რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს წევრმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვევა.
„მზადდება ჩვენი ვიზიტი საქართველოში, განვაგრძობთ გზების გაფართოებას ჩვენს ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გასამყარებლად ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ასე იყო ყოველთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა მან „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ონლაინ შეხვედრაზე.
ცეცხლაძე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას ემხრობა, ამტკიცებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე "ტოვებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს და დასაქმებისა და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად რუსეთს ირჩევს“.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების ნაკადის ზრდისთვის, უკვე დღეს შეინიშნება საქართველოს მოქალაქეების რიცხვის ზრდა რუსეთში და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ აქ მათ ინტეგრაციას. სავიზო რეჟიმის გაფართოებამ, ასევე უვიზოდ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობამ საქართველოს მოქალაქეებს მიგრაციის ახალი იმპულსი მისცა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველთვიურად საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე გადადის რუსეთში საცხოვრებლად“, - აღნიშნა მან.
ცეცხლაძის სიტყვების დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური მონაცემი მანამდე არსად გამოქვეყნებულა.
პუტინმა საქართველო მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა. ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდნენ პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე. სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთის მოქალაქეებს ასევე აქვთ საქართველოში უვიზო შესვლის უფლება. ამასთან ქვეყნებს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ბრძანებით გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის პროცედურა. რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა.
ფორუმი