„მაქვს უმაღლესი განათლება... დავიბადე კახეთის რაიონში, ყვარელში... დაკავების დროს ვცხოვრობდი თბილისში“, - 50 წლის გელა უძილაურმა მოკლედ წარუდგინა თავი მოსამართლეს. დარბაზში ის რვა პოლიციელმა შემოიყვანა.
სხდომას მხოლოდ ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ცარიელი სკამები სასამართლოს დარბაზში ბრალდებულის თანმხლებმა პოლიციელებმა დაიკავეს.
ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ სასამართლო საქმის კურსში ჩააყენა, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ამიტომ, უცნობი დარჩა ეთანხმება თუ უარყოფს იგი წაყენებულ ბრალდებას.
გელა უძილაურს ორ დანაშაულში სდებენ ბრალს:
- ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, „ისეთი საშუალებით ჩადენილი“, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ გელა უძილაურმა მოკლა ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი გია ჩადუნელი, რომელიც ავტომობილიდან მას შემდეგ გადმოვიდა, რაც სროლის ხმა გაიგო.
რა მოხდა - საქმის მასალები
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა 14 მარტს 23:30 წუთზე ჭავჭავაძის გამზირის 7-9 ნომრების სიახლოვეს მოხდა.
„გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართულებით. სროლების დროს ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ იქ მყოფ სხვა მოქალაქეებს. გია ჩადუნელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს“, - თქვა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მეორე დღეს „ტელეკომპანია ფორმულამ“ გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც ჩანს, რომ სათვალეში, შავ ქუდსა და ლურჯ ქურთუკში ჩაცმული კაცი ბოლთას სცემს.
როდესაც შენობიდან ორი კაცი გამოდის, ის მათ აედევნება და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს თავს ესხმის.
მომხდარს ჰყავს თვითმხილველები, მათგან სამი სათვალთვალო კამერებში ჩანს, არცერთი მათგანი არ დაზარალებულა, თუმცა მკვლელობისას ნასროლი ბრმა ტყვია მოხვდა პიცერია „დომინოს“ შენობას.
„სროლის დროს პიცერიის შენობაში სამი ადამიანი იყო, გარეთ სკამებზე კი ოთხი იჯდა. ასევე მიმდებარედ მიტანის სერვისის თანამშრომლებიც იდგნენ, გადავრჩით“, - უთხრეს „დომინოს“ თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მომხდარიდან მეორე დღეს.
ვინ მოკლეს?
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე სოხუმში გაიზარდა და დაიბადა. მას ახლობლები და მეგობრები სამძიმრის ტექსტებში „მეცენატს“ უწოდებენ. ოჯახის ახლობლების ცნობით, ის რუსეთში ცხოვრობდა, არის ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯანგველაძე იმ სახლიდან გამოვიდა, სადაც სამძიმარზე იყო მისული და თანმხლებთან ერთად იქვე გაჩერებული ავტომობილისკენ გაემართა.
მანქნაში მისი მძღოლი, სროლისას დაჭრილი გია ჩადუნელი იჯდა.
„ბრალდებულმა სისხლიანი კალო დაატრიალა ჭავჭავაძის ქუჩაზე“, - თქვა პროკურორმა და დაამატა: „14-ჯერ გაისროლა, ნაწილს დამიზნებით მოხვდა, დანარჩენი ტყვიები დაფრინავდა ქუჩაში“.
კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორ გადარბის მკვლელი ჭავჭავაძეზე სროლის შემდეგ.
მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ 17 მარტს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გია უძილაური.
სასამართლოში ნათქვამ ვერსიაზე, რომ ბრალდებული ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დამპალოს დასახლებაში სასაფლაოზე იმალებოდა, პროკურორი გამოძიების ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
დაისვა კითხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ თითქოს თავდამსხმელი სახეს სილიკონის ნიღბით იფარავდა.
„ნიღაბთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, - თქვა პროკურორმა.
რა მოტივი ამოძრავებდა მკვლელს?
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მომხდარი ან პირადი ანგარიშსწორებით შეიძლება აიხსნას ან შეკვეთილი მკვლელობით. მეორე ვერსიას ზურგს მოკლულის ძმის ქურდულ სამყაროსთან კავშირები უმაგრებს. პირველს - მოკლულის საქართველოში არსებული ბიზნესები.
კითხვებს ნათელი გამოძიებამ უნდა მოჰფინოს, რისთვისაც პროკურატურას ორი თვე აქვს.
კითხვაზე,იყო თ არა ეს „შეკვეთილი მკვლელობა“ და არის თუ არა ბრალდებული დაქირავებული მკვლელი, პროკურორი ამბობს, რომ მათ ეს ჯერ დანამდვილებით არ იციან:
„რა ვითარებაში, ვისთან ერთად [დაგეგმა მკვლელობა], არსებობდა თუ არა დამხმარე, ან თანამზრახველი - [ამის დასადგენად] მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. როდესაც გვექნება წარმოვადგენთ. ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია, დღემდე იყენებს დუმილის უფლებას“.
მხარეები არც იმას პასუხობენ, იცნობდნენ თუ არა ბრალდებული და მოკლული ერთმანეთს.
„ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი კონფიდენციალურია“, - თქვა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ დაკავებული უძილაური წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა.
გამოძიებას ამ დრომდე არ უპოვია მკვლელობის იარაღი და ვადაუდობს რომ ის მკვლელმა გადამალა. ამის თქმის საფუძველს პროკურორ გია შაიშმელაშვილს აძლევს ფაქტი, რომ უძილაური ფლობდა ორ ცეცხლსასროლ იარაღს, აქედან ერთი გამოძიებამ ბრალდებულის სახლში ჩხრეკის დროს დალუქა, მეორე იარაღს გამომძიებლებმა ვერ მიაგნეს.
უძილაურის ადვოკატი, მარიამ ტაბატაძე მკაფიოდ არ პასუხობს შეკითხვას, სად არის მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი იარაღი, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო.
„გამოძიების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივად, ობიექტურად. რაც პროკურორმა თქვა, პროკურორმა უნდა დაასაბუთოს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს... 17-ში დააკავეს, ამ დრომდე ის მოქმედებები, რაც ბრალდების მხარემ შესთავაზა, ყველაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ტაბატაძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობასა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად დუმილის უფლების გამოყენებისა, გამოძიება სიმართლის დასადგენად „ძალისხმევას არ დაიშურებს“.
არ არის გამორიცხული გაიზარდოს მკვლელობაში ბრალდებულთა წრე, საქმეში ბევრ სხვა საკითხთან ერთად ღიაა კიდევ ერთი კითხვა - ვის სწერდა მესიჯებს ტელეფონიდან თავდამსხმელი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.
ფორუმი