ამავე ადამიანებს ადანაშაულებს კადიროვი რუსეთის „ამაზონად“ მიჩნეული კომპანია Wildberries-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებში, - რაც დიდი დაპირისპირების საფუძველია ჩეჩნეთის, დაღესტნისა და მოსკოვის ელიტებს შორის.
პარალელურად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ მოსკოვში სცადეს „ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ყოფილი მაღალჩინოსნის“ ლიკვიდაცია, - რუსული მედია კი ამ ამბავსაც Wildberries-ის ბუნდოვან საქმეს უკავშირებს.
„მათ სისხლს ავიღებ“
10 ოქტომბერს რამზან კადიროვმა მისი მკვლელობის შეკვეთაში ბრალი დასდო სამ მაღალჩინოსანს:
- დაღესტნელ სენატორ სულეიმან ქერიმოვს, რუსეთში მეცხრე ყველაზე მდიდარ კაცს;
- სახელმწიფო დუმის დეპუტატს ინგუშეთიდან, ბექხან ბარახოევს;
- დუმის დეპუტატს დაღესტნიდან, რიზვან ყურბანოვს.
„არიან მოწმეები, არის ხალხი, ვისაც მაგათ დაუკვეთეს [ჩემი მოკვლა], ჰკითხეს, რამდენად შეასრულებთ შეკვეთასო“, - განაცხადა კადიროვმა.
„თუ საპირისპიროს არ დაამტკიცებენ, ვპირდები, რომ მათ სისხლს ავიღებ“, - თქვა მან ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
კადიროვმა „სისხლის აღება“ ჩეჩნეთში დაახლოებით 10 წლის წინ თავად აკრძალა. გამოცემა Кавказский узел-ის თანახმად, 2000-იან წლებში ჩეჩნეთის მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 15% სწორედ „სისხლის აღების“ ტრადიციას უკავშირდებოდა.
ამავე შეხვედრაზე კადიროვმა მის მიერ ხსენებული სამივე ადამიანი დაადანაშაულა სექტემბერში მოსკოვში, რუსულ „ამაზონად“ მიჩნეული კომპანიის, Wildberries-ის ოფისში მომხდარი სროლის პროვოცირებაში.
„ბიზნესის საკითხი განიხილებოდა. ბექხან ბარახოევი იქ იყო, სულეიმან ქერიმოვიც იქ იყო, რიზვან ყურბანოვიც იქ იყო. მათ არა მხოლოდ წაართვეს ბიზნესი [ბაკალჩუკს], არამედ ჩემი მკვლელობის ბრძანებაც გასცეს“, - თქვა მან
შეხვედრის ამსახველი 9-წუთიანი ვიდეო, სადაც კადიროვი ამ ყველაფერს ამბობს, მან თავად გაავრცელა ტელეგრამის საკუთარ არხზე. ვიდეოში იგი ჩეჩნურ ენაზე საუბრობს. რუსული თარგმანი სამთავრობო Tass-მა და დამოუკიდებელმა Agentstvo-მ გაავრცელეს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვმა Wildberries-ში მომხდარ სროლაზე გააკეთა კომენტარი.
ვიდეოს ტელეგრამზე ტექსტური კომენტარიც დაურთო:
„არის ხალხი, ვინც ამ ყველაფერზე ეთნიკური ნიშნით შემობრუნებას ცდილობს და ამბობს, რომ კონფლიქტი კადიროველებმა გააღვივეს. ყველას მივმართავ, ვინც ამას ამბობს: თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ კადიროველებთან, ჯობს, პირდაპირ მე მელაპარაკოთ, რადგან მე ვარ მთავარი კადიროველი“, - დაწერა მან.
„მკვლელობის მორიგი მცდელობა“
მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მთავარმა საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, - რომლის ვინაობაც არ დაუსახელებიათ, - კლინიკაშია გადაყვანილი მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
უწყების თანახმად, თავდასხმა პარასკევს დილას, 11 ოქტომბერს მოხდა მოსკოვში მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა „უცნობმა პირმა განახორციელა“, - ოთხჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, შემდეგ კი მიიმალა.
მოგვიანებით კრემლთან დაკავშირებულმა ტელეგრამარხებმა, Mash-მა და Baza-მ დაწერეს, რომ პირი, რომელსაც თავს დაესხნენ, არის შერიპ ალიჰაჯიევი, რამზან კადიროვის გარდაცვლილი მამის, ახმატ კადიროვის ძველი მოკავშირე. უფროსი კადიროვის აფეთქების შემდეგ, იგი ინგუშეთში მუშაობდა.
„ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ ჯერ უცნობია, რაიმე კავშირშია თუ არა მკვლელობის ეს მცდელობა ჩეჩნებისა და ინგუშების ელიტურ ჯგუფებს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებასთან, - რაც Wildberries-ში მომხდარი სროლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.
„კადიროვი და ქერიმოვი უბრალოდ ბიზნესმენები არ არიან. ისინი საჯარო თანამდებობის პირები არიან“, - ამბობს ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა კადიროვის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რუსეთში შედარებით დემოკრატიული მიდგომა არსებობდა და საჯარო თანამდებობის პირების ბიზნესკონფლიქტებში მონაწილეობა არ იყო დაშვებული, - ეს უკანონო იყო. მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია. ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია და ჩვენ მოწმენი ვართ უდიდესი რეგრესისა, - დავბრუნდით იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოვჩნდით“, - ფიქრობს იგი.
დაპირისპირება, რომელშიც, რუსული მედიის ცნობით, კომპანია Wildberries-ი, მათი დამფუძნებლები - რომლებიც ახლა დაპირისპირებულ ბანაკებს წარმოადგენენ, - რამზან კადიროვი და ინგუში და დაღესტნელი დეპუტატები არიან გარეულები, უკავშირდება დიდ ფულს, ფარულ კავშირებს, კორუფციულ გავლენებსა და ძალაუფლებას რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.
რა არის Wildberries-ი?
Wildberries-ი ამერიკული Amazon-ის რუსული ანალოგია.
ეს არის ელექტრონული პლატფორმა მიტანის სერვისით, რომლის საშუალებითაც რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, ტანსაცმლიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით დასრულებული.
კომპანიის წარმატება გააძლიერა ჯერ კორონავირუსის პანდემიისას დაწესებულმა კარანტინმა, შემდეგ კი დასავლურმა სანქციებმა, რამაც ბევრი დასავლური კომპანია აიძულა, რუსული ბაზარი დაეტოვებინა.
ამჟამად Wildberries-ი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ არის სანქცირებული.
2023 წელს განაცხადა, რომ საქართველოშიც გეგმავდა გაფართოებას, თუმცა ჯერ ქვეყანაში არ შემოსულა.
ვინ არიან ბაკალჩუკები
პლატფორმა და კომპანია 2004 წელს დააარსა რუსი ბიზნესმენების, ბაკალჩუკების წყვილმა - ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებმა.
ამჟამად წყვილი დაშორებულია, კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით კი მათ სხვადასხვა გეგმა აქვთ.
ქმარი, - რომელიც რამზან კადიროვის პროტეჟეა, - კომპანიის მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობს.
ტატიანა ბაკალჩუკი - ახლა კვლავ ტატიანა კიმი - 99%-ს. იგი რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლება - მისი ქონება 7.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ტატიანა კიმს ასევე აქვს კავშირები რუსეთის მთავრობის გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და მის პირველ მოადგილე დენის მანტუროვთან.
გარიგება Russ-თან
ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი, - რაც უფრო ფართო პოლიტიკური კონფლიქტის საფუძვლად იქცა, - 2024 წლის ივნისიდან გამწვავდა.
Wildberries-მა გამოაცხადა, რომ აპირებდა გარე რეკლამის ფირმა Russ-თან შერწყმას. ორი კომპანიის გარიგების პირობების თანახმად, გაერთიანებული კომპანიის 65%-ს Wildberries-ი იტოვებდა, ხოლო Russ-ს 35% გადაეცემოდა.
ეს გარიგება საჯაროდ გააპროტესტა ვლადისლავ ბაკალჩუკმა. Russ-ი Wildberries-ზე გაცილებით ნაკლები კაპიტალისა და მოგების მქონე ფირმაა.
ზაფხულში კადიროვი ღიად ჩაერთო დავის გადაჭრაში: ორი კომპანიის გარიგებას მან ძმები მირზოიანებისა და „კავკასიელი ცნობილი ადამიანების“ თავხედური თარეში უწოდა.
ტატიანა კიმმა განაცხადა, რომ შერწყმის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და ბაკალჩუკთან განქორწინებას აპირებდა.
კადიროვი ასევე დაჰპირდა ბაკალჩუკს, რომ დაეხმარებოდა „ტატიანას ოჯახში დაბრუნებაში“, - რის შემდეგაც ტატიანა კიმმა საჯაროდ თქვა, რომ მსგავსი რამ არ სურდა.
Russ-ს აკონტროლებენ დაღესტნელი ბიზნესმენი ძმები, რობერტ და ლევან მირზოიანები.
ისინი, ამავე დროს, დაკავშირებულნი არიან რუს მილიარდერ პოლიტიკოსთან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ სულეიმან ქერიმოვთან, რომელიც წარმოშობით დაღესტნელია.
მედიის ცნობით, გარიგება ნიშნავდა, რომ:
- ბიზნესს თითქმის სრულად ჩამოშორდებოდა ბაკალჩუკი, - რომელსაც რამზან კადიროვი უმაგრებს ზურგს;
- ბიზნესში მნიშვნელოვან როლს მოიპოვებდა სულეიმან ქერიმოვი, - რის გამოც მას კადიროვი უპირისპირდება.
ვინ არის სულეიმან ქერიმოვი
სულეიმან ქერიმოვი კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქია, - მეცხრე ყველაზე მდიდარი ადამიანი რუსეთში, - Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს.
ამჟამად არის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მას 2018 წელს დაუწესა სანქციები, დიდმა ბრიტანეთმა კი - 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
რუსული გამოცემების ცნობით, სწორედ სულეიმან ქერიმოვის კაპიტალი და ინტერესები დგას ძმები მირზოიანების ბოლოდროინდელი წარმატების - მათ შორის, Russ-ს მიერ Wildberries-თან გაერთიანების - უკან.
სროლა Wildberries-ის ოფისში
18 სექტემბერს ვლადისლავ ბაკალჩუკმა სცადა, შეჭრილიყო Wildberries-ის მოსკოვის ოფისში, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს.
ის ამბობდა, რომ სურდა, დასწრებოდა შეხვედრას, რომელზეც, მისი მტკიცებით, ორი კომპანიის შერწყმის საკითხი განიხილებოდა, - მიუხედავად იმისა, რომ კიმის მტკიცებით, ასეთი შეხვედრა საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი.
ბაკალჩუკს თან ახლდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შეიარაღებული მებრძოლები და ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი, - ჯამში, 20-მდე ადამიანი.
შეჭრის მცდელობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა შენობის დაცვასთან და ორი ადამიანი დაიღუპა - კომპანიის დაცვის წევრები, რომლებიც წარმოშობით ინგუშეთიდან იყვნენ. 21 სექტემბერს ინგუშეთში ათასობით ადამიანი დახვდა თვითმფრინავს, რომლითაც მათი ცხედრები გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით ბაკალჩუკს და მის თანხმლებ რამდენიმე ადამიანს ბრალი წაუყენეს, თუმცა ბაკალჩუკი არ დაუკავებიათ.
რა პოზიცია აქვს პუტინს?
კონფლიქტის ერთ მხარეს არიან:
- ვლადისლავ ბაკალჩუკი, - რომელსაც ზურგს რამზან კადიროვი უმაგრებს
- ტატიანა ბაკალჩუკი/კიმი, - რომელიც ახლა ბიზნესში Russ-თან/მირზოიანებთან ერთადაა ჩართული, მათ უკან კი მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი დგას.
კადიროვსაც და ქერიმოვსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ვლადიმირ პუტინის რუსეთში. რა პოზიცია აქვს ამ ყველაფერზე პუტინს?
რუსული მედიის ცნობით, Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტატიანა კიმმა და Russ-ის დამფუძნებელმა რობერტ მირზოიანმა წერილი მისწერეს პუტინს.
ამ წერილში მათ პრეზიდენტს სთხოვეს ორი კომპანიის ახალი გარიგების „დალოცვა“. და, როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა მოიწონა ინიციატივა და უთხრა, „დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ“.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ის, რასაც ამჟამად რამზან კადიროვი ხმამაღალი განცხადებებით აკეთებს, - როგორც ეს ხშირად სჩვევია, - პუტინის ყურადღების მიპყრობის მცდელობა და ბიზნესსა და გავლენასთან დაკავშირებულ კონფლიქტში წაგების მიუღებლობაა.
ფორუმი