Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მდინარაძე „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ფარგლებში სასჯელად „სავალდებულო მკურნალობას“ აანონსებს

მდინარაძე „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ფარგლებში სასჯელად „სავალდებულო მკურნალობას“ აანონსებს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ფარგლებში პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება, რომ ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით პირს „სავალდებულო მკურნალობა“ შეეფარდოს.

„გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში 17 მარტს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ და დასძინა:

„ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, - სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორია“.

მდინარაძის თქმით, დღევანდელი „ხანგრძლივი [უმრავლესობის] სხდომის 80% დაეთმო ამ საკითხს“.

მდინარაძემ დააზუსტა, რომ იძულებითი მკურნალობა არ შეეხება ადმინისტრაციულ სახდელებს და „ეს იქნება სისხლისსამართლებრივად გაწერილი სასჯელი“.

მისი თქმითვე, შემთხვევები, როცა „იძულებითი მკურნალობა“ სასჯელად განისაზღვრება, გადაწყდება მოსამართლის მიერ: „შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს [საქმის] მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის ზრუნვის თვალსაზრისით“.

„ქართული ოცნება“, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა „ანტინარკოტიკულ რეფორმას“ იწყებს, - ამკაცრებს კანონს, რითაც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს მკაცრად დასჯის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG