კვლევითი ორგანიზაციის „ლევადა ცენტრის“ ანალიტიკოსებმა, რომლებიც რთულ პირობებში აგრძელებენ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში აღნიშნეს იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც ომის დასრულებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობიან.
როგორ ესმით მშვიდობა რუსეთში?
მკვლევრების განცხადებით, მაშინ ტრიგერად იქცა მოვლენები რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც უკრაინულმა არმიამ დაიკავა დიდი ტერიტორია, მათ შორის სუჯის რეგიონული ცენტრი. მშვიდობის მომხრეთა რიცხვი მყისიერად გაიზარდა 50%-დან 60%-მდე. 2025 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი კონტაქტების შემდეგ: რუსების უკვე 67% უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუმცა 30% მოითხოვს ომის გაგრძელებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (ასე უწოდებენ უკრაინასთან ომს რუსეთში) მიზნების მიღწევამდე.
მშვიდობის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები აღმოჩნდნენ ე.წ. ლოიალისტები - პუტინის პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერები, რომლებიც პუტინს ანიჭებენ უფლებას, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში დაამყაროს მშვიდობა უკრაინასთან. ამასთან რუსეთში მშვიდობის მომხრეთა 80% ტერიტორიული დათმობების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც სოციოლოგები განმარტავენ, ეს განწყობები განპირობებულია იმით, რომ რუსების 75% აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რუსეთი იგებს ომს და ამიტომ მან უნდა უკარნახოს მშვიდობის პირობები, რაც, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, კიევის კაპიტულაციას უფრო ჰგავს.
როგორც ირკვევა, გამოკითხულთა 80%-ზე მეტს სურს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტიების მიღება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის უზრუნველყოფა. რუსული პროპაგანდის მიერ ჩამოყალიბებული ნარატივი, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთავარი მიზანი თანამემამულეების დაცვაა, არ შეცვლილა ომის სამი წლის განმავლობაში.
ამავდროულად, საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის მოქალაქეების შეხედულებები მოლაპარაკებების შესაძლო მხარეების შემადგენლობაზე. თუ 2024 წელს რესპონდენტთა 50%-ზე მეტი თანხმდებოდა, რომ რუსეთს უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება ევროპასთან, ხოლო 30% არ გამორიცხავდა უკრაინის მონაწილეობას მოლაპარაკებებში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა. 2025 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსების 70% მთავარ მომლაპარაკებლად შეერთებულ შტატებს ხედავს, 50% შესაძლებლად მიიჩნევს უშუალოდ უკრაინასთან მოლაპარაკებას და მხოლოდ 25% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპასაც ეკუთვნის ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.
ტრამპი და ამერიკა
რუსეთის მოქალაქეების 30%-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების მიმართ ("ძალიან კარგი" ან "ძირითადად კარგი"). 2024 წლის სექტემბრის შემდეგ პოზიტიური დამოკიდებულება 14 პუნქტზე მეტით გაიზარდა. ამასთან, შესამჩნევად შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა (72%-დან 51%-მდე), რომლებიც ნეგატიურად აღიქვამენ შეერთებულ შტატებს: 21%-მა თქვა, რომ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების მიმართ, ხოლო 30%-მა – ძირითადად ცუდიო.
აშშ-ის მიმართ ყველაზე მეტ მოწონებას (40%) გამოხატავენ 24 წლამდე ახალგაზრდები, ასევე ისინი, ვინც არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობას (38%) ან ისინი, ვინც სოციალურ ქსელებს ინფორმაციის ობიექტურ წყაროდ მიიჩნევენ (54%).
შეერთებული შტატების მიმართ სკეპტიციზმი ყვავის 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში (52%), მოსკოვის (დედაქალაქის) მცხოვრებლებში (63%), პუტინის მხარდამჭერებში (52%) და იმ მოქალაქეებში, რომლებიც ენდობიან რუსეთის ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკას (54%).
მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსების შეხედულებები მოლაპარაკების მხარეების შემადგენლობაზე. თუ 2024 წელს რესპონდენტთა 50%-ზე მეტი თანხმდებოდა, რომ რუსეთს უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება ევროპასთან, ხოლო 30% არ გამორიცხავდა უკრაინის მონაწილეობას მოლაპარაკებებში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა. 2025 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსების 70% მთავარ მომლაპარაკებლად შეერთებულ შტატებს ხედავს, 50% შესაძლებლად მიიჩნევს უშუალოდ უკრაინასთან მოლაპარაკებას და მხოლოდ 25% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპასაც ეკუთვნის ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.
ევროკავშირმა ჩააჩოჩა აშშ და დაიკავა რუსეთის მთავარი მტრის ადგილი (უკრაინას თუ არ ჩავთვლით): 2025 წლის თებერვალში გამოკითხულთა 50%-ს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა შეერთებული შტატების მიმართ, ხოლო 60%-ს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ევროკავშირის მიმართ. უკრაინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რუსების 68%-ს.
მკვეთრად შეიცვალა რუსების დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ: გამოკითხულთა 51% დონალდ ტრამპს აფასებს „დადებითად“ და „ძირითადად დადებითად“, მაშინ, როცა ტრამპის წინამორბედს, ჯო ბაიდენს დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 4%.
ექსპერტთა აზრი
„რუსების დამოკიდებულების ცვლილება (დათბობა) შეერთებული შტატების მიმართ, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივებით, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და ამ პროცესში თავად პრეზიდენტის როლით“, - ამბობს „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში „ლევადა ცენტრის“ სამეცნიერო დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი ლევ გუდკოვი, რომლის თქმითაც, აქამდე უკრაინაში შექმნილი ვითარება უფრო ჩიხს ჰგავდა:
”რუსები აშკარად დაიღალნენ ომით და ისურვებდნენ სამხედრო მოქმედებების დასრულებას. იანვარ-თებერვალში დავაფიქსირეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ყველაზე დიდი მოლოდინი - ეს სურდა გამოკითხულთა 61%-ს. ასე რომ, დაღლილობისა და უიმედობის ამ ფონზე, ტრამპის ქმედებებმა ნამდვილად მისცა რუსებს იმედი, რომ მას, როგორც ადამიანს გარედან (აუტსაიდერს), აქტიურ ბიზნესმენს, საქმოსანს შეეძლო სწრაფად მოეგვარებინა ეს პრობლემა და ეიძულებინა ორივე მხარე დაეწყოთ მოლაპარაკებები. გასაგებია, რომ არც პუტინისგან და არც უკრაინის ხელმძღვანელობისგან რაიმე შთამაგონებელი ნაბიჯის მოლოდინი არ ყოფილა, დონალდ ტრამპი კი გამოჩნდა როგორც გარე ფაქტორი, deus ex machina, რომელსაც შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა. ტრამპის იმედი (რუსეთის მოქალაქეებს შორის) შესამჩნევი იყო მეორე ვადით არჩევის მომენტიდანვე. ამიტომ მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებამ მკვეთრად აამაღლა ამერიკისადმი დამოკიდებულების დადებითი რეიტინგი. 2023 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 12% იყო დადებითად განწყობილი შეერთებული შტატებისადმი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, 2025 წლის თებერვალში კი 30%-ს გადააჭარბა. უშუალოდ ტრამპთან მიმართებაში აშკარად ჭარბობს პოზიტიური განწყობები. რესპონდენტთა 51% ამბობს, რომ ტრამპის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, რადგან მოელის, რომ ის გადადგას შემდგომ ნაბიჯებს ომის დასასრულებლად და მასში ხედავენ არა უბრალოდ ბრუტალურ, არამედ პრაგმატულ ადამიანს, რომელსაც, მათი აზრით, კარგი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ და, რომელიც მზად არის სწრაფად დაასრულოს გაჭიანურებული კონფლიქტი“.
თუმცა, ლევ გუდკოვის თქმით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და ვაშინგტონი დაუბრუნდება თავის წინა პოლიტიკას, ძალიან სწრაფად მოხდება რუსების სიმპათიების გაცივება შეერთებული შტატების მიმართ და უკმაყოფილების ზრდა:
„რადგან ამ საკითხზეა მიპყრობილი ყველა მედიასაშუალების, პირველ რიგში ფედერალური ტელევიზიების, სხვადასხვა „მოლაპარაკე თავისა“ და კომენტატორების ყურადღება, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ანტიამერიკანიზმის დროშა, უდავოდ, კვლავ აღიმართება. და ამის გაკეთება რთული არ იქნება - ეს რუტინული საქმეა“.
პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, ავტორიტარულ და განსაკუთრებით ტოტალიტარულ ქვეყნებში მედია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ტვინებს საზრდოთი, აბსოლუტურად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში:
„რაც ამ სამზარეულოდან გამოდის, იმით იკვებება რუსეთის საზოგადოება. ამასთან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს ყოფილა შემჩნეული ამ ინფორმაციის კრიტიკულ გააზრებაში. ამიტომ, როდესაც მენიუ მოულოდნელად შეიცვალა და აშშ მტრიდან, მეგობრად თუ არა, სანდო პარტნიორად იქცა, ეს აღქმული იქნა სრულიად ბუნებრივ პროცესად. თუ მოუწევთ გადამრთველის სხვა მდგომარეობაში გადაყვანა - ყველაფერი მოხდება ასევე სწრაფად და კარდინალურად“.
დმიტრი ორეშკინის თქმით, ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს 1939 წლის ვითარებას, როცა საბჭოთა ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა ფაშიზმს, მოულოდნელად აღმოჩნდა ჰიტლერის გერმანიის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების აუცილებლობის წინაშე:
„მაშინ მშრომელმა მასებმა ასევე ძალიან სწრაფად აღიარეს კრემლის პოლიტიკის მკვეთრი შემობრუნება, როგორც „ერთადერთი სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება“. ოდნავ დაბნეულმა საბჭოთა ხალხმა განაცხადა: კი ბატონო, მსოფლიო იმპერიალისტები - ბრიტანელები და ფრანგები - აწარმოებენ ომს ევროპაში, ჰიტლერი კი მშვიდობის მთავარი დამცველია. ყველაფერი ისე იყო, როგორც განაცხადა ამხანაგმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა (მთავრობის მეთაურმა და სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა), რომელმაც ხელი მოაწერა სამარცხვინო პაქტს ჰიტლერის საგარეო საქმეთა მინისტრ, რიბენტროპთან ერთად. ასე რომ, დღევანდელ ვითარებაში გასაკვირი არაფერია. ადვილია ასეთი წარსულის მქონე ხალხის მართვა.”
დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რუსების მხოლოდ 18%-ს, მაშინ როცა აშშ-ის წინა პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ მოსწონს გამოკითხულთა თითქმის 80%-ს. მკვლევრების თქმით, ასე იქმნება ერთგვარი „ტრამპის ფენომენი“, როცა რუსეთის საზოგადოებრივი აზრი ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანობას აფასებს უარყოფითად, ხოლო მისი პრეზიდენტისას - დადებითად.
ფორუმი