Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თქვენ მოგესაჯათ მკურნალობა - სახელმწიფოს უფლება ექნება, ნარკომომხმარებლებს ნების წინააღმდეგ უმკურნალოს

თქვენ მოგესაჯათ მკურნალობა - სახელმწიფოს უფლება ექნება, ნარკომომხმარებლებს ნების წინააღმდეგ უმკურნალოს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომების გამკაცრების პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს იძულებით უმკურნალოს. მკურნალობა იქნება როგორც სასჯელი - სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის. გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

იძულებითი მკურნალობის მისჯა ბევრს საბჭოთა წარსულის ასოციაციებს უჩენს და მით უფრო გარემოში, სადაც პოლიციურ და სასამართლო სისტემას არ ენდობიან. ექიმ ნარკოლოგებს არ წარმოუდგენიათ სივრცეები, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეებს შესაძლოა იძულებით და შედეგიანად უმკურნალონ.

რა იგეგმება?

17 მარტს “ქართულმა ოცნებამ” პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის ახალი სახე - ნარკომომხმარებელთა სავალდებულო მკურნალობა დაამატოს.

გადაწყდა, რომ:

  • “ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია” და “არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი”.
  • თუკი ადამიანს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიესაჯოს მკურნალობაც.
  • შემთხვევებს შეაფასებს მოსამართლე.
  • სასჯელი ანუ სავალდებულო მკურნალობა შეიძლება გამოიყენონ იმ შემთხვევაშიც, თუ ნარკოდამოკიდებული საფრთხეს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც უქმნის.
  • იძულებით მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს სხვა სასჯელთან ერთად.


19 მარტს, ვიდრე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით, 83 ხმით დაამტკიცებდნენ, მომხსენებელმა, სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ სავალდებულო მკურნალობა [რომელსაც ის მანამდე იძულებით მკურნალობად მოიხსენიებდა] “დამატებითი სასჯელია“ და რომ შესაძლოა, მკურნალობა გათვალონ “მძიმე სენით დაავადებულებზე”.

მაგრამ ზუსტად რა და როგორ იქნება - დეტალები ჯერ არც “ოცნებაში” არ იციან.

“შესაძლოა, კანონქვემდებარე ან საკანონმდებლო აქტში ცვლილებების ჩაწერაც კი გახდეს საჭირო, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს პირის გადაყვანა, სად უნდა მოხდეს, როგორ იქნება მისი, როგორც პაციენტის, უფლებები გარანტირებული…

როგორ შეუძლია პირს, რომ გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება, რა ვალდებულებები აქვს ექიმს, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება აღებული ამ ადამიანის მკურნალობაზე… უფლებრივი თვალსაზრისით გასაწერი იქნება, მკურნალობის ფარგლებში რა უფლებების შეზღუდვა შეიძლება მოხდეს”, - თქვა არჩილ გორდულაძემ და დაამატა, რომ ყველა ამ საკითხის დეტალური გაწერა მეორე მოსმენით განხილვისთვის იქნება საჭირო.

19 მარტს სხდომაზე განმარტება მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და თქვა, რომ უფრო ფართოა შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს ამ სასჯელის გამოყენება შეეძლება.

“თუ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული სხვა - შეძენა, შენახვა და ასე შემდეგ - მოხმარებაზე საერთოდ არა აქვს ბრალი წარდგენილი, არც ადმინისტრაციულად არის დაჯარიმებული, მაგრამ ნარკოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ის არის მომხმარებელი, არის მძიმედ დაავადებული და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც მოსამართლის დისკრეციული უფლება იქნება, დაუნიშნოს მას დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა”.

ასოციაციები საბჭოთა დროსთან

ექიმ ნარკოლოგს, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის, “ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელს, დავით ოთიაშვილს, საბჭოთა დრო ახსენდება და გვეუბნება, რომ ბოლო ათწლეულებში, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში მსგავსი სასჯელის შესახებ არაფერი სმენია.

„ამ პრაქტიკას იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დროს, წინა საუკუნის 60-იან 70-იან წლებში, როგორც მომხმარებელი ადამიანების კონტროლის მექანიზმს და მას შემდეგ არავინ იცნობს ამ პრაქტიკას... საბჭოთა კავშირის დროს იყო ციხის მაგვარი დაწესებულებები, თავისუფლების აღკვეთით, თავისი დაცვით, ბადრაგით. შემოღობილ ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების მომხმარებლებს, სასამართლოს მიერ მისჯილებს, ევალებოდათ მინიმუმ ერთწლიანი პერიოდის გატარება იქ“, - დავით ოთიაშვილს ასევე უჭირს, წარმოიდგინოს სივრცე და გარემოებები, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავე ნარკომომხმარებელი იძულების წესით მკურნალობის სრულფასოვან პროგრამას გაივლის:

„იძულებითი მკურნალობა ნიშნავს, რომ თავისუფლება უნდა იყოს შეზღუდული. არ ვიცი, ციხის პირობებში ფიქრობენ ამის გაკეთებას თუ სად... იმ ციხის პირობებში სად მონახავენ კვალიფიციურ პერსონალს, რომელიც ხარისხიან მკურნალობას უზრუნველყოფს, ძალიან მიჭირს ამის წარმოდგენა“.

დავით ოთიაშვილი გვეუბნება, რომ ევროპაში არსებობს მკურნალობა სასჯელის ალტერნატივის სახით, „როდესაც ხედავენ, რომ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო [ნარკოტიკული] ნივთიერებების მოხმარებით“, გარკვეულ შემთხვევებში ბრალდებულს სთავაზობენ მკურნალობის გავლას სასჯელის სანაცვლოდ - თუმცა ასეთი შემთხვევები იძულებად ვერ ჩაითვლება, „რადგან ადამიანი თავად ირჩევს“. ასევე, ევროპის ქვეყნებში მკურნალობისთვის გამართული, მძლავრი ინფრასტრუქტურა არსებობს.

ნარკოტიკული ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელი თემო ხატიაშვილი ჩვენთან საუბრისას საკუთარ 15-წლიანი წამალდამოკიდებულების გამოცდილებას იხსენებს, როცა, სათანადო ნების არარსებობის გამო, გამოჯანმრთელების ყოველი ცდა მარცხით მთავრდებოდა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს ის განიხილავს დამატებით წნეხად ადამიანების ისედაც მოწყვლად და სტიგმატიზებულ ჯგუფზე:

“დეტოქსი მაქვს ალბათ ერთი 8-10-ჯერ მაინც გავლილი… შეუძლებელი რაღაცაა. ვისაც რაიმე შეხება ჰქონია წამალდამოკიდებულ ადამიანთან, ყველამ კარგად იცის, რომ მათი მკურნალობა ძალდატანებით შეუძლებელია…ამ [საკანონმდებლო] ცვლილებებს განვიხილავ პოლიციისთვის ბერკეტების გასაძლიერებლად და ასევე პოპულისტურად - რადგან ნარკოვითარება ქვეყანაში მართლა რთულად არის”. თემო ხატიაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას კვლავ დამსჯელობითი სახე უნარჩუნდება, მაშინ, როცა ნარკოტიკების თითოეული მომხმარებელი პაციენტია.

მოსამართლის მიერ მკურნალობის, როგორც სასჯელის, განსაზღვრაში მნიშვნელოვან რისკებს ხედავს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი.

“როცა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი უკავშირდება და ადამიანებზე სისხლისსამართლებრივი დევნა განსხვავებული შეხედულებების გამო და პოლიტიკური მოტივებით ხდება, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ სწორედაც დასჯის მიზნით გამოიყენონ ეს ახალი იძულებითი მკურნალობის მეთოდიც”, - უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად უმოქმედოა ნარკოდანაშაულის პრევენციის მიმართულებით და დასჯაზე ორიენტირებულ პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს, რაც მას მოქალაქეებზე ზეწოლის მეტ ბერკეტს უჩენს.

რაზე (არ) მიუწვდებათ ხელი ნარკომომხმარებლებს?

კანონით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, ნარკომანიით დაავადებული პირთათვის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახეებად განსაზღვრულია:

  • ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა - თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობა.


სახალხო დამცველის ყოველწლიური [2023 წელი] ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთა დახმარება “არ შეესაბამება თანამედროვე ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას და მხოლოდ ფსიქიატრის კონსულტაციითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება. არ მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა”. იგივე აქცენტებია დასმული N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ, 2024 წელს მომზადებულ ანგარიშში.

ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს იზოლატორებში, სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციით, დაკავებულებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ჩანაცვლებით თერაპიაზე. თუმცა დაკავებულებს, რომლებიც “დაკავებამდე ჩართულები არ ყოფილან პროგრამაში და არც დაკავების შემდეგ უთხოვიათ მასში ჩართვა”, კვლავ მხოლოდ “სიმპტომური მკურნალობა უტარდებოდათ დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიწოდებით”.

სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის 274-ე მუხლში არსებობს ჩანაწერი იძულებითი მკურნალობის თავის არიდების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

“ეს ნორმა ძველი და უმოქმედოა, მიღების შემდეგ არავინ შეხებია… ახლა ამატებენ მკურნალობას, როგორც სისხლის სამართლის სასჯელს, რაც მანამდე არასოდეს ყოფილა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ნიკა სიმონიშვილი და აღნიშნავს ასევე, რომ 274-ე მუხლში ნარკომომხმარებელი ძველი, სტიგმატიზებული სახელით - “ნარკომანად” - არის მოხსენიებული.

და როგორია სრულფასოვანი მკურნალობა?

ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ისევე როგორც დამოკიდებულების სხვა ფორმები, ქრონიკულ, პროგრესირებად მდგომარეობად მიიჩნევა.

მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებით, სპეციალისტები დამოკიდებულთა მკურნალობაში ერთიან ბიო-ფსიქო-სოციალურ ჯაჭვს გამოყოფენ, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და აუცილებელ პირობად თავად წამალდამოკიდებული ადამიანის ნება განიხილება. თუმცა ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევებშიც კი, გამოჯანმრთელება გარანტირებული არ არის.

საფუძვლიანი მკურნალობა საკმაოდ ძვირია და ამიტომ - ბევრისთვის მიუწვდომელი. დახურულ ცენტრებში მომსახურების ყოველთვიური საფასური 8-10 ათასი ლარია.

  • 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიდგომა სამმხრივია: დეტოქსიკაცია, ოპიოიდების აგონისტებით ჩანაცვლების თერაპია (OAT) და ფსიქოსოციალური დახმარება.
  • „ალტერნატივა ჯორჯიას“ ბოლო, 2021 წლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა აფინანსებს მხოლოდ ხანმოკლე რეაბილიტაციის კურსს, რომელიც განიხილება როგორც დეტოქსიკაცის კომპონენტი და არა როგორც ცალკე არსებული სარეაბილიტაციო პროგრამა”.


ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე 11 360 325 ლარი დაიხარჯა და სერვისით 17 227 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ვისაც სახელმწიფოს დაფინანსებით პროგრამაში ჩართვა სურს, ხშირად აღნიშნავენ, რომ უწევთ ლოდინი და რიგებში დგომა.

დავით ოთიაშვილის თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში დღეს არსებული სიმძლავრეები არ იყოს საკმარისი, მაგრამ თუკი გარკვეული წყაროები [სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანიები] დააფინანსებენ და მოთხოვნა გაჩნდება უფრო ფართო სამკურნალო ინფრასტრუქტურაზე, „დარგი ამას მყისიერად უპასუხებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG