დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელმაც ორსაათ-ნახევარი გასტანა.
საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების შესახებ:
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე უკრაინის ომში. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მყარი მშვიდობით. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება.
უკეთესია, სისხლი და სახსრები, რასაც გაიღებენ უკრაინა და რუსეთი ამ ომში, დაიხარჯოს ორი ხალხის საჭიროებებზე... ეს კონფლიქტი არასოდეს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით“, წერია განცხადებაში.
თეთრი სახლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით. „ასევე გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და სრულ მშვიდობაზე“. განცხადების თანახმად, ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.
თეთრი სახლი იტყობინება, რომ მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ახლო აღმოსავლეთში, რათა აღიკვეთოს მომავალი კონფლიქტები. მოლაპარაკებები შეეხო სტრატეგიული იარაღის გავრცელების აკრძალვას. ტრამპი და პუტინი იზიარებენ მოსაზრებას, რომ ირანმა ვერასოდეს ვერ უნდა შეძლოს ისრაელის განადგურება.
„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როცა მშვიდობა იქნება მიღწეული,“ წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის თანახმად, მხარეებმა „გააგრძელეს უკრაინაში ვითარების გარშემო აზრთა დაწვრილებით და გულახდილად გაცვლა“. საუბრის დროს ისინი შეეხნენ აშშ-ის მიერ წამოყენებული 30-დღიანი ზავის თემას. „30-დღიანი ზავის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში რუსეთის მხრიდან მოინიშნა რიგი არსებითი მომენტები, რომლებიც ეხება საბრძოლო შეხების მთელს ხაზზე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ქმედითი კონტროლის უზრუნველყოფას, უკრაინაში ძალდატანებითი მობილიზაციის შეჩერების აუცილებლობას და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალ შეიარაღებას“. შეხვედრაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ 19 მარტს რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეებს გაცვლიან პრინციპით 175 175-ზე. |
ფორუმი