Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნელა კვდებიან, მკურნალობის გარეშე, აივ-ინფიცირებულებს ფრონტიდან არ უშვებენ

ნელა კვდებიან, მკურნალობის გარეშე, აივ-ინფიცირებულებს ფრონტიდან არ უშვებენ


ვირუსული დაავადებების ნიმუშები (საილუსტრაციო ფოტო)
ვირუსული დაავადებების ნიმუშები (საილუსტრაციო ფოტო)

45 წლის ვორონეჟელი ალექსეი შეპილოვი 2023 წელს რუსულ ჯარში იმიტომ ჩაეწერა, რომ „ციხიდან მალე გამოსულიყო“. ამას მისი ცოლი ნატალია ჰყვება. სამ თვეში დაიჭრა და აივ-ინფექცია გადაედო, სავარაუდოდ სისხლის გადასხმისას.

პროკურატურამ კი თქვა, რომ ალექსეი სამხედრო სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა არ ჩქარობს.

შეპილოვი წელზე მეტია არ მკურნალობს. შიდსის ცენტრში ცოლს უთხრეს, ანტირეტროვირუსულ თერაპიას სამხედროებს არ ვაძლევთო.

ალექსეი შეპილოვი 2023 წლის ოქტომბერში 27-ე შემტევ ბრიგადაში აიყვანეს. კონტრაქტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ციხიდან მალე გამოსულიყო. მკვლელობას, რომლის გამოც სასჯელს იხდიდა, არ აღიარებს - თავდაცვა იყოო.

ალექსეი ამბობს, რომ კონტრაქტი გააფორმა თუ არა, მაშინვე ინანა. ყოფილი პატიმარი საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს - ომში თითქმის მოუმზადებლად გაუშვეს. დღემდე უკვირს, რომ სამი თვის შემდეგ დაიჭრა და არა უფრო ადრე. ვინც მის გვერდით იბრძოდა, პირველივე თვეს დაშავდნენ ან დაიღუპნენ.

„მარცხენა ფლანგზე საჭმელი უნდა მიმეტანა. ზურგჩანთა ავიღე და წავედი. ნორმალურად მივაღწიე, დავტოვე სურსათი და გამოვბრუნდი, მაგრამ უკანა გზაზე „ჩიტი“ (დრონი - რ.თ.) ამეკიდა. რომ მინდოდა გავცლოდი, ჭურვი ჩამოაგდო. ნამსხვრევები ფეხში მომხვდა. ასე აღმოვჩნდი ვალუევკაში (სოფელი ვოლგოგრადის რეგიონში - რ.თ.): დაჭრილი საზღვარზე გადამიყვანეს და შემდეგ გასაშლელ ჰოსპიტალში მომათავსეს, სპორტულ დარბაზში, სადაც ასობით ადამიანი იწვა. დამპალი ხორცის საშინელი სუნის სუნთქვის საშუალებას არ იძლეოდა. იქვე მაგიდებზე აკეთებდნენ ოპერაციებს, სისხლსაც იქ უსხამდნენ“, - იხსენებს ალექსეი.

2024 წელს ფსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქ მას პირველად დაუსვეს აივ-ინფექციის დიაგნოზი.

„ოქტომბერში, სანამ სამხედრო სამსახურში აგვიყვანდნენ, გაგვსინჯეს, მანამდეც შეგვამოწმეს. მსგავსი არაფერი მჭირდა, - ჰყვება ალექსეი, - მგონია, რომ ლაზარეთში შემყარეს ინფექცია, გადასხმისას“.

დაავადების დამადასტურებელ საბუთში (2024 წლის 22 აპრილი) სამხედრო-სამედიცინო კომისიის ექიმებმა დაამოწმეს, რომ აივ- ინფექცია შეპილოვმა სამხედრო სამსახურის დროს აიკიდა. თუმცა, მას კატეგორია „ბ“ მიანიჭეს - „შეზღუდულად ვარგისი“.

„თავიდან ეუბნებოდნენ ნამსხვრევები გაქვს ფეხებში, ამიტომ გაძლევთ დროებით კატეგორიასო. მოირჩენ, გაგიყვანთ კიდევ ერთ კომისიაზე და „დ“-ს მოგანიჭებთ, ან „გ“-სო. აპრილში კიდევ ერთი კომისია გაატარეს, მაგრამ ჩემი ქმარი მაინც „შეზღუდულად“ ვარგისია“, - ამბობს ნატალია, „კომისიამ შემოწმების შემდეგ დაამატა, რომ აქვს კისტა ზემო ყბაში და ახლომხედველია, მაგრამ თერაპიის გარეშე რომ ნელ-ნელა კვდება, ამის მითითება დაავიწყდათ. ელოდებიან, როდის ჩალპება იქ და მერე გამოუშვებენ. წელზე მეტია გასული, იციან, რომ აივ-ინფექცია აქვს, მკურნალობა კი - ნული“.

კომისიის დოკუმენტებში ექიმები ადასტურებენ, რომ აივ-ინფექციას არავინ მკურნალობს - „აივ-ინფექცია, მესამე სტადია, ანტირეტროვირუსული თერაპიის გარეშე“.

„ვერ ვხვდები, რად უნდათ ასეთი ჯარისკაცი? რატომ არ ჩამოწერენ? საერთოდ აღარავინ დარჩათ? თუ ეშინიათ, რომ დაბრუნდება და უჩივლებს დაინფიცირებისთვის? სხვათა შორის, ამასაც ვფიქრობ! - ამბობს ნატალია - ახლა უბრალოდ კლავენ იქ, აივ-ინფექცია შიდსში გადადის და ნებისმიერი სურდო მისთვის სასიკვდილო იქნება".

ნატალია შეეცადა თავად ეშოვა წამლები და ალექსეისთვის გადაეცა. ვორონეჟის შიდსის ცენტრში მივიდა. უთხრეს, სამხედროებს თავიანთი სამედიცინო სისტემა აქვთ, ჩვენ რომ ჩავერიოთ, არ გამოვა, რომ გადადგება სამსახურიდან, მაშინ მოდითო.

„არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ქვეშაა. შეიარაღებული ძალები კი მას არც კლავენ არც აცოცხლებენ. ანუ თუ სამხედრო ხარ, ისეც მოკვდები და ასეც. გამოდის, ჩემი ქმარი უწამლოდ უნდა დაიღუპოს“.

2025 წლის თებერვალში ნატალიამ სამხედრო პროკურატურის ახნა-განმარტება მოიპოვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეპილოვი სამხედრო სამსახურიდან სულ მცირე ორი მიზეზით უნდა გაათავისუფლონ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და - კონტრაქტის დასრულებისა.

დოკუმენტის სამხედრო ნაწილში გადაგზავნის შემდეგ შეპილოვი სხვა ნაწილში გადაიყვანეს.

„როგორც კი იქ მივიდა, მაცნობა, აქ არაფერი არ არის, ანტიბიოტიკებიც კიო. მან კი ნებისმიერი მწვავე ვირუსული დაავადება მაშინვე უნდა მოაშთოს. მხოლოდ მან არა, იქ კიდევ არიან აივ-ინფიცირებულები“, - ამბობს ნატალია.

ბრძანებაში მითითებულია, რომ ეფრეიტორი შეპილოვი 272-ე მოტომსროლელი პოლკის 47-ე სატანკო დივიზიაში მსროლელად დანიშნეს.

„რამდენი არიან არ ვიცი, მაგრამ ორზე მეტი ნამდვილად. თან ჩემს ქმარს დაჭრილები გადაჰყავს, ღია ჭრილობებით. ეს ნორმალურია? გარშემო ხალხი ნამდვილად უსაფრთხოდაა? ჰკიდიათ ისინიც და მათი უსაფრთხოებაც. ტესტის შედეგი გვიან გამოგზავნეს, ქმარმა მოასწრო ჰოსპიტლიდან ჩემთან მოსულიყო და მეც დავეინფიცირებინე. ორმაგი ტრაგედია გვაქვს ოჯახში. მომიწია, გაყიდვების სფეროდან წამოვსულიყავი ამ სტატუსის გამო. არადა, ბავშვები გვყავს“, - ამბობს ნატალია.

სამხედრო ადვოკატების თქმით, აივ-ინფიცირებულის ჯარში დატოვება არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრძალვებს ეწინააღმდეგება (შიდსი იმ დაავადებათა ნუსხაშია, რომელთა არსებობაც ადამიანს სამხედრო სამსახურს უკრძალავს), არამედ ფედერალურ კანონსაც (N76), რომლის მიხედვითაც, სამხედროს ჯანმრთელობისა და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება აქვს.

„აივ-დადებითისთვის ბრძოლა არა მხოლოდ რთულია, შეუძლებელია. თერაპიას ის იღებს იმ რეგიონში, სადაც მიწერილია, საშუალოდ ყოველ კვარტალში ერთხელ. ანუ სამ თვეში ისევ უნდა მიიღოს თერაპია. რისკია, რომ ამას ვერ შეძლებს. თერაპიის გამოტოვებისას რეზისტენტულობა იწყება და პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია. ვირუსი შესაძლოა სისხლში გავრცელდეს. ამ პროცესის კონტროლირებისთვის პაციენტმა ანალიზები უნდა აბაროს. ეს ომში შესაძლებელია? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თერაპიაზე სრულიად უარის თქმა, ნიშნავს, რომ ადამიანს პირისპირ ტოვებ საფრთხის წინაშე“, - ამბობს უფლებადამცველი მაქსიმი (სახელი შეცვლილია).

ამასთან ის თავად ხდება დაავადების გამავრცელებელი.

„2023 წლის ბოლოს ამავე ბატალიონში ერთი სამხედრო იყო დაავადებული ჩელიაბინსკიდან, ჯერ კიდევ მანამ, სანამ სამხედრო სამსახურში ჩადგებოდა. შემდეგ „გადაიფიქრა ბრძოლა“ და თავისი დაავადების შესახებ გაამხილა. ამან უშველა, მაგრამ დიდი ხნით არა. ჯერ სამკურნალოდ ლუგანსკში გადაიყვანეს, შემდეგ ჩელიაბინსკში. ჯარიდან ფორმალურად არ გაურიცხავთ, თუმცა, დარწმუნებული იყო, შემეშვნენო. მკურნალობა დაიწყო, მაგრამ სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს, იქიდან კი აღარ დაბრუნებულა. ისე წაიყვანეს, ანტივირუსული წამლების წაღებაც ვერ შეძლო“, - ჰყვება უფლებადამცველი.

სამხედროს, რომელიც შეპილოვთან ერთად იბრძოდა არ უკვირს, რომ ჯარისკაცებს ომიდან არ უშვებენ.

„ისეთ ადამიანსაც კი არ უშვებენ ომიდან, ვისაც ტვინი აქვს დაზიანებული. დადასტურებული ფსიქიატრიული დაავადება აქვს და იარაღი მისცეს ხელში. არაერთხელ თავისიანებს დაერია, მაგრამ მეთაურები მის გაშვებას არ აპირებენ. მისი სამედიცინო დოკუმენტაცია ვნახე - „ემოციურად არამდგრადი ლაბილური პიროვნული აშლილობის ტიპი, სხვა დაავადებებთან ერთად, ნაწილობრივი დეკომპენსაციით“. ბოლო შეტევის შემდეგ, როდესაც დანით დაგვერია, ერთი თვე ვორონეჟის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში იწვა. მერე დაბრუნდა, თითქოს აქ არაფერი! თვითონაც ხდება, რა არანორმალურ სიტუაციაშია, ითხოვს, უკან საავადმყოფოში დამაწვინეთ, ეს მოურჩენელი ავადმყოფობაა, რომელსაც მხოლოდ ოდნავ თუ შველის პრეპარატებიო. მაგრამ ეს არავის ადარდებს. რუსეთის ჯარი ერთ დიდი ორმოა. ყველას ყველა ჰკიდია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG