Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაცვლის უფლების გარეშე“ - ოკუპირებულ ქალაქებში დაკავებული უკრაინელები რუსეთის ციხეებში


უკრაინელი სამოქალაქო პირები რუსეთის საპატიმროში. ლიუბოვ მოისეენკოს ილუსტრაცია
უკრაინელი სამოქალაქო პირები რუსეთის საპატიმროში. ლიუბოვ მოისეენკოს ილუსტრაცია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული საქმიანობისთვის დაკავებული არაერთი უკრაინელი იხდის სასჯელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ისინი დიდი ხნით ვერ გამოდიან კავშირზე, იტყობინებიან წამების შესახებ და ვერ იღებენ იურიდიულ დახმარებას.

რუსეთის სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები ტერორისტები და დამნაშავეები არიან, და გასამართლების შემდეგ მათ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ელოდებათ.

უკრაინელი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ უკრაინელ პარტიზანებს უნდა მიენიჭოთ სამხედრო ტყვეების სტატუსი და უნდა დაექვემდებარონ გაცვლას, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტას აფერხებს რუსეთი, რომელსაც სურს, რომ სამოქალაქო პირებიც რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.

ამასობაში კი, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი პატრიოტების ოჯახის წევრები ცდილობენ, ყველას მიაწვდინონ ხმა თავიანთ ახლობლებზე, რომლებიც რუსეთის საპატიმროებში სასტიკ პირობებში იმყოფებიან.

აიძულებენ იმღერონ რუსეთის ჰიმნი და „კატიუშა“

33 წლის პაველ ზაპოროჟეცი 2022 წლის 9 მაისს ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს. იმ დღეს ქალაქში უნდა გამართულიყო „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და სამხედრო ტექნიკის აღლუმი. საოკუპაციო ხელისუფლებამ ზაპოროჟეცი დაადანაშაულა საერთაშორისო ტერორიზმში: თითქოსდა, მას ამ მსვლელობის ჩაშლა სურდა.

„პაველი 2014-2017 წლებში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი იურისტად მუშაობდა. არაფერს არ აკეთებდა ისეთს, რაც ომთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის იყო უკრაინის პატრიოტი, უკრაინული სიმბოლიკა სხეულზე ჰქონდა ამოსვირინგებული. არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდით, რომ ოკუპაციის შემდეგ რაღაცნაირად ეხმარებოდა უკრაინელ სამხედროებს“, - გვიყვება პაველის და, მარია.

პაველის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია, რომ ის „ტელეგრამისა“ და „სიგნალის“ მესინჯერების გამოყენებით უკრაინელ სამხედროებს რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობას ატყობინებდა.

9 მაისის შემდეგ ზაპოროჟეცი გაუჩინარდა, მაგრამ ნათესავები ხვდებოდნენ, რომ ის ტყვედ ჩაიგდეს, როგორც სხვა უკრაინელები, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

„მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის კიროვის ქუჩაზე არსებულ სარდაფში ჰყავდათ. ეს არის წამების ადგილი, სადაც ოკუპანტებს მიჰყავდათ ისინი, ვინც არ მოეწონებოდათ. იქ ბავშვებსაც კი აწამებდნენ“, - ჰყვება მარია.

მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია პაველის შესახებ დამ მხოლოდ ოქტომბერში მიიღო - ანუ ძმის გაუჩინარებიდან ხუთი თვის შემდეგ. მას დაურეკა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო, როგორც სიმფეროპოლელი ადვოკატი და უთხრა, რომ საგამოძიებო იზოლატორის დერეფანში მის ძმას შეეჩეხა. პაველმა ადვოკატს სთხოვა ოჯახთან დაკავშირება.

„შევიტყვეთ, რომ პაველის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. იქ კი ასეთი დანაშაული 20 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პაშას საქმე უკრაინელების წინააღმდეგ აღძრული პირველი ასეთი საქმეა“, - ამბობს მარია.

ყირიმში პაშას ჰყავდა სახაზინო ადვოკატი, რომელიც, მარიას თქმით, ოჯახს არ ეკონტაქტებოდა და არ უპასუხებდა შეკითხვებს, „თითქოსდა ეფ-ეს-ბეზე (რუსეთის უშიშროება) მუშაობსო“.

ამის შემდეგ ოჯახმა იმ ადვოკატთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც პირველი საგამოძიებო იზოლატორიდან დაურეკა. მოგვიანებით პაველი მე-2 საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.

„ეს ადგილი ცნობილია იმით, რომ იქ პატიმრობაში ჰყავთ უკრაინელი სამოქალაქო პირები. სხვა ტყვეების ნათესავებისგან ვიცით, რომ იქ აწამებენ და ამცირებენ ადამიანებს. აიძულებენ იმღერონ რუსეთის ჰიმნი და „კატიუშა“. ძალიან ცუდად აჭმევენ, დღეში ერთხელ აძლევენ სალაფავს, საშინელი პირობებია. კამერაში, რომელიც ხუთ ადამიანზეა გათვლილი, შეიძლება ჰყავდეთ 12 ადამიანი. საქმეშიც კი ფიგურირებს მოხსენება, რომ მას საკანში დაუდგენელმა პირმა სცემა. საინტერესოა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს პირი?“ - ჰყვება მარია.

2023 წლის თებერვალში პაველ ზაპოროჟეცი დონის როსტოვში გადაიყვანეს, სადაც დაიწყო მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება. კავშირს ძმასთან მარია ადვოკატისა და ფედერალური სასჯელაღსრულებითი სისტემის სპეციალური სერვისით (ФСИН-Письмо) ამყარებს. სასამართლოს სხდომების შესახებ დეტალები კი გასაიდუმლოებულია.

„პრობლემა ისაა, რომ ფორმალურად ისინი არიან სამოქალაქო პირები და არ არსებობს მათი დაბრუნების არანაირი პროცედურა. მაგრამ ყველა, ვინც იქ ზის, არ არის უბრალო ხალხი. ეს ის ადამიანები არიან, ვინც იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის და მისი დამოუკიდებლობისთვის, მათ სურდათ ჩვენი მიწების გათავისუფლება ამ უწმინდურობისგან. იქ არიან პარტიზანებიც და უბრალოდ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებიც - მასწავლებლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები. მათ გაორმაგებული დაცვა მეთვალყურეობს, მათი ეშინიათ“, - ამბობს მარია.

სასამართლო პროცესზე პაველ ზაპოროჟეცის ადვოკატმა, ალექსეი ლადინმა, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამხედრო ტყვედ აღიარება მოითხოვა, რადგან დაკავების მომენტისთვის პაველი ასრულებდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის საბრძოლო ბრძანებას - გაენადგურებინა რუსეთის სამხედრო პატრული. სასამართლომ ადვოკატის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

“სახლში უბედურება გვეწვია. ისინი ყველას გაგვანადგურებენ“

სერგეი კოვალსკიმ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 13 წლიდან სწავლობდა სამხედრო ლიცეუმში, შემდგომ - უნივერსიტეტში. უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსული ძალების მიერ გაჩაღებული ომის დროს ის დონბასში ათეულის მეთაური იყო.

„მთელი 2014 წლის განმავლობაში ვემუდარებოდი, რომ არ წასულიყო, მაგრამ 2015 წლის ბოლოს მითხრა: "დედა, როგორ შევხედო ჩემს თანაკურსელებს თვალებში?" და წავიდა, ძალიან ამაყობდა იმით, რომ მის ბიჭებს შორის არავინ იყო დაღუპული. დაიჭრა, სახელმწიფო ჯილდო მიიღო პოროშენკოსგან, კონტუზიის შემდეგ კი შინ დაბრუნდა“, - ჰყვება სერგეის დედა, ირინა კოვალსკაია.

2022 წელს, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, სერგეიმ კიდევ ერთხელ ჩაიტარა საავადმყოფოში გამოკვლევა, მას ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებოდა. სურდა, მთელი დრო ახლად შექმნილი ოჯახისა და ჯანმრთელობის აღდგენისთვის დაეთმო. ფერმერობასაც კი მიჰყო ხელი. მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ისევ გადაწყვიტა ხელში იარაღის აღება და ეს ამბავი დედას გაუმხილა.

„სახლში უბედურება გვეწვია, ისინი არანორმალურები არიან, ყველას გაგვანადგურებენ“, - უთხრა სერგეიმ დედას. 14 მარტს კი, უსაფრთხოების მიზნით, ოჯახს ხერსონში, სხვა ბინაში გადასვლა სთხოვა. ხოლო თავად, როგორც მერე გაირკვა, უკრაინელ პარტიზანებს შეუერთდა.

„მე ინფორმაცია არ მქონდა შვილის შესახებ, მაგრამ მესმოდა, რომ ის გულხელდაკრეფილი არ იყო. მაგრამ შემდეგ ჩვენთან ხერსონში ისე მოხდა, რომ ვიღაც ნაძირალამ ოკუპანტებს მისცა ყველა პოლიციელისა და ატო-ში (ანტიტერორისტული ოპერაცია - ასე უწოდებდა კიევი დონბასში შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას - რედ.) მონაწილის სია“, - ჰყვება სერგეის დედა.

როდესაც ირინას ეკითხებოდნენ, სად იმყოფებოდა მისი შვილი, ის უპასუხებდა, რომ ქალაქიდან გასულიაო. სინამდვილეში, რაც კი შეეძლო, ყველაფრით ეხმარებოდა სერგეის: მის საიდუმლო ბინაზე დაჰქონდა პროდუქტები და ძველი ბინიდან ყრიდა ყველაფერს, რასაც შვილი დააბარებდა.

„ერთხელ სერიოჟას ცოლმა, საშამ, დამირეკა და მითხრა: "სერიოჟა აიყვანეს!" რძალი მაშინ თავის მშობლებთან იმყოფებოდა, მან კარზე დარეკა. მის უკან იდგა ხუთი სამხედრო, რომლებსაც სერიოჟა მიჰყავდათ. რუსული სამბარათიანი ტელეფონი მომთხოვა და შემდეგ წაიყვანეს“, - ჰყვება ირინა.

დაკავების შემდეგ რუსებმა სერგეი სახლში ჩხრეკის ჩატარების დროს კიდევ რამდენჯერმე მიიყვანეს. ცოლის სიტყვებით, ის იყო საშინლად ნაცემი, სახესა და სხეულზე დარტყმის კვალი ეტყობოდა. დაკავებულის ცოლისგან რუსი სამხედროები ითხოვდნენ, რომ მონაწილეობა მიეღო ხერსონის ოლქის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმში და აეღო რუსეთის პასპორტი. „კი, კი, წავალ, მაგრამ ჯერ არ მცალია, ბავშვთან ვარო“, - ასეთი პასუხით იცილებდა საშა რუსებს.

ამონარიდი სერგეი კოვალსკის ერთ-ერთი მიმართვიდან, რომელიც „ლეფორტოვოს“ იზოლატორში დაწერა.
ამონარიდი სერგეი კოვალსკის ერთ-ერთი მიმართვიდან, რომელიც „ლეფორტოვოს“ იზოლატორში დაწერა.


„მე ვიცნობ ჩემს შვილს, არ შეიძლებოდა, რომ მას ჩვენთვის რაიმე ბარათი არ დაეტოვებინა. ამიტომ პირველი ჩხრეკის შემდეგ ვუთხარი საშას, რომ გადაეტრიალებინა მთელი სახლი. ეს მას ფრთხილად უნდა გაეკეთებინა, რადგან გვქონდა ეჭვი, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და გვითვალთვალებდნენ. მან მხოლოდ მესამე დღეს იპოვა კბილის ჯაგრისის ჭიქაში ჩადებული წერილი. მასში შვილი წერდა, თუ ვისთვის რა უნდა გადაგვეცა“, - ჰყვება ირინა კოვალსკაია.

სწორედ შვილისა და ტყვედ ჩავარდნილი სხვა უკრაინელების ნათესავების წერილებით შეიტყვეს ირინამ და საშამ იმ სარდაფში არსებული პირობების შესახებ, რომელშიც რუს სამხედროებს ტყვეები ჰყავდათ მოთავსებული:

ხუთის ნაცვლად ერთ საკანში შეყრილი ჰყავდათ 20 კაცი, იყო წამება, ყვირილი, ტუალეტში სამ დღეში ერთხელ გაჰყავდათ. საკანში ზრდასრული მამაკაცების გარდა ჰყავდათ 14 წლის ბიჭიც. სერგეიმ ასეთ პირობებში სამი თვე დაჰყო ამ სარდაფში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბარათებით გზავნიდა იმ ადამიანების გვარებსა და სახელებს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა ნათესავებს შესძლებოდათ მათი მოძებნა.

„მაშინ საშკამ მაინც აიღო რუსეთის პასპორტი, ავტომატის ლულების ქვეშ ყველაფერს გაიძულებენ. ვუთხარი: "მთავარია გადარჩე, ჩვენები გაგვიგებენ", - ჰყვება ირინა, რომელმაც შვილის ნახვა ერთხელ მოახერხა. სერგეიმ დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის გარაჟში შენახული იარაღი მიეტანა.

„მივხვდი, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო, იარაღი პნევმატიკური იყო, ის არავის სჭირდებოდა“, - ამბობს ქალი.

დედა და შვილი ერთმანეთს რომელიღაც გარაჟთან შეახვედრეს, უნომრო შავი მანქანიდან სამხედროებმა სერგეი გადმოიყვანეს. თვალცრემლიანი ირინა შვილს გადაეხვია. რუსებს ამისთვის ხელი არ შეუშლიათ. სერგეი ძალიან გამხდარი და ნაცემი ჩანდა. შვილმა დედა დაამშვიდა: „ყველაფერი კარგად იქნება, მე გამოვალ, მე დავბრუნდები“, - იხსენებს ირინა.

ამ შეხვედრიდან მალევე, სერგეი ყირიმში არსებულ იზოლატორში გადაიყვანეს, იქიდან კი - მოსკოვში, „ლეფორტოვოს“ იზოლატორში.

„ლეფორტოვოში“ სერგეი და კიდევ 6 უკრაინელი ელოდება სასამართლოს ტერორიზმის საქმეზე. კოვალსკის წინააღმდეგ არსებულ მასალებში წერია, რომ მისი დანაშაული უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანიც გენოციდისა და დამცირებისგან უკრაინელი ხალხის დაცვაა.

ყველა უკრაინელი ტყვე ცალკე საკანში ზის და სასეირნოდაც სხვადასხვა დროს გაჰყავთ. სასამართლოს ჩატარება გამუდმებით გადააქვთ, ბოლოს იგი სექტემბრისთვის გადადეს.

„იურიდიულად მას იქ თვლიან სამოქალაქო პირად. არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია მის გასაცვლელად. სერიოჟამ წერილი მისწერა ზელენსკის, მე მივმართე "წითელ ჯვარს", რომის პაპსაც კი მივმართე წერილით. შედეგი არ არის. სხვა რა მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, გარდა წერილებისა? მოსკოვში ველოსიპედით ხომ ვერ წავალ მტკიცებულებებისთვის“, - ბრაზობს ირინა.

„ლეფორტოვოდან“ სერგეი დედას და ცოლს წერილებსა და ლექსებს უგზავნის და იმედოვნებს, რომ შეძლებს შინ დაბრუნებას. მისი დედა კი ჩივის, რომ ახალ ამბებში მას ხშირად ასახელებენ, როგორც ფერმერს: „ფერმერი ის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო, მაგრამ შემდეგ კვლავ იცავდა უკრაინას ისე, როგორც შეეძლო“, - დაჟინებით აცხადებს ირინა.

  • 2023 წლის აპრილის მონაცემებით, „ლეფორტოვოში“ საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით ბრალდებული, სულ მცირე, 20 უკრაინელი იმყოფებოდა. მათგან რამდენიმეს ხერსონის რეგიონში საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ. ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი სამოქალაქო პირი იმყოფება სხვა დაწესებულებებში: რუსეთი არ იძლევა სამხედრო და სამოქალაქო პატიმრების სიებს.
  • უკრაინელი უფლებადამცველები ეძებენ გზებს, თუ როგორ მოახერხონ რუსეთის უკანონო გამოძიების ქვეშ მყოფი უკრაინელი სამოქალაქო პატიმრების გათავისუფლება. მათი მონაცემებით, ამჟამად რუსეთს 20 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი ჰყავს.
  • „სამოქალაქო პირების დაბრუნება რთული გზაა. როდესაც რუსეთს ვუგზავნით მოთხოვნას ჩვენი სამხედრო ტყვეების დიდი გაცვლის შესახებ, იქიდან იწყებენ ტყვეობაში მყოფი ჩვენი სამოქალაქო პირების შემოთავაზებას. ჩვენ ნამდვილად ვერ წავალთ ამაზე. სხვა ვარიანტებს ვეძებთ“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში.
  • „სინამდვილეში, ეს ე.წ. გასამართლება კარგი ამოსავალი წერტილია ამ ადამიანების გაცვლისთვის. სანამ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ანუ სანამ ისინი (რუსები) ამ საქმეებს აყალბებენ, მათ არ სურთ გაცვლა. როგორც კი ადამიანი მიიღებს ე.წ. განაჩენს, არსებობს იმედი, რომ მის გაცვლას შევძლებთ. რუსული მხარისგან განსხვავებით, ჩვენ გვყავს ომის დანაშაულისთვის მსჯავრდადებული რეალური დამნაშავეები“, - განაცხადა სამხედრო ტყვეებთან ურთიერთობის საკითხებში საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, პიოტრ იაცენკომ. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ შეიმუშავებენ სამოქალაქო პირების გაცვლის მექანიზმს და სანქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის დახმარებით მოახერხებენ ტყვეობიდან მათ გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG