21 მარტს პოლიციელები პარლამენტის შენობასთან აქციაზე მისულებს ჩხრეკენ. 22 და 26 მარტს “ზედაპირული ჩხრეკისთვის” აჩერებენ გამვლელებს მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან", 31 მარტს - "თავისუფლების მოედანზე", 1 აპრილს კი მეტროსადგურ "რუსთაველთან" ათობით ახალგაზრდას უმოწმებენ ჯიბეებს და ჩანთებს.
“ჩხრეკა არ არის, ქალბატონო. ჩვენ, ქალბატონო, ვმუშაობთ. გაქვთ ახლა იმის უფლება, რომ ჩემი ნებართვის გარეშე გადამიღოთ? მე ახლა მინდა? არც მე მომწონს და არც ადამიანს, როცა უღებთ. რა უფლებით გვიღებთ? თუ რამე გაინტერესებთ, მოდით და გვკითხეთ, თუ არადა, თქვენ გვითხარით, ახლა რა უფლებით გვიღებთ. თქვენ ხართ უზრდელი ქალი, წადი რა, საქმე ნახე”, - ასე გამოხატავს ერთ-ერთი პოლიციელი უკმაყოფილებას გამვლელის მიმართ, რომელიც ტელეფონით იღებს, როგორ ჩხრეკს პოლიციელების ორი ჯგუფი მარჯანიშვილის მოედანზე მოქალაქეებს.
“ესენი კანონს არღვევენ, მართალია. რაც საჭიროა, იმას არ აკეთებენ, ახალგაზრდებს იჭერენ”, - ისმის ამავე ვიდეოში სხვა თვითმხილველის ხმა.
შს სამინისტრო ამბობს, რომ მოქალაქეებს ქუჩაში ზედაპირულად ათვალიერებს “პოლიციის შესახებ” კანონის სრული დაცვით.
კანონის განმარტებით, ზედაპირული დათვალიერებისას პოლიციელს აქვს უფლება, შეამოწმოს ტანსაცმლის მხოლოდ ზედაპირი ხელით ან დეტექტორით. ზედაპირული დათვალიერებისას არ შეიძლება ჯიბეში ხელის ჩაყოფა ან მისი შიგთავსის ჩვენება, ასევე არ შეიძლება მოსთხოვონ მოქალაქეს, აჩვენოს, რა უდევს ჩანთაში.
კადრებში, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიციელები ქუჩაში გაჩერებული მოქალაქეების ჩანთებს ხსნიან, ჯიბეებს ამოწმებენ და ჩხრეკის აღმწერ ოქმებს არ ადგენენ. კანონის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია, მოქალაქეს აუხსნას, რატომ გააჩერა, რატომ ამოწმებს, ანახოს მოწმობა, განუმარტოს უფლებები და შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს ოქმი.
ზედაპირული დათვალიერებისას პოლიციას ჩანთის გახსნის უფლება არ აქვს. ქალს ამოწმებს ქალი, კაცს - კაცი.
ჩხრეკაზე მეტი
31 მარტს, საღამოს 8 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი გააჩერა და მას ჩანთის ჩხრეკა და “ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი", რომლის ადვოკატსაც ლუკამ კონსულტაციისთვის დაურეკა, ჰყვება, რომ ახალგაზრდა კაცი თანახმა იყო პოლიციელებისთვის ეჩვენება ჩანთა და მისი შიგთავსი, ტელეფონზე წვდომის მიცემამდე კი პოლიციას და პარალელურად ადვოკატს ამის სამართლებრივი საფუძვლების განმარტება სთხოვა.
“[სატელეფონო საუბრისას ადვოკატმა] უთხრა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულს არ მისცეს ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა.
დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ”, - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატს ლუკა კინწურაშვილმა უთხრა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ის ორჯერ გააშიშვლეს სრულად: ერთხელ პოლიციის სამმართველოში და ერთხელ იზოლატორში შესახლებისას. გაშიშვლებას თან ახლდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარები - ლუკას სხეულის დიდი ნაწილი სვირინგებით აქვს დაფარული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია ლუკა კინწურაშვილს აკავებს და კაცი დამამცირებელ მოპყრობას აღწერს. 2024 წლის 9 ივლისს, დღის საათებში, ის ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს - ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ის რადიო თავისუფლებას მოუყვა, რომ პოლიციას არ მოეწონა, როცა მათთან საუბრის ტელეფონით გადაღება დაიწყო.
პოლიციელების ძალადობის გამოსაძიებლად მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. რადიო თავისუფლებამ ამ უწყებაში, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებაზეა სპეციალიზებული, იკითხა, რა გაგრძელება მოჰყვა ლუკა კინწურაშვილისთვის მათთან შეტანილ სარჩელს, თუმცა პასუხი ამ კითხვაზე სტატიის გამოქვეყნების მომენტში არ გვქონდა მიღებული.
ტელეფონის წართმევის მცდელობაზე ჰყვება კიდევ ერთი მოქალაქე, მეგი დიასამიძე - ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. მეგის თქმით, 1 აპრილს, როცა საპროტესტო აქციიდან სახლში მიდიოდა მეგობრებთან ერთად, ათზე მეტმა პოლიციელმა ისინი “წრეში მოაქციეს იდენტიფიცირებისთვის” და როცა ვიდეოს გადაღება სცადეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯერ ხელის დაჭერა სცადა, მერე კი ტელეფონის წართმევა.
“წარმოუდგენლად დამცინავები და აგრესიულები იყვნენ. ერთმა - “დაგიდგათ გაზაფხულიო?” - ჰყვება ახალგაზრდა ქალი.
პოლიციის სამმართველოში გადაყვანა იდენტიფიცირების მიზნით
31 მარტს პარლამენტის შენობასთან დააკავეს პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასია. მას პოლიციელებმა “გონივრული ეჭვის საფუძველზე” ზურგჩანთის გახსნა და ნივთების ამოლაგება მოსთხოვეს. გელამ თვისი ხელით ნივთების ამოლაგებაზე უარი თქვა, თუმცა ჩანთა პოლიციელებს მიაწოდა. პოლიციელებმა ის “იდენტიფიცირების მიზნით” გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც ჩანთაც გაუჩხრიკეს და 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაუშვეს.
“კი გამომიშვეს, მაგრამ რაზე დამიჭირეს ვერ გავიგე”, - დაწერა მან 2 აპრილს ფეისბუკზე, შემდეგ კი ჟურნალისტებთან გაიხსენა, რომ პოლიციელებმა მას დაკავებამდე სახელით მიმართეს. გელა ხასაია აქტივისტია და არაერთხელ დაუკავებიათ. ამ ჯერზე მან თადარიგი დაიჭირა და სანამ პოლიციას გაჰყვებოდა, მოასწრო ტელეფონი მეგობრისთვის დაეტოვებინა, რათა მასში დაცული ინფორმაცია დაეცვათ.
ვინაობის დასადგენად პოლიციის სამმართველოში 31 აპრილის საღამოს წაიყვანეს დაკავებული სანდრო ლიპარტელიანი და გიორგი წოწკოლაურიც. აქციიდან სახლში ტაქსით მიმავალი ახალგაზრდები პოლიციამ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გააჩერა, პირადობის მოწმობების ჩვენება მოსთხოვა, ფოტოებიც გადაუღო და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ გაუშვა. სანდრო და გიორგი იქვე მარკეტში შევიდნენ, იქიდან გამოსულებს კი იმავე პოლიციელებმა უთხრეს, რომ მათი „იდენტიფიცირება ვერ მოხდა“ და საჭირო იყო მათი პოლიციაში გადაყვანა.
“ გაგვაჩერეს სპორტის სასახლესთან, გადავყავართ ქალაქის სამმართველოში, ოღონდ არ გვეუბნებიან რის საფუძველზე არის ეს ყველაფერი….
- იდენტიფიცირების მოხდენის მიზნით, რაღაც გვინდა [...] ხო აგიხსენით [ ...]
- დაკავებას ნუ დამაწყებინებთ.
- იდენტიფიცირება მოხდა, სურათები გადაგვიღეთ, პირადობები მოგეცით ჩვენი, რა იდენტიფიცირებაზეა საუბარი?
- წამოგვყევით, დიდხანს ვერ დაგელოდებით, იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ”, - ასეთი დიალოგი ისმის გიორგი წოწკოლაურის ფეისბუკის გვერდზე პოლიციის სამმართველოში გადაყვანამდე გამოქვეყნებულ ორწუთიან ვიდეოში.
„იდენტიფიცირების“ მიზნით გადაიყვანეს 27 მარტს ლექსო სამხარაძე, ცოტნე ჯაფარიძე და დავით ტატიაშვილიც - ისინი მთაწმინდაზე რუსეთთან ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძისა და კახა თილიძის სტენსილებს ხატავდნენ ერთ-ერთ კედელზე, როცა რამდენიმე მანქანით მისული პოლიციელების ყურადღება მიიქციეს.
პოლიციის სამმართველოში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი გამოუშვეს, თუმცა მათი საღებავები და სამხატვრო შაბლონები დაიტოვეს.
ფორუმი