Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ცხრა თვე კოსმოსში

ცხრა თვე კოსმოსში


უილმორი და უილიამსი არიან NASA-ს გამოცდილი ასტრონავტები, რომლებიც ასევე აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდნენ.
უილმორი და უილიამსი არიან NASA-ს გამოცდილი ასტრონავტები, რომლებიც ასევე აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდნენ.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286-დღიანი დაყოვნების შემდეგ, NASA-ს ასტრონავტები ილონ მასკის SpaceX-ის „დრაკონებმა“ [ასე ჰქვია ეკიპაჟს] 18 მარტს დედამიწაზე დააბრუნეს. მისია მხოლოდ ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა Starliner-ის Boeing-ის კოსმოსური ხომალდის გაუმართაობამ ყველაფერი შეცვალა.

სახლში დაბრუნებულ ასტრონავტებს კიდევ ერთი ურთულესი გამოწვევა ელით — სხეულისა და გონების აღდგენა კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ.

სუფთა ჰაერის პირველი ჩასუნთქვა - ამერიკელი ასტრონავტი სუნი უილიამსი „კოსმოსური ოდისეიდან“ დაბრუნების შემდეგ ბედნიერებას ვერ მალავდა, იღიმებოდა ბუჩ უილმორიც, მეორე ამერიკელი ასტრონავტი, რომელიც „კოსმოსში“ სუნი უილიამსთან ერთად 286 დღე „გაიჭედა“.

სუნი უილიამსის პირველი წუთები დედამიწაზე კოსმოსში გატარებული ცხრა თვის შემდეგ
სუნი უილიამსის პირველი წუთები დედამიწაზე კოსმოსში გატარებული ცხრა თვის შემდეგ
ბუჩ უილმორის პირველი წუთები დედამიწაზე კოსმოსში გატარებული ცხრა თვის შემდეგ
ბუჩ უილმორის პირველი წუთები დედამიწაზე კოსმოსში გატარებული ცხრა თვის შემდეგ

ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნების კადრები NASA-მ პირდაპირ ეთერში გადასცა. ოთხკაციანი ეკიპაჟი, რომელიც NASA-ს Crew-9-ის ასტრონავტთა მისიაში მონაწილეობდა, ეკიპაჟ Dragon-ის კაფსულით კოსმოსურ სადგურს 19 მარტს გვიან ღამით, 01:05 საათზე, ჩამოშორდა და ფლორიდის სანაპიროზე 17:57 საათზე დაეშვა.

მოგზაურობა კოსმოსური სადგურიდან დედამიწამდე 17 საათს გაგრძელდა.

„Crew-9 დედამიწაზე დაბრუნდა“, - პირდაპირ ეთერში NASA-ს წამყვანის წარმოთქმულ ამ სიტყვებს ტაში და ოვაციები მოჰყვა.

დაბრუნების მომენტში ხომალდის გარშემო დელფინებმა დაიწყეს ცურვა, რაც უნიკალურ და სიმბოლურ სანახაობად იქცა.

კოსმოსური ხომალდის გარშემო მოცურავე დელფინები
კოსმოსური ხომალდის გარშემო მოცურავე დელფინები
ხომალდი წყალზე ოთხი პარაშუტის დახმარებით დაეშვა.
ხომალდი წყალზე ოთხი პარაშუტის დახმარებით დაეშვა.

„რა მოგზაურობა იყო!“ — თქვა NASA-ს ასტრონავტმა ნიკ ჰეიგმა, Crew-9 მისიის მეთაურმა, Dragon-ის კაფსულის შიგნიდან, როდესაც წყალზე წარმატებით დაეშვნენ. „ვხედავ კაფსულს, რომელიც ყურებამდე გაღიმებული ხალხითაა სავსე“.

„გაჭიანურებული კოსმოსური მისია“

ორი გამოცდილი ასტრონავტი სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი Boeing-ის Starliner-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანმოკლე, 8-დღიანი სატესტო მისიით, 2024 წლის 5 ივლისს გაუშვა.

მისიის მთავარი მიზანი იყო, შეეფასებინა NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამისთვის Starliner-ის მუშაობა. წარმატების შემთხვევაში, ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარული მისიის ნაწილი გახდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საავიაციო გიგანტისთვის, რომელიც ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს და გაუსწროს ილონ მასკის SpaceX-ს.

NASA-ს ასტრონავტები ბუჩ უილმორი და სუნი უილიამსი NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, Boeing-ის Starliner-1 ეკიპაჟის პირველი სატესტო მისიის დღე
NASA-ს ასტრონავტები ბუჩ უილმორი და სუნი უილიამსი NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, Boeing-ის Starliner-1 ეკიპაჟის პირველი სატესტო მისიის დღე

თუმცა Starliner-ის ძრავის სისტემაში გამოვლენილმა პრობლემებმა, მათ შორის ძრავის გაუმართაობამ და ჰელიუმის გაჟონვამ, ასტრონავტების უკან დაბრუნება რამდენჯერმე შეაფერხა. შედეგად, მათი სადგურზე ყოფნის დრო დაუგეგმავად გაახანგრძლივა.

ამერიკელი ასტრონავტების დაბრუნებას საერთაშორისო მედიამ „გაურკვევლობითა და ტექნიკური პრობლემებით სავსე, გაჭიანურებული კოსმოსური მისია“ უწოდა, რომელიც „გლობალურ სპექტაკლად იქცა“.

ცხრა თვე კოსმოსში

კოსმოსში გაჭედილი ეკიპაჟის წევრები 2024 წლის 17 აგვისტოს "როსკოსმოსის" სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა საკვებით, საწვავითა და სხვა საჭირო რესურსებით მოამარაგა.

აქედან რამდენიმე დღეში, 24 აგვისტოს, NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა თქვა, რომ ასტრონავტები დედამიწაზე ბოინგის მთავარი კონკურენტის, SpaceX-ის კაფსულით დაბრუნდებოდნენ და ეს 2025 წლამდე ვერ მოხერხდებოდა.

„NASA-მ გადაწყვიტა, რომ ბაჩი და სუნი Crew 9-სთან ერთად დაბრუნდებიან მომავალ თებერვალში და რომ Starliner-ი დაბრუნდება ეკიპაჟის გარეშე“, - თქვა ბილ ნელსონმა.

Boeing-ის Starliner კოსმოსური ხომალდი კოსმოსში გაფრენიდან სამი თვის შემდეგ ნიუ-მექსიკოს უდაბნოში 6 სექტემბერს ეკიპაჟის გარეშე დაეშვა. კოსმოსურ სადგურზე დარჩენილმა ეკიპაჟის წევრებმა, სუნი უილიამსმა და ბუჩ უილმორმა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მეტი დროის გატარებისთვის მადლიერებაც კი გამოხატეს.

ასტრონავტებმა 286 დღე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მრავალფეროვანი სამეცნიერო საქმიანობით გაიყვანეს. მათ 150-ზე მეტი უნიკალური სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რაც 900-ზე მეტსაათიან კვლევას მოიცავდა. მათ შორის იყო მცენარეთა ზრდის კვლევები, სასუქისა და განათების სისტემების ტესტირება.

ასტრონავტების ახალი წლის მილოცვა კოსმოსური სადგურიდან
ასტრონავტების ახალი წლის მილოცვა კოსმოსური სადგურიდან

სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი ბლოგერებადაც კი იქცნენ. კოსმოსურ სადგურზე აღნიშნეს "მადლიერების დღე". 2025 წლის დადგომისას კი, კოსმოსიდან საახალწლო სამოსში გამოწყობილებმა მილოცვის ვიდეოც გაავრცელეს.

SpaceX-ის ეკიპაჟის Crew-9-ის „დრაკონების“ კოსმოსური კაფსული საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 29 სექტემბერს მივიდა.

თავდაპირველად SpaceX Crew-9 მისიას დედამიწიდან კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი უნდა მიეყვანა, მაგრამ იქ თვეობით გაჭედილი სუნისა და ბუჩის გამო, ხომალდზე ორი ადგილი მათთვის გაათავისუფლეს. Crew-9 ორი ასტრონავტით გაემგზავრა, დატოვა ისინი კოსმოსურ სადგურზე და უკან, დედამიწაზე წამოიყვანა Crew-8-ის სადგურზე მყოფი წევრები.

SpaceX-ის მე-10 ეკიპაჟის გასვლა კოსმოსში არის ბოლო წრე, რომელიც starline-ის ასტრონავტებს დედამიწაზე დააბრუნებს. ეკიპაჟი ISS-ზე პარასკევს ღამით ჩავიდა.

NASA-ს ასტრონავტთა როტაციის გრაფიკის გამო უილმორსა და უილიამსს დედამიწაზე დაბრუნება მანამდე არ შეეძლოთ, სანამ ISS-ზე მათ შემცვლელ ეკიპაჟს არ გაგზავნიდნენ. ეს იმიტომ, რომ სადგურზე საკმარისი ამერიკელი დარჩენილიყო.

კოსმოსურ სადგურზე სუნი უილიამსმა და ბუჩ უილმორმა მათთვის გამოთავისუფლებული ადგილები დაიკავეს და კოსმოსური ხომალდიც დედამიწისკენ დაიძრა.

ეკიპაჟ Crew-9-ის წევრები, მათ შორის ბუჩ უილმორი და სუნი უილიამსი, ემშვიდობებიან კოსმოსურ სადგურზე დარჩენილ კოლეგებს.
ეკიპაჟ Crew-9-ის წევრები, მათ შორის ბუჩ უილმორი და სუნი უილიამსი, ემშვიდობებიან კოსმოსურ სადგურზე დარჩენილ კოლეგებს.

პოლიტიკური სპექტაკლი

მისიამ მიიპყრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყურადღება, რომელმაც იანვარში თანამდებობის დაკავებისთანავე მოითხოვა უილმორისა და უილიამსის უფრო სწრაფად დაბრუნება და ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისინი "მიატოვა" ISS-ზე პოლიტიკური მიზეზების გამო.

NASA-მ იმოქმედა ტრამპის მოთხოვნით და Crew-9-ის შემცვლელი მისია Crew-10 უფრო ადრე გაუშვა კოსმოსში, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ასტრონავტმა უილმორმა მარტის დასაწყისში კოსმოსური სადგურიდან (ISS) დაურეკა ჟურნალისტებს და უთხრა, რომ არ სჯერა, თითქოს "ნასას" გადაწყვეტილებაზე, შეენარჩუნებინა ისინი ISS-ზე Crew-10-ის მოსვლამდე, გავლენა იქონია ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკამ.

ილონ მასკი, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ილონ მასკი, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა, რომელიც ტრამპის ახლო მრჩეველია, გაიმეორა ტრამპის მოწოდება უფრო სწრაფი დაბრუნების შესახებ და დასძინა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მას უარი უთხრა შეთავაზებაზე, რომ ასტრონავტებს „დრაკონების“ სპეციალური მისია დააბრუნებდა.

NASA-ს ოფიციალურმა პირებმა საპასუხოდ თქვეს, რომ მათ საჭიროდ მიიჩნიეს ამ ორი ასტრონავტის სადგურზე დარჩენა, რათა შეენარჩუნებინათ ადგილზე საკმარისი პერსონალი. ამასთან განმარტეს, რომ არ ჰქონდათ ბიუჯეტი ან ოპერაციული უზრუნველყოფა სპეციალური სამაშველო კოსმოსური ხომალდების გაგზავნისთვის. Crew Dragon-ის ფრენების ღირებულება მერყეობს 100 მილიონიდან 150 მილიონ აშშ დოლარამდე.

SpaceX-ის Crew Dragon-ი ამჟამად ერთადერთი ამერიკული კოსმოსური ხომალდია, რომელსაც ორბიტაზე ეკიპაჟის ტრანსპორტირება შეუძლია. Boeing-ი იმედოვნებდა, რომ Starliner-ი შეეჯიბრებოდა SpaceX-ის კაფსულს, თუმცა უილმორისა და უილიამსის მისიამ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

17-საათიანი გზა კოსმოსური სადგურიდან დედამიწამდე
17-საათიანი გზა კოსმოსური სადგურიდან დედამიწამდე

კოსმოსი და ჯანმრთელობა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფეხბურთის მოედნის ზომის კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც 25 წელზე მეტია კოსმოსში მუშაობს და ადგილზე საერთაშორისო ასტრონავტების ეკიპაჟები მუდმივად იმყოფებიან. ეს არის პლატფორმა ე.წ. სამეცნიერო დიპლომატიისთვის, რომელსაც ძირითადად აშშ და რუსეთი მართავენ.

უილმორი და უილიამსი კოსმოსში ცხრა თვეს დაყოვნდნენ. ეს გაცილებით მეტი დროა, ვიდრე ISS-ის საშუალო ექვსთვიანი მისია, თუმცა ბევრად ნაკლები აშშ-ის რეკორდზე. რეკორდსმენ ფრენკ რუბიოს 2023 წელს რუსული კოსმოსური ხომალდის გაგრილების სისტემის გაუმართაობის გამო კოსმოსში ყოფნა 371 დღის განმავლობაში დაუგეგმავად მოუწია.

უილიამსს, რომელიც კოსმოსში უკვე სამჯერ იყო, საერთო ჯამში დედამიწის მიღმა 608 დღე აქვს გატარებული. ამ მაჩვენებლით ამერიკელ ასტრონავტთა შორის ის მეორე ადგილზეა ფეგი უიტსონის (675 დღე) შემდეგ. მსოფლიო რეკორდი კი რუს კოსმონავტ ოლეგ კონონენკოს ეკუთვნის — 878 დღე.

"ჩვენ ვიყავით მზად, რომ დიდხანს დავრჩებოდით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროით მისია გვქონდა დაგეგმილი", - განუცხადა ჟურნალისტებს უილმორმა კოსმოსიდან მარტის დასაწყისში.

დამხმარე გუნდები მუშაობენ SpaceX Dragon-ის კოსმოსური ხომალდის ირგვლივ მას შემდეგ, რაც ის დაეშვა "ნასას" ასტრონავტებთან, ნიკ ჰეიგთან, სუნი უილიამსთან, ბუჩ უილმორსა და "როსკოსმოსის" კოსმონავტ ალექსანდრ გორბუნოვთან ერთად.
დამხმარე გუნდები მუშაობენ SpaceX Dragon-ის კოსმოსური ხომალდის ირგვლივ მას შემდეგ, რაც ის დაეშვა "ნასას" ასტრონავტებთან, ნიკ ჰეიგთან, სუნი უილიამსთან, ბუჩ უილმორსა და "როსკოსმოსის" კოსმონავტ ალექსანდრ გორბუნოვთან ერთად.

კოსმოსში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა კოსმონავტების ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გავლენას ახდენს, მათ შორის:

  • კუნთების ატროფია და ძვლების პრობლემები: უწონადობაში ასტრონავტები კუნთებს დიდად ვერ ტვირთავენ, სხეულის სიმძიმეც ნაკლებად მოქმედებს ძვლებზე. შესაბამისად, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მათ შეიძლება ჰქონდეთ წონასწორობის პრობლემა, ძვლების ტკივილი და კუნთების განლევა.
  • მხედველობის პრობლემები, რასაც ე.წ. "კოსმოსური თვალის სინდრომსაც" უწოდებენ. მოსალოდნელი სტრესი კოსმოსში და წნევის ცვალებადობა თვალის ფორმას ცვლის.
  • კარდიოვასკულარული პრობლემები: ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოსმოსურ სადგურზე, მიკროგარემოში ყოფნამ შეიძლება გულის მუშაობა დაარღვიოს. მიზეზი გულსა და სისხლძარღვებზე ზეწოლის ნაკლებობაა. ასტრონავტებს კოსმოსში ყოფნის შემდეგ სისხლის წნევის სტაბილიზება ხშირად უჭირთ.


მოსალოდნელია იმუნური სისტემის ცვლილებები და ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია.

ასტრონავტები NASA-ს თვითმფრინავით გადაიყვანეს ჰიუსტონში, კოსმოსური სააგენტოს ჯონსონის სახელობის ცენტრში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუტინული სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდებათ, იქამდე, სანამ NASA-ს ექიმები მათ ოჯახებში დაბრუნების ნებას მისცემენ.

„მათ ეკუთვნით დამსახურებული დასვენება და დრო ოჯახთან“, — თქვა NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის ხელმძღვანელმა სტივ სტიჩმა დაშვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „მათთვის ეს ძალიან ხანგრძლივი მისია იყო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG