2022 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანების გაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დაუდო „დედებს, ცოლებს, დებსა და საცოლეებს“, რომ ბრძოლაში გაგზავნიდა მხოლოდ „პროფესიონალ სამხედრო პერსონალს“.
ეს დაპირება მალევე დაირღვა. არაერთი ცნობა გავრცელდა, რომ ახალწვეულებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სამხედრო კონტრაქტებისათვის და ფრონტის ხაზზე წასულიყვნენ.
აქტივისტები და ახლობლები ამბობენ, რომ რუს ახალწვეულებს ფრონტზე ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგაც აგზავნიან.
„რუსეთის არმიას შედარებით ადვილად გამოსდის 18 და 19 წლის წვევამდელების რეკრუტირება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას არტიომ კლიგამ, ომის მოწინააღმდეგე ორგანიზაციის იურისტმა.
„ამ ახალგაზრდებს ხშირად მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ კონტრაქტს, რათა პროფესიონალი ჯარისკაცები გახდნენ. ბევრ შემთხვევაში მათ ბოლომდე არც ესმით, რას აწერენ ხელს“, თქვა კლიგამ.
რუსეთის საგაზაფხულო გაწვევამდე, რომელიც 1 აპრილს დაიწყება, რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვება „ვიორსტკა“ იტყობინება, რომ სულ მცირე 25 წვევამდელი დაიღუპა რუსეთის კურსკის რეგიონში, სადაც აგვისტოში უკრაინა მოულოდნელად შეიჭრა.
ამ წვევამდელების საშუალო ასაკი 20 წელი იყო. „ვიორსტკა“ ამას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ცნობებისა და ნეკროლოგების ანალიზის შედეგად ასკვნის. ზოგიერთის სიკვდილის შესახებ მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში გახდა ცნობილი.
კურსკში მოკლული ერთ-ერთი რუსი ახალწვეული 19 წლის ზახარ სოსნინი იყო. მისმა ოჯახმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იცოდნენ, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ხელმოწერა სამხედრო კონტრაქტზე.
"ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ. ჯერ კიდევ არ გვესმის, რატომ მოაწერა ხელი. გვითხრეს, რომ ის "დაიღუპა კურსკის რეგიონისთვის ბრძოლაში" და სულ ეს იყო. ის ჯერაც ბავშვი იყო", - თქვა მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა.
კლიგამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის კანონმდებლობა, წესით, კრძალავს ახალწვეულების ბრძოლაში გაგზავნას, თუ მათ ოთხ თვეზე ნაკლები სტაჟი აქვთ. თუმცა, თუ ისინი კონტრაქტს მოაწერენ ხელს, მაშინ მათი გაგზავნა დაუყოვნებლივ შეიძლება.
ზოგიერთ შემთხვევაში ახლობლები ამბობენ, რომ დარწმუნებულნი არიან, მათ ახალწვეულ შვილებს სამხედრო კონტრაქტები არ გაუფორმებიათ.
ოქტომბერში, რუსული სატანკო დივიზიის რამდენიმე ახალწვეულმა მიიღო 305 000 რუბლი (3 600 აშშ დოლარი) მას შემდეგ, რაც მათ, სავარაუდოდ, გააფორმეს კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, იტყობინება რადიო თავისუფლების North Realities.
ერთ-ერთი ამ წვევამდელის დედამ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის შვილს არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია.
”ჩვენ შეშინებულები ვართ, რადგან არ გვინდა ბრძოლა”, - თქვა მან.
"ისინი ჯერაც ბავშვები არიან!"
რუსი ახალწვეულების ნათესავები ხშირად გამოთქვამენ ხოლმე შფოთვასა და რისხვას.
გასულ თვეში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ვერხნიაია სალდას ადმინისტრაციამ, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა 19 წლის წვევამდელის დანიილ სელიაევის ნეკროლოგი და მკითხველს აცნობა, რომ ის კურსკის რეგიონში ბრძოლაში ნოემბერში დაიღუპა, „ჰუმანიტარული დახმარების გავრცელების დროს“.
„ახალწვეულია. არადა, თქვეს, არ ჩავრთავთო“, - წერს ერთი.
მეორე პასუხობს - ახალწვეულებს ფრონტზე არ აგზავნიანო, რასაც კიდევ ერთის პასუხი მოჰყვა: "ეს არ არის მართალი. იქ წვევამდელებიც მიჰყავთ. „ტელეგრამის“ ჩატი გვაქვს დედებისთვის, რომელთა შვილებიც საზღვარზე გაგზავნეს. მათ არავინ ეკითხებათ, სად გაუშვებენ".
„რატომ რთავენ ახალწვეულებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში? ისინი ჯერაც ბავშვები არიან“, - წერს კიდევ ერთი.
ბევრი რუსი ოჯახი გაბრაზებულია მთავრობაზე იმის გამო, რომ პუტინმა დაარღვია პირობა და ახალგაზრდებს ფრონტის ხაზზე აგზავნის, თუმცა საჯარო წინააღმდეგობას ცოტა თუ გამოხატავს. ეშინიათ - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა იან მატვეევმა.
ალექსანდრე ბასტრიკინმა, რუსეთის გავლენიანი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ამ თვეში თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ, მისმა სააგენტომ 615 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც დაკავშირებულია რუსი სამხედროების "დისკრედიტაციასთან" ან "ყალბი ამბების“ გავრცელებასთან - ამ კანონებს რუსეთის მთავრობა უკმაყოფილოთა გასაჩუმებლად იყენებს.