დღეს, 18 მარტს, გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი.
საუბრის წინ, 17 მარტს, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პუტინთან ილაპარაკებს უკრაინაში ომის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, „საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“, მაგრამ ბევრიც რჩება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, იღუპებიან ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვები, ყოველკვირეულად ორივე მხარე კარგავს 2500 ჯარისკაცს და ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტრამპი წერს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს მოუთმენლად ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 16 მარტს აცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სამშაბათს, 18 მარტს, გეგმავს სატელეფონო საუბარს, მათ შორის ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე.
17 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგება და მთავარი თემა უკრაინა იქნება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" ხაზს უსვამს, რომ ტრამპის და პუტინის საუბარი გაიმართება „რუსეთთან ყირიმის შეერთების წლისთავზე". 2014 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა და ყირიმის და სევასტოპოლის ე.წ. მმართველებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში მათი შესვლის „შეთანხმებას".
ამერიკული გამოცემა Semafor-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად განიხილავს რუსეთის ტერიტორიად ყირიმის აღიარების შესაძლებლობას. წყაროთა თანახმად, განიხილება გაეროსადმი ანალოგიური მოწოდების შესაძლებლობაც, თუმცა ყირიმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა 12 თებერვალსაც. ამ საუბრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.
11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებაც, რომლის შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
ამ შეხვედრიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.
გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არ იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
ფორუმი