Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„თუ პუტინის რუსეთთან მეგობრობა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენს წესებს ძირს ვერ გამოუთხრით“ - ფრანკ შვაბე

„თუ პუტინის რუსეთთან მეგობრობა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენს წესებს ძირს ვერ გამოუთხრით“ - ფრანკ შვაბე


საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხისა და მორიგი რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს.
საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხისა და მორიგი რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ფრანკ შვაბე „ქართული ოცნების“ მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ „პრობლემა გვაქვს“, თუკი საქართველოს პუტინის რუსეთთან მეგობრობა სურს.

„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მეუბნება: „აჰ, თქვენ გინდათ, თქვენ გადაგვიწყვიტოთ, საით წავიდეთო. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეებს ემეგობრებით“, - განაცხადა მან.

„თუ გინდათ, იყოთ პუტინის რუსეთის მეგობარი, კი ბატონო, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ, ძირი გამოუთხაროთ ამ ორგანიზაციის ღირებულებებსა და წესებს“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ.

„თუკი თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მაგალითზე ცვლით, მაშინ ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს“, - თქვა მან.

ფრანკ შვაბეს განცხადებით, იანვარში მიღებული რეზოლუცია შეიცავდა გზავნილს: „გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგში და ერთად ვიაროთ სწორი მიმართულებით“.

თუმცა, მისი თქმით, სამწუხაროდ, „საპირისპირო მოხდა“. ამის მიუხედავად, მან კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე დღეს 13:00 საათისთვის დაიწყო საქართველოს საკითხისა და მორიგი რეზოლუციის განხილვა.

PACE-ის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხზე, პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ განაცხადა, რომ 2025 წლის იანვრიდან, - როდესაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდული უფლებებით ცნეს, - ვითარება გაუარესდა.

„სამწუხაროდ, ვითარება იანვრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, არ არის არანაირი პროგრესი ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

ესტრელამ, რომელიც წარმოადგენს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფს“, ასევე განაცხადა: „ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე“.

რეზოლუციის პროექტის თანაავტორები სწორედ ედიტ ესტრელა და ბოსნიელი პარლამენტარი საბინა ჩუდიჩი არიან. ეს პროექტი კვლავ არაერთ ასპექტში აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს:

„დემოკრატიული უკუსვლა ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას“.

ამასთან, რეზოლუციის პროექტით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG