Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კომპანია "ბიუ ბიუ" აცხადებს, რომ მათ პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ გამოვლენილა

კომპანია "ბიუ ბიუ" აცხადებს, რომ მათ პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ გამოვლენილა


"ჩირინას" ქათმის ფერმა
"ჩირინას" ქათმის ფერმა

კომპანია „ბიუ ბიუ“ განცხადებას ავრცელებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით და ურთავს სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილს, რომლის მიხედვითაც, 2018-19 წლებში, ანუ როცა კომპანია „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას” ("ბიუ ბიუ") ნაკელს ყიდულობდა, ფერმის ქათმები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხუთჯერ შეამოწმა და მათში ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ არ გამოუვლენია. რაც შეეხება ქათმის ნაკელს, კომპანიის თანახმად, მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად და დაუშვებელია მისი გამოყენება საკვებად.

„საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს. ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს. 2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა. ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით. რაც შეეხება ქათმის ნაკელს - მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მცენარეებისთვის! დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად!“ - წერია კომპანია "ბიუ ბიუს" განცხადებაში.

რძის ნაწარმის მწარმოებელმა კომპანიებმა „სანტემ“ და „აგროჰაბმა“, რადიო თავისუფლების გამოძიების შემდეგ, „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან“ გამომდინარე, საკუთარი პროდუქტის ხარისხზე განცხადებები გაავრცელეს. თუმცა არ განუმარტავთ, რით კვებავენ ძროხებს, რომელთა რძისგანაც მზადდება პროდუქტი.

სტატია 31 მარტს გამოქვეყნდა - ამ გამოძიებით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

რადიო თავისუფლების გამოძიებამ რძის ნაწარმის მომხმარებლებში მღელვარება გამოიწვია ორი მიზეზით. მათ აინტერესებდათ:

  • რამდენად უსაფრთხო იყო რძის ნაწარმი, რომელსაც ისინი „სანტესგან“, „სოფლის ნობათისგან“, „აგროჰაბისგან“ და „რძის ლაბორატორიისგან“ ყიდულობდნენ - შეიცავდა თუ არა პროდუქტი ანტიბიოტიკებს;
  • ისევ იყენებს თუ არა რძის მიმწოდებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ ძროხების გამოსაკვებად ქათმის სკინტლს.


საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა, ევროკავშირში კი დაახლოებით 20 წლის წინათ.

ოთხი კომპანიიდან მხოლოდ ორი („სანტე“ და „აგროჰაბი“) გამოეხმაურა მომხმარებელთა კრიტიკას, თუმცა გაჩენილ კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს:

  • „სანტეში“ ამბობენ: „ნებისმიერი ნედლეული - რძე, რომელსაც „სანტე“ იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. თუ რძე ატარებს რაიმე ტიპის პოტენციურ რისკს ხარისხთან დაკავშირებით, არ მიიღება და არ ვიყენებთ წარმოებაში“.
  • „აგროჰაბი“ ირწმუნება, რომ „სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს“.
  • რადიო თავისუფლებამ ამ ორივე კომპანიის პრესსამსახურთან სცადა იმის გარკვევა, რაც მათ განცხადებაში არ წერია - რით იკვებებიან ძროხები, რომელთა რძით წარმოებულ პროდუქტსაც ყიდიან ისინი საკუთარი ბრენდის ქვეშ. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG