვილის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ვინ არის ყაველაშვილის მრჩეველი

პრესცენტრში ასევე დაგვიდასტურეს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში არის ლუკა ეხვაია.

ის არის პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი (ლაიფციგის უნივერსიტეტიდან), ანალიტიკოსი, რომელიც დაახლოებით ორი წელიწადია, სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე ამუშავებს არხს სახელით „ფუკოს ქანქარა“.

ამ არხს 2025 წლის 20 მარტისათვის 45700-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

„ფუკოს ქანქარის“ ტიკტოკი
„ფუკოს ქანქარის“ ტიკტოკი

„ფაქტებს ჰკიდიათ ემოციები“ - ასეთია დევიზი ტიკტოკ-არხისა, რომელიც საკუთარ პლატფორმას ნეიტრალურს უწოდებს. იუტუბზე მას აქვს პოდკასტი ამავე სახელწოდებით.

ამ პლატფორმაზე ბევრს საუბრობენ საერთაშორისო პოლიტიკაზე, ჩინეთის მზარდ როლზე მსოფლიოშიც და საქართველოშიც, ასევე - აშშ-ის გლობალური როლის შესუსტებაზე.

„უცნობთან“, გიორგი გაჩეჩილაძესთან ერთ-ერთი სტუმრობისას, 2023 წლის 9 დეკემბერს, როცა განიხილეს ჩინეთის „შესაძლო მედიაცია“ საქართველოსა და რუსეთს შორის, ეხვაიამ თქვა:

„[ჩინეთი] ჯერ ისე მსხვილად ვერ არის ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი, რომ ასეთი მოლოდინები გაგვიჩნდეს. მაგრამ, თუ ეს სერიოზულ პარტნიორობაში გადაიზრდება და მეგაპროექტები განხორციელდება, - თუნდაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, - მაშინ უკვე ამაზე საუბარი შეიძლება“.

2025 წლის 18 მარტს, - ახლა უკვე ყაველაშვილის მრჩევლის როლში მყოფმა ეხვაიამ, - ყაველაშვილის ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა:

„საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა. ესაა ღირებულებათა სისტემებისა და გეოპოლიტიკური პრინციპების მნიშვნელოვანი კვეთა, როგორიცაა გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფა და სუვერენიტეტის ხაზის გაძლიერება“.

„ახალი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა“

USAID-ის, NED-ისა და შემდეგ „ამერიკის ხმისა“ და რადიო თავისუფლებისათვის დაფინანსების შეწყვეტას ეხვაია ფეისბუკზე 16 მარტს ასე გამოეხმაურა:

  • „ეს ნაბიჯი იმ კულტურული ჰეგემონიური პროექტის დასასრულია, რომლის აგენტებიც საქართველოში ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც ისტორიის გადაწერის, ახალი ქცევითი ნორმების დამკვიდრებისა და ახალი ადამიანის გამოყვანის პროექტს ახორციელებდნენ“;
  • „ეს ორგანიზაციები და მათ მიერ შემუშავებული კულტურული ჰეგემონიური პროექტი თავს გვახვევდნენ ბინარულ აზროვნებას... მათი პროექციით, ერთ მხარეს იყო პროგრესული, ცივილიზებული, დემოკრატიული და თავისუფალი სამყარო, მეორე მხარეს - დიქტატურა, ბარბაროსები და ჩამორჩენილი ბნელები“.

9 მარტს „ფუკოს ქანქარაზე“ გამოქვეყნებულ პოსტში კი იგი წერს, რომ „ევროპის კონტინენტი, აშშ და ჩინეთი, მთელი ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა“.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ცეცხლს ეთამაშება, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ მოვლენების სიღრმისეული შესწავლა და ქვეყნისთვის ახალი საგარეო პოლიტიკის დოქტრინის შემუშავებაა“, - ამბობს ის.

2024 წლის 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა ანტიევროპული ნაბიჯებისა და დემონსტრანტების დარბევის გამო, მან დაწერა:

„მეგობრებო, ნამდვილო ქართველებო, გილოცავთ, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით დეკოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე, თანამედროვე სამყაროს უდიდესმა იმპერიამ და დაღმავალმა ჰეგემონიურმა ძალამ - აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა“.

ლუკა ეხვაიას გარდა, ტიკტოკ-არხ „ფუკოს ქანქარის“ თანაავტორი ამჟამად არის ილია ლობჟანიძე.

ორივე მათგანი სტუმრობს პრორუსულ არხს, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, რომელიც მერაბ ჭიქაშვილის დაფუძნებულია.

  • ჭიქაშვილი „ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტია, - ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, - რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვის პირველ რეისს ჩამოჰყვა თბილისში და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისიც მონაწილეობდა რუსულ მხარესთან წარმატებულ მოლაპარაკებებში.
  • ამ არხთან აფილირებული პოლიტიკური ძალა, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, ითხოვს „ახალი გეორგიევსკის“ დადებას რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს დამოუკიდებლობას „დამღუპველად“ მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG