როგორც პროექტი "ოკნო" წერს, კანონი, რომელიც რუსეთის დუმამ მიიღო, შეუძლებელს ხდის რუსი ბლოგერების ამგვარ საქმიანობას „მტრულ პლატფორმებზე“.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი არასასურველი და ექსტრემისტული ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამის აკრძალვის შესახებ. ასეთ ორგანიზაციათა შორის არიან Instagram-ი და Facebook-ი. ექსპერტების თქმით, ამ პლატფორმებზე რეკლამის განთავსებისთვის ჯარიმები შეიძლება 40-ჯერ გაიზარდოს. „რუსეთის ხელისუფლება სუვერენიტეტს აძლიერებს". თუმცა სინამდვილეში, ახალი აკრძალვებით ყველაზე მეტად დაზარალდებიან რუსი ბლოგერები, რომლებიც ამ ქსელებში თავიანთ ბიზნესებს ავითარებდნენ.
"Instagram-ის საქმე დამთავრებულია?" - სვამენ კითხვას რუსი ბლოგერები. 25 მარტს ცვლილებები შევიდა ორ ფედერალურ კანონში: "ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და "რეკლამის შესახებ". როგორც სპეციალისტები განმარტავენ ცვლილებათა პაკეტი კრძალავს რეკლამის განთავსებას იმ უცხოური ან საერთაშორისო ორგანიზაციების საინფორმაციო რესურსებზე, რომელთა საქმიანობაც რუსეთში არასასურველად არის მიჩნეული. რეკლამის მსგავსი აკრძალვა უკვე მოქმედებს უცხოელი აგენტების რესურსებზე.
„ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და ვაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში „ერთიანი რუსეთის" ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ევგენი რევენკომ.
"ხდებიან დესტრუქციული "კონტენტის" სპონსორები"
"როსკომსვობოდის" მონაცემების მიხედვით, კანონის მოქმედების ქვეშ ექცევა თითქმის 700 ათასი რესურსი. ბლოგერებისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ ჩამონათვალში შედიან Instagram-ი და Facebook-ი. ორივე პლატფორმა შედის Meta-ს კორპორაციაში, რომელიც 2022 წელს ექსტრემისტულად იქნა აღიარებული (და შესაბამისად, აკრძალული) რუსეთში. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, რუსი ბლოგერები და მეწარმეები ამან ვერ შეაჩერა, რამაც ძალიან შეაწუხა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი:
„გავრცელებული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი მიდის რესურსების მფლობელებთან, რომლებიც ახორციელებენ პროვოკაციულ საქმიანობას და არაკეთილგანწყობილ ქმედებებს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ. რუსი მომხმარებლები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ პლატფორმების გამოყენებით ხდებიან იმათი სპონსორები, ვინც ქმნის აკრძალულ და დესტრუქციულ "კონტენტს", ავრცელებს მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, რომელიც დისკრედიტაციას უწევს ჩვენს ქვეყანას".
კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბერს. მანამდე ის უნდა მოიწონონ ფედერაციის საბჭოს დეპუტატებმა და რუსეთის პრეზიდენტმა, რაშიც ეჭვი ცოტას თუ ეპარება. შესაბამისად, ბლოგერებს აქვთ ხუთი თვე, რათა მოემზადონ თავიანთი სარეკლამო შესაძლებლობების დაკარგვისთვის.
კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ უცხოელი აგენტებისათვის რეკლამის აკრძალვის შემდეგ, გადაიდგა „თანმიმდევრული სამართლებრივი ნაბიჯი".
სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმუშავებს კანონი, თუმცა მათთვის უკვე ცხადია, რომ აიკრძალება რეკლამა როგორც "არასასურველად", "ექსტრემისტულად" ან "ტერორისტულად" აღიარებული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების რესურსებზე, ასევე რუსეთში დაბლოკილ ნებისმიერ რესურსზე. დამრღვევებს ელით ჯარიმები: 2-2,5 ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, 4-20 ათასი რუბლი თანამდებობის პირებისთვის და 100-დან 500 ათას რუბლამდე იურიდიული პირებისთვის. კანონის შესრულებას გააკონტროლებენ ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური და როსკომნადზორი.
კანონპროექტის ტექსტში არ არის დაზუსტებული მოხვდება თუ არა „სანქციების ქვეშ“ ე.წ. თვითრეკლამა - როდესაც ბლოგერი რეკლამას უკეთებს საკუთარ მომსახურებას ან საქონელს.
„ეს ყველაზე სადავო საკითხია. სოციალურ ქსელებში ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ასორტიმენტის, შესყიდვის პირობების, ფასების, ფასდაკლებების შესახებ, ასევე მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის შესახებ, განიხილება როგორც ინფორმირება და არა - რეკლამა. პრაქტიკაში რეკლამასა და ინფორმირებას შორის საზღვარი კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია. ანტიმონოპოლიური სამსახური თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა კონკრეტული შეტყობინება რეკლამა, მისი შინაარსისა და განთავსების გარემოებების გათვალისწინებით", - ამბობს იურისტი ვალერია ვეტოშკინა.
მისი აზრით, ამან შეიძლება მთლიანად შეცვალოს სურათი - პირდაპირი რეკლამა შემცირდება, ხოლო ნატიური (ნატიური რეკლამა - როცა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ირიბად, სასარგებლო და საინტერესო მასალის მიხედვით) გაიზრდება, ან ზოგადად შემცირდება რეკლამის მოცულობა.
„ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქსელებში ანგარიშების წარმოებასთან, საკუთარი თავის, როგორც ექსპერტის წარმოჩენასთან, კომპანიის ანგარიშის წარმოებასთან და ა.შ. - არ არის რეკლამა და არ ექვემდებარება შეზღუდვებს", - ამბობს ადვოკატი.
კიდევ ერთი იურისტის, კალოი ახილგოვის თქმით, კანონპროექტის მიზანია, რუსეთის მოქალაქეებს არ მიეცეთ რეკლამით ფულის გამომუშავების საშუალება აკრძალულ ქსელებში:
„ერთი მხრივ - ქსელი აკრძალულია, მაგრამ რეკლამის განთავსება შეიძლება. მეორე მხრივ კი, არსებობს პრობლემა ასეთ ქსელებში პიროვნების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით: Instagram-ი, Facebook-ი ან Twitter-ი არ გასცემენ სახელმწიფო სტრუქტურებზე ანგარიშების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რაც ართულებს ანგარიშის კონკრეტულ პიროვნებასთან იურიდიულად დაკავშირების შესაძლებლობას. ამიტომ სახელმწიფოსთვის უფრო მარტივია საერთოდ აკრძალოს რეკლამა ასეთ რესურსებზე".
„სელებრითებზე“ იმუშავებენ
ვინ იქნება რუსი დეპუტატების გადაწყვეტილების ბენეფიციარი, გასაგებია. „რუსეთის ხელისუფლებას სურს რუსი ბლოგერების გადამისამართება რუსულ პლატფორმებზე“, - ამბობს კიბერადვოკატი სარქის დარბინიანი:
„რათა ყველანი შევიდნენ არა Instagram-ში, არამედ რუსულ VK-სა და Яндекс-ში. მაგრამ ყველამ იცის VK-ს ისტორია, რომელიც გასულ წელს ყველაზე წამგებიანი კომპანია იყო. VK-ს ხელმძღვანელობა და რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ რუსეთში Youtube-ის მოგუდვის შემდეგ ყველა VK-ვიდეოში შევიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად Instagram-ის დაბლოკვისა და Youtube-ის შენელებისა, როგორც თავად „კონტენტმეიკერებმა“, ისე მომხმარებლებმა ამჯობინეს კვლავ ამ პლატფორმებზე დარჩენა“.
თუმცა, კიბერადვოკატის თქმით, კანონმა შეიძლება იმუშაოს:
„ვისაც ლეგალურად ფულის გამომუშავება სურთ, ისინი იძულებულნი გახდებიან შეცვალონ პლატფორმები. ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ალბათ, არ ეყოფა რესურსი, რომ ყველა შეამოწმოს. მაგრამ საშუალო და მსხვილი ბლოგერები იძულებულნი იქნებიან გადავიდნენ რუსულ ანალოგებზე. ასე რომ, ამ კანონს ალბათ ექნება ეფექტი. საკმარისი იქნება ათიოდე ისეთი საქმე, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ცნობილი ბლოგერი დაისჯება. მერე ჩაირთვება თვითცენზურა და ა.შ. ასე რომ, იმუშავებენ „სელებრითებზე“. მოკლედ, ეს იქნება შერჩევითი გამოყენების კანონი. მეტი ეფექტისთვის ყველაფერი ეს მაქსიმალურად საჯაროდ გაშუქდება მედიაში“.
რუსი დეპუტატები ამ გზაზე შეჩერებას არ აპირებენ. დუმაში უკვე განიხილება აკრძალულ სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებისთვის ჯარიმების გაზრდის საკითხი. ფიზიკური პირებისთვის მათი ორმოცჯერ გაზრდა სურთ - 2,5 ათასიდან 100 ათას რუბლამდე (30$-დან 1200$-მდე). ცვლილებები რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული იქნა სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანატოლი ვიბორნის მიერ. მისი თქმით, ამჟამად ჯარიმები ძალიან მცირე და შეუსაბამოა რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებთან.
დარბინიანის თქმით, ამ ინიციატივასაც აქვს სწრაფი მიღების ყველა შანსი. თუმცა არ არის გარანტირებული, რომ ამკრძალავი ზომები დიდად დაეხმარება რუსულ პლატფორმებს:
„VK-ს გამოცდილებამ აჩვენა, რომ რამდენიც უნდა აკრძალო და ადმინისტრაციულად გაწმინდო ასპარეზი Youtube-ის „მკვლელისთვის", ძალიან რთულია აიძულო ადამიანები ძალით გადავიდნენ სხვა პლატფორმაზე. რუსული პლატფორმები ჩამორჩებიან დასავლურ ანალოგებს და ეს არ ხდება მხოლოდ გარე ინტერფეისების განსხვავების გამო. მთავარია განსხვავება ალგორითმებში. ამიტომაც ირჩევენ Youtube-ს და არა VK-სა და Яндекс-ს. ერთადერთი იმედია, რომ ასეთი ბლოგერები, რომლებიც ახლა არიან Instagram-ში, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანია, ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახურის რესურსები შეზღუდულია. მაგრამ თუკი რუსეთის ხელისუფლება ისწავლის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებას შემოწმებების ავტომატიზაციისთვის, როგორც ისინი ამას აკეთებენ პერსონალური მონაცემების შემოწმებისას, დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა შეიძლება წარმატებული გახდეს“.
2024 წელს VK ჰოლდინგის წმინდა ზარალი თითქმის 2,8-ჯერ გაიზარდა და 94,9 მილიარდი რუბლი (1,1 მლრდ $) შეადგინა.
„ინგრევა მთელი ცხოვრების საქმე"
რუსეთში ბევრი ბლოგერი უკვე ემზადება პლატფორმის შეცვლისთვის.
"როგორც ჩანს, ყველას ერთად მოგვიწევს გადანაცვლება Telegram-სა და VK-ში – როგორც რეკლამის დამკვეთებს, ასევე ბლოგერებს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, Instagram-ი ბევრი ბიზნესისა და ბლოგერისთვის შემოსავლის წყაროდ რჩებოდა მასზე წვდომის შეზღუდვის შემდეგაც. მათთვის ახალი რეგულაციები დიდი დარტყმა იქნება. ამასთან გაუგებარია, სად იქნება ზღვარი რეკლამასა და, მაგალითად, იმ ადგილის აღწერას შორის, სადაც ყოფნა მომეწონა - იგულისხმება სასტუმრო, რესტორანი, მაღაზია და ა.შ... ნებისმიერი ქმედება - რეკომენდაცია ან მადლობა ახლა რეკლამად ჩაითვლება?“ - დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა იანა რუდკოვსკაიამ.
„განტოლებაში ძალიან ბევრი უცნობია“, - ამბობს ერთ-ერთი კალინინგრადელი ბლოგერი ტატიანა (სახელი შეცვლილია), რომელიც რესტორნების მიმოხილვებს აკეთებს და ასევე რეგულარულად ათავსებს რეკლამას თავის გვერდზე.
„უკვე რამდენიმე წელია ვაწარმოებ ბლოგს, ათიათასობით გამომწერი მყავს. დიახ, რეკლამას ვათავსებ, ჩემი ბლოგი პირდაპირ არის მასზე დამოკიდებული. იმის ყურება, როგორ ინგრევა მთელი ჩემი ცხოვრების საქმე, ძალიან მტკივნეულია. შევეცდები შევცვალო მუშაობის ალგორითმი, მაგრამ იმავე Telegram-ის იმედი ნაკლებად მაქვს, ასეთი რაოდენობის მომხმარებლების სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაყვანა ნაკლებად სავარაუდოა", - ამბობს ის.
"გარკვეული აზრით ეს ჩიხია"
29 წლის მაქსიმ შპაკოვიჩი Instagram-ზე საკუთარ თავს წარადგენს „კატების ენის მთარგმნელად". ბლოგის წარმოება ხუთი წლის წინ დაიწყო. აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს (შინაურ ცხოველებზე), რომელთა სცენარებსაც თავად წერს. მის Instagram-ბლოგს 257 ათასი გამომწერი ჰყავს. გამომწერთა საერთო რაოდენობა, Telegram-ისა და Youtube-ს არხების ჩათვლით, 2,5 მილიონს აღემატება.
„ცხოველების თემატიკაზე მომუშავე ბლოგერების ტოპსამეულში შევდივარ. რეგულარულად ვხვდები პირველ ათეულში Ozon-სა და Wildberries-ზე პროდუქტების რეკლამირების კუთხით. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ბლოგზე ბიზნესი აქვს აწყობილი, გაუგებარია მთავრობის განმარტება [რატომ მიიღეს კანონი] - "იმისთვის, რომ თანხები საზღვარგარეთ არ გაედინებოდეს". მაგრამ მე ორი წლის განმავლობაში არ მქონია არცერთი კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც თანხები რაიმე სახით ექსტრემისტულ ან უცხოურ ორგანიზაციებს ერიცხებოდათ. ამასთან, ჩვენ ვუხდით საკმაოდ დიდ გადასახადებს ჩვენს სახელმწიფოს", - ამბობს ბლოგერი, - „როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ სისტემის აწყობას და ამიტომ მიმართავენ ქაოსურ მცდელობებს რაღაცის შესაცვლელად, რომ ნახონ, რა გამოვა აქედან. საბოლოოდ კი ვიღებთ "პეპლის ეფექტს", როცა ერთი შესწორება კანონში გადახაზავს ასიათასობით ადამიანის გეგმებსა და ხშირად ცხოვრებასაც კი“.
თუმცა ბლოგერი აღიარებს, რომ მუშაობის სქემის შეცვლა მაინც მოუწევს. იმედოვნებს, რომ მაშველ რგოლად გამოადგება Telegram-ი:
„2,5 მილიონი გამომწერის წაყვანა ყველა პლატფორმიდან - ეს არის უწყვეტი და ენერგოტევადი სამუშაო, რომელსაც ვერცერთი ბლოგერი ვერ გაექცევა. მაგრამ პირადად მე, შიდა ალგორითმების სპეციფიკურობის გამო, ისეთი პლატფორმები როგორიცაა Telegram და VK არ „მაპრომოუტებენ“ ისე კარგად, როგორც რუსეთში აკრძალული პლატფორმები. რუსულ ანალოგებში აუდიტორიის მოცვის მაჩვენებელი ასჯერ დაბალია. საერთოდ რუსული ალგორითმების სპეციფიკა ისეთია, რომ ნახვები ისეთი დაბალი რაოდენობით გროვდება, თითქოს ახალი მომხმარებელი იყო: საშუალო 10 მილიონის ნაცვლად - დაახლოებით 10 ათასი. ასე რომ, გარკვეული აზრით ეს ჩიხია. როგორღაც გადავიტანე Tik Tok-ის დაბლოკვის ეტაპი, ეს იყო შემოსავლის 30%-ის დაკარგვა“.
რუსეთის ტოპბლოგერები უკვე ემზადებიან სოციალურ ქსელებში რეკლამის ღირებულების 50%-ით გაზრდისთვის. ბლოგერმა ქსენია ბოროდინამ, რომელიც პერიოდულად სტუმრობს ხოლმე საქართველოს, გასულ წელს დაახლოებით 30 მლნ რუბლი გამოიმუშავა, Instagram-ზე მას 20 მლნ გამომწერი ჰყავს. ერთი "სთორის" ღირებულება მასთან - დაახლოებით 600 ათასი რუბლია. პოსტი ლენტაში - 1,5 მილიონი. კიდევ ერთმა პოპულარულმა ბლოგერმა, კარინა კასპარიანცმა, რომელსაც 2 მლნ გამომწერი ჰყავს, გასულ წელს 23 მლნ რუბლის რეკლამა გაყიდა, ოქსანა სამოილოვამ - 19 მლნ რუბლის.
2024 წელს რუსეთის ბლოგერებისა და სააგენტოების ასოციაციამ (АБА) ბლოგერების რეკლამის მთელი ბაზარი 44 მილიარდ რუბლად შეაფასა. ოფიციალურად რეკლამის დამკვეთების დანახარჯებმა ინსტაგრამში, ფეისბუკსა და ტვიტერში 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 4,7 მილიარდი რუბლი შეადგინა. როგორც АБА იტყობინება, Meta-ში რეკლამის აკრძალვის გამო რუსეთის Instagram-ის „სელებრითების“ პირველი ოცეული, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 2 მლრდ რუბლს (23 მლნ $) დაკარგავს.
"პროცესი სწრაფი არ იქნება"
ექსპერტების თქმით, ის, რომ რუსეთში სოციალური ქსელები და მათში განთავსებული რეკლამა მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცეოდა, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ჯერ კიდევ 2023 წლის 1 სექტემბერს შემოიღეს ჯარიმები ინტერნეტრეკლამის მარკირებისთვის, 2025 წლის 1 აპრილიდან კი ინტერნეტპლატფორმები იხდიან სარეკლამო შემოსავლების 3%-ს. ყოველივე ამას ემატება ე.წ. მტრულ სოცქსელებში რეკლამის აკრძალვაც.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს სიახლეები აღფრთოვანებას არ იწვევენ“, - ამბობს კომუნიკაციების ტრენერი ნატალია შიროკოვა, რომლის ბლოგს Instagram-ზე 377 ათასი გამომწერი ჰყავს:
„აშკარა სამართალდარღვევაზე, კანონების იგნორირებაზე ცოტა თუ წავა. დაგვანახვეს, რომ სათამაშო ჯარიმები წარსულში დარჩა და, რომ ხელის გაწვდენაზეა პატიმრების რეალური ვადები. არ მგონია, რომ ვინმე შეეცდება რეკლამის აკრძალვის გვერდის ავლას“.
ბლოგერის თქმით, მისი შემოსავლის სტრუქტურაში რეკლამა 10%-ზე ნაკლებია. ამიტომ მისთვის Instagram-ში რეკლამის აკრძალვა დამღუპველი არ იქნება:
„ჩემი ძირითადი შემოსავალი ჩემი პროდუქტის გაყიდვაზე მოდის. იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება, რომ საკუთარი პროდუქტების გამო არ შეგვავიწროებენ“.
სავარაუდოდ, ბლოგერები სარეკლამო „კონტენტის“ განთავსების სხვა ვარიანტებსაც მოძებნიან, მიიჩნევს შიროკოვა:
„სავარაუდოდ, მეტი იქნება ისეთი რამეები, როგორიცაა პირადი რეკომენდაცია, რომელსაც ჯერჯერობით სრულად არ ეხება რეკლამის შესახებ კანონი. მაგალითად, ბრენდი აჩუქებს ბლოგერს საჩუქარს. ბლოგერი კი ბრენდის ნიშანს სვამს. ერთგვარი შუალედური ამბავია – თითქოს რეკლამაა, მაგრამ ფულად-სასაქონლო ურთიერთობაც არაა. არის კიდევ "სთორიზი", რომლებიც მხოლოდ 24 საათი „ცოცხლობენ“ და, შესაბამისად, მათთვის თვალყურის მიდევნება საერთოდ რთულია. არ ვიცი, როგორ აპირებს ხელისუფლება ამის კონტროლს“.
ბლოგერის აზრით, კანონის ამოქმედების შემდეგ ყველას მოუწევს სოციალური ქსელების გამოცვლა, რაც არ იქნება სასიამოვნო პროცესი, როგორც ბლოგერებისთვის, ისე მათი გამომწერებისთვის. მით უმეტეს, რომ სოციალური ქსელის აუდიტორიები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან:
„Instagram-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს საშუალო კლასის ზედა ფენაზე. თავიდანვე ასე იყო – სიმდიდრე, ფუფუნება. Instagram-ში დარჩნენ ისინი, ვისაც VPN აქვთ, მომხმარებელთა 20-30% საზღვარგარეთ ცხოვრობს. რაც შეეხება VK-ს, აქ შემიძლია ძალიან სუბიექტურად ვიმსჯელო: აუდიტორია უფრო კონსერვატიული და უფრო ასაკოვანია. შემოსავალიც უფრო ნაკლები აქვთ. ჩემს წრეში ვხედავ, რომ ბევრმა ბლოგერმა შექმნა VK-ში ბლოგი, მაგრამ ვერ ვხედავ მათ დიდ სიყვარულს ამ არხების მიმართ. უფრო ხშირად აუთსორსზე გააქვთ - უბრალოდ აკოპირებენ იქ Instagram-ის მასალებს“.
როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, Instagram-ის აუდიტორიასთან ყველაზე ახლოს Telegram-ის აუდიტორიაა. ამიტომ, სავარაუდოდ, კანონში შეტანილი ცვლილებიდან ყველაზე მეტად სწორედ Telegram-ი იხეირებს.
„ვფიქრობ, სარეკლამო ბიუჯეტები სწორედ ტელეგრამისკენ წავა. მაგრამ ბლოგერებისთვის ყველაფერი რთულად იქნება. დღეს, სტატისტიკის თანახმად, Instagram-იდან Telegram-ში ბლოგერს მიჰყვება მომხმარებლის მხოლოდ 10-20 %. ვიღაცას Telegram-ი არ უყვარს, ვიღაც "სთორიზს" არ უყურებს, ზოგს ბმულებზე გადასვლა ეზარება. ასე რომ, პროცესი სწრაფი ვერ იქნება“, - ამბობს ნატალია შიროკოვა.
ფორუმი