2023 წლის მარტში სკოტარენკო სამხედრო დავალებით გაგზავნეს დონეცკის ოლქში, 10 აპრილს კი მის მეუღლეს, ია რაშევსკაიას აცნობეს, რომ სერჰი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურის მეუღლემ შეიტყო, რომ მისი ქმარი ტყვედ ჩავარდნილა და ჩეჩნეთში იმყოფებოდა.
რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება ტყვეობაში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე? სად და რა პირობებში არიან ისინი? რა სირთულეებს აწყდებიან ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელი ტყვეები სამშობლოში დაბრუნების გზაზე? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას შეეცადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტი „ნოვოსტი პრიაზოვია“.
როგორც ია რაშევსკაიამ უამბო ჟურნალისტებს, მისი მეუღლე სერჰი სკოტარენკო გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. ის, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო, იამ ტყვეობიდან დაბრუნებული ჯარისკაცებისგან შეიტყო:
„ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც 2023 წელს გაათავისუფლეს. ერთ-ერთის ცოლმა მითხრა, რომ მისმა ქმარმა ჩემი მეუღლე ჩეჩნეთში ნახა. ასე გავიგე, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი ყოფილა და ტყვეობაში იმყოფებოდა. ჩემი ქმარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა სხვა ბიჭთან ერთად, რომელსაც არავინ ეძებდა, რადგან ნათესავები არ ჰყავდა. ქალმა მითხრა, რომ ეს ბიჭი ასევე იმყოფებოდა ტყვეობაში ჩეჩნეთში. 2023 წლის 11 ივნისს გაიმართა ტყვეების მორიგი გაცვლა. სწორედ მაშინ დააბრუნეს ჩეჩნეთიდან სამშობლოში ჩემი ქმრის თანამებრძოლი, ვიაჩესლავ კლიუშნიკოვი, რომელმაც მითხრა, რომ ტყვედ დნრ-ს მებრძოლებს ჩაუვარდნენ, ჩეჩნეთში კი მოგვიანებით გადაიყვანეს“.
ია რაშევსკაიას თქმით, ქმარი ტყვეობაში ყოფნისას მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით, 2023 წლის აგვისტოში. როგორც ქალი ამბობს, მისთვის არაფერია ცნობილი როგორც ტყვეობის პირობების, ასევე ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„აგვისტოში დამირეკა ვიდეოზარით. სამი წუთი ვილაპარაკეთ. შუბლზე სიმსივნე შევამჩნიე. არ ვიცი, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. მკითხა, როგორ ვიყავით მე და ბავშვები, ასევე მთხოვა, დავხმარებოდი შინ დაბრუნებაში. მითხრა, მთელი იმედი შენზეაო. თანამებრძოლის გათავისუფლებისას ჩემი ქმარი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოში იმყოფებოდა. სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, „მივინას“ (სწრაფი მომზადების ატრია) აძლევდნენ. პურსა და ტექნიკურ წყალზე ჰყავდათ. შიმშილით არ კლავდნენ, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, გამხდარი იყო“, - ამბობს ია რაშევსკაია.
ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს მეუღლე ასევე ამბობს, რომ, ნათესავების გათვლებით, ჩეჩნეთში უნდა იმყოფებოდეს ასზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე.
„იქ არიან დაჭრილი ბიჭები, დაინვალიდებულები. არიან ისეთებიც, ვისაც ორი წელია შვილები არ უნახავთ. ჩემს ქმარს ტყვეობაში ყოფნისას დედა გარდაეცვალა. ბევრი ასეთი შემთხვევაა. წითელი ჯვარი გვეუბნება, რომ მათ ეკრძალებათ ჩეჩნეთში ჩასვლა. დავუკავშირდით საკოორდინაციო შტაბს, უკრაინის ომბუდსმენ ლუბინეცს, დეპუტატებს, უშიშროების სამსახურს - ყველას, ვისაც მივწვდით. დაგვეხმარეთ საყვარელი ადამიანების შინ დაბრუნებაში! ორი წელი ძალიან დიდი დროა. ტყვეობა კლავს“, - ამბობს ქალი.
"ვიდეოში შვილი ამოვიცანით"
სერჰი მოროზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის „ედელვაისის“ სამხედრო მოსამსახურეა. 2023 წლის მარტში მისმა ახლობლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ის დაიკარგა უგზო-უკვლოდ დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით.
„მოგვიანებით გაირკვა, რომ სერჰი იმყოფებოდა ტყვეობაში ჩეჩნეთში ტერიტორიაზე“, - უთხრა ჯარისკაცის დედამ ალა დემიანეცმა რადიო თავისუფლების პროექტის, „ნოვოსტი პრიაზოვიას“ კორესპონდენტს.
„გამოგვიგზავნეს „კადიროველების“ ვიდეო, რომელზეც ჩვენი შვილი ამოვიცანით. შემდეგ, 2023 წლის ივნისში, გაათავისუფლეს ჩვენიანები, რომლებმაც გვითხრეს, თუ სად იმყოფებოდა სერჰი. საკოორდინაციო შტაბში, პირად საქმეში, ჯერ ეწერა „ტყვეობა“, შემდეგ კი გაჩნდა ჩანაწერი - „ტყვეობა. გროზნო“, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცის დედა.
ტყვედ რომ აიყვანეს, დაჭრილი იყო. როგორც ალა დემიანეცი ამბობს, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთხელაც კი არ მიეცა საშუალება დაჰკავშირებოდა შვილს.
„ვიდრე ჩეჩნები წაიყვანდნენ, მხარში იყო დანით დაჭრილი. ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. უმცროსი ვაჟი უკვე დამეღუპა, ძალიან მინდა უფროსი მაინც დავიბრუნო. აღარ ვიცი, ვის მივმართო. დამეხმარეთ, დამაბრუნებინეთ ჩემი შვილი“, - ამბობს ალა დემიანეცი, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებს.
"ცოცხალი ფარი"
ჩეჩენი სამხედროები ყიდულობენ უკრაინელ ტყვეებს სხვადასხვა რუსული ქვედანაყოფიდან, ჩაჰყავთ ისინი გროზნოში და შემდეგ უკრაინის ტყვეობაში მყოფ თავიანთ თანამებრძოლებში ცვლიან, - ამის შესახებ 2024 წელს იტყობინებოდა პეტრო იაცენკო, უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელი.
მაშინ ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა. ასევე უცნობია, გრძელდება თუ არა ტყვეების მსგავსი სყიდვა დღემდე და რამდენად გავრცელებულია ეს პრაქტიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
თუმცა, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ ტყვეებს „ცოცხალ ფარად“ გამოიყენებდა უკრაინული დრონების მიერ სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების მიტანის შემთხვევაში. კადიროვმა ეს განცხადება გააკეთა 2024 წლის 4 დეკემბერს, როცა ომის დაწყების შემდეგ უკრაინულმა დრონებმა მეორედ მიიტანეს იერიში ჩეჩნეთზე.
უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტყვეობაში სავარაუდოდ იმყოფება 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ტყვეობაში ხვდებიან ფრონტის სხვადასხვა უბანზე, მაგრამ უკვე ტყვეობაში ყოფნისას გადაჰყავთ ისინი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლება მათ "ცოცხალ ფარად" იყენებს სამხედრო ობიექტების დაცვის დროს. ისინი ასევე გამოიყენებიან ერთგვარ ზეწოლის ბერკეტებად და კადიროვის ნათესავებისთვის დაწესებული სანქციების მოსახსნელად“, - აღნიშნავენ საკოორდინაციო შტაბში.
სამხედრო ტყვეების ცოცხალ ფარად გამოყენება პირდაპირ აკრძალულია 1929 წლის ჟენევის კონვენციით, რომელიც სრულად არეგულირებს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობას.
უწყების ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა არასოდეს არ წარადგენს გაცვლის შესახებ ოფიციალურ წინადადებას. უკრაინა კი პატიმრების შესახებ ყველა ინფორმაციას გადასცემს ICRC-ს (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი), მაგრამ წითელი ჯვარი ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.
პირობები
ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცების ჩვენებების თანახმად, ჩეჩნეთში ტყვეების შენახვის სისტემა გარკვეულწილად განსხვავდება რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სისტემისგან, - ამბობს ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მარია კლიმიკი:
„როდესაც ტყვეები გადაიყვანეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, გროზნოში, მათ არ გაუვლიათ "მიღება-ჩაბარების" სტანდარტული პროცედურა, რომელიც ტარდება ხოლმე რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში. ამწყვდევდნენ საგანგებოდ მოწყობილ სარდაფებში. ზოგიერთი ყოფილი ტყვე ვარაუდობს, რომ ეს სარდაფები პოლიციის განყოფილებებში იყო მოწყობილი“.
სარდაფები გისოსებით იყო აღჭურვილი, საძილე ადგილების მაგივრობას კი ჩვეულებრივი სამეურნეო თაროები ასრულებდნენ - ოთახებში ფანჯრები არ იყო, ბნელოდა, - განაგრძობს უფლებადამცველი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოკითხული ყოფილი ტყვეების თქმით, მათ მიმართ დამოკიდებულება ზოგადად საკმაოდ ლოიალური იყო: „მცველები, რომლებიც ძირითადად ჩეჩნები იყვნენ, ნორმალურად იქცეოდნენ. არ ყოფილა რუსეთის ჰიმნის დაზუთხვისა და ბოდიშების დაუსრულებელი მოხდის ისტორიები. უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ დამოკიდებულება, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ იცვლებოდა, როცა ჩეჩენ ზედამხედველებს რუსები ცვლიდნენ“, - აღნიშნავს ჟურნალისტი:
„ყოფილა შემთხვევები, როცა საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდეც მიდიოდა. ასეთი რამ მასობრივად არ ხდებოდა. ამოწმებდნენ საბუთებს, ეძებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. თუ რამე არ მოეწონებოდათ, მაგალითად, ფოტოები, იწყებდნენ ცემას“.
"საველე გაცვლები"
ყოფილი ტყვეები აღწერენ პირობებს, რომლებიც მათ საკუთარ თავზე გამოცადეს ჩეჩნური ბატალიონის, „ახმატის“ ტყვეობაში ყოფნისას. უფლებადამცველის თქმით, ხშირ შემთხვევაში ტყვეებს სასტიკად ეპყრობოდნენ.
„იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევები ბრძოლის ველზე; იყო შემთხვევები, როდესაც ჯარისკაცების დიდი ჯგუფიდან ტყვედ იყვანდნენ მხოლოდ გარკვეული სპეციალობის მქონეებს - მაგალითად, მზვერავებს, მეკავშირეებს, რომლებსაც შეეძლოთ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება. ყველა დანარჩენს - ჯარისკაცებს, რიგითებს უბრალოდ ბრძოლის ველზე ანადგურებდნენ. მძიმედ დაჭრილებს ან იქვე ტოვებდნენ, ან ადგილზე ხვრეტდნენ. თუმცა დატყვევებულებსა და უკვე გროზნოში გადაყვანილებს, სამედიცინო დახმარებასაც უწევდნენ. ზოგიერთი საავადმყოფოშიც კი გადაჰყავდათ სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად“, - ამბობს ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მარია კლიმიკი, რომლის თქმითაც, უკრაინელი სამხედროების ნაწილი არაოფიციალურად გაცვალეს ჩეჩენ სამხედროებზე ეგრეთ წოდებული საველე გაცვლის დროს.
რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია ვერ ახერხებს ზოგიერთი მტკიცებულების ოფიციალურ დადასტურებას ან დამოუკიდებლად გადამოწმებას.
„ასეთი საველე გაცვლა ხდებოდა სწორედაც რომ უკრაინულ და ჩეჩნურ მხარეებს შორის. ანუ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ცვლიდნენ მხოლოდ ჩეჩენ სამხედროებზე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გასაცვლელად გამზადებული ტყვეები გადაჰყავდათ რუსეთში და გაცვლასაც რუსი სამხედროები ახორციელებდნენ“, - ამბობს მარია კლიმიკი.
"გაცვლა მხოლოდ კადიროვის ნებართვით"
ჩეჩენი უფლებადამცველი და ადვოკატი აბუბაქარ იანგულბაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი შესაძლოა პირადად იყოს დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი თავისი მებრძოლის გამოხსნით. სწორედ ამიტომ ჰყავს მას უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნაწილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იანგულბაევის თქმით, შესაძლოა არსებობდეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსული ქვედანაყოფებიდან გამოსყიდვის სქემებიც.
„ამ სქემების არსებობაზე ლაპარაკობენ 2022 წლის შემოდგომიდან, როდესაც ორივე მხრიდან გაჩნდნენ პირველი ტყვეები. მიუხედავად იმისა, რომ „ახმატი“ და სხვა ჩეჩნური ბატალიონები რუსეთის ძალოვანი უწყებების ნაწილია, მათ მაინც აქვთ საკუთარი ინტერესები - მთავარია ტყვეობიდან გამოიხსნან რაც შეიძლება მეტი თავიანთი თანამებრძოლი, რათა კადიროვმა არ დაკარგოს ავტორიტეტი თავისიანებში, რომლებსაც პერიოდულად მოუწოდებს ხოლმე წავიდნენ უკრაინასთან ომში. პირადად ჩემთვის გასაკვირია, როგორ მოხვდნენ ეს პატიმრები კადიროვთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვის სამინისტროსთან. ტყვეების გაცვლა ხომ რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების ურთიერთქმედების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. ფორმალურად, კადიროვი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში“, - აღნიშნა აბუბაქარ იანგულბაევმა, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კადიროვის ნებართვით მიიღება.
„კადიროვის მხარეს შესაძლოა სურდეს გარკვეული პროპორციულობის მიღწევა გაცვლაში; ხდება ადამიანის სიცოცხლისათვის ერთგვარი ფასის დადება, რომელიც ეფუძნება სამხედრო ტყვეების ეკვივალენტს. მთლიანობაში, კადიროვის სამხედრო ტყვეების ბანკი შეზღუდულია; იგი გამოიყენება პირველ რიგში პიარისთვის. რეალური გაცვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად კადიროვს სჭირდება და მხოლოდ მისი პირდაპირი ნებართვით“, - ამბობს იანგულბაევი.
- 2024 წლის დასაწყისში რამზან კადიროვი გამოვიდა ინიციატივით, დააბრუნოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები მისი ოჯახისათვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაშინ ამ ამბავმა რუსი სამხედრო ბლოგერების აღშფოთება გამოიწვია - ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ბრალი დასდეს „ცოცხალი საქონლით“ ვაჭრობასა და ტრეფიკინგში. ასეთი რეაქციის პასუხად კადიროვმა უკან დაიხია და თავის განცხადებას „ტროლინგი“ უწოდა, მაგრამ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის მიერ გამოკითხული პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ კადიროვის წინადადება თავდაპირველად სერიოზული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ელიტის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები ნამდვილად მუშაობს.
- უკრაინის ომში დატყვევებული კადიროველები ტყვეობაში ბევრად ნაკლებ დროს ატარებენ, ვიდრე რუსეთის არმიის სხვა ქვედანაყოფების ჯარისკაცები. ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამარხის - „ეძებე შენიანები“ ავტორმა, ვლადიმირ ზოლკინმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადეს.
ფორუმი