გასულ კვირაში ერთმანეთს სწრაფად მიჰყვა საკადრო ცვლილებები როგორც საპოლიციო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში. არათუ მხოლოდ გამოიცვალა, ამ მომენტისთვის პოსტის გარეშე დარჩა სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი; ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
რამდენიმე მოხელეს, რომლებიც საკადრო ცვლილებების ნაკადში მოყვა, წინა ხელისუფლების მსახურებაც შეახსენეს.
სწრაფი ცვლილებები
გასული კვირის ცვლილებების ტალღაში საგანგებო ყურადღების ცენტრში იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი - რომლის პოსტიდან გადადგომის ცნობა 2 აპრილს გავრცელდა და უკვე 4 აპრილს, სადავო პარლამენტმა მის მონაცვლედ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ანრი ოხანაშვილი აირჩია.
წინა კვირაში სხდომების გრაფიკის შეცვლაც გახდა საჭირო, რადგან 4 აპრილს პლენარული სხდომა გათვალისწინებული არ იყო.
“ქართული ოცნების” საპატიო მილიარდერი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთგულებითა და სიახლოვით გამორჩეულ კადრს - გრიგოლ ლილუაშვილს თავიდან თითქოს რეგიონული განვითარების ჯერ არარსებული სამინისტროს ხელმძღვანელობას უპირებდნენ, შემდეგ კი არც ამ პოსტზე დანიშნეს.
ბოლოს გადაწყდა, რომ ინფრასტრუქტურიდან გამიჯნულ რეგიონულ სამინისტროს თბილისის მერის მოადგილეს, კახაბერ გულედანს ჩააბარებენ.
„გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“, - თქვა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირაში გაირკვა ისიც, რომ პოსტი დატოვა თორნიკე რიჟვაძემ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. რიჟვაძემ წასვლის შესახებ მხოლოდ ფეისბუკზე დაწერა.
იყო სხვა ცვლილებებიც:
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა და 7 აპრილს დაამტკიცეს კიდეც. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა - ლაშა გოგნიაშვილი, მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
- 4 აპრილს გაირკვა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ ["ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა].
- აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი გახდა - მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას სამცხე-ჯავახეთში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად”, - განუცხადეს შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.
თუმცა ექსპერტები ამ გადაადგილებებში მხოლოდ როტაციას როდი ხედავენ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპოლიციო საკადრო გადაადგილებების უკან იმალებოდეს განზრახვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბედი შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც გაიზიაროს.
“ვფიქრობ, სისტემური პროცესი მიდის… ამ პროცესის ლოგიკით, მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ [მომავალში]... ვინმე მდინარაძე გახდება შს მინისტრი, რაზეც, ეჭვი მაქვს, რომ ოცნებობს დიდი ხანია… პოლიციაში ეს გადაადგილებები შეიძლება იყოს შემზადება იმისა, რომ საბოლოო ჯამში, გომელაურიც შეიცვალოს”, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.
ანალიტიკოსი მისდევს ლოგიკას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს "საბელი დაუგრძელა" და მისცა კადრების შერჩევის თავისუფლება საბოლოო პასუხისმგებლობიდან დისტანცირების იმიტაციის მიზნით - რათა, თუნდაც, მისგან აღარ მოისმინოს პრეტენზია, რომ “მის კადრებს ვერ აკონტროლებს”.
“ბიძინა ახლა მთელ პასუხისმგებლობას მას ჰკიდებს, ბოლო არგუმენტს ართმევს… კობახიძეზე გადავა საკადრო პოლიტიკაზე მთელი პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, კობახიძე ყველა შემთხვევაში განწირული იქნება - წარმატებისა და წარუმატებლობის შემთხვევაშიც”, - გვეუბნება გია ხუხაშვილი. ამ ყველაფერს ის ბიძინა ივანიშვილის თამაშად განიხილავს, რადგან "ავტორიტარული კონსტრუქცია პიროვნების კულტზე შენდება" და საქართველოში "ბიძინა ივანიშვილზეა დაშენებული".
თბილისის პოლიციის უფროსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 7 აპრილს, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორ აიღებს სანქცირებული პირი ხელფასს? - ჟურნალისტების შეკითხვაზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ”.
2025 წლის 30 იანვარს, ირაკლი კობახიძე პირადად მონაწილეობდა საზეიმო ღონისძიებაში, როდესაც "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსნები და მათ შორის, სულხან თამაზაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა - "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ ასევე სანქცირებული შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილეები.
ხმაურიანი აღმოჩნდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გურიიდან გადაყვანილი ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნა.
წარსულში ის პოლიციის უფროსი იყო აჭარასა და ქვემო ქართლში და მუშაობდა კახეთის სამხარეო სამმართველოში. სოციალურ ქსელებში გოგნიაშვილს ბევრმა გაუხსენა ამბები უფრო შორეული წარსულიდან, ვიდრე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა.
2012 წელს, ქარელის პოლიციის უფროსს, ლაშა გოგნიაშვილს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ძალადობასა და იარაღის ჩადების მცდელობაში სდებდნენ ბრალს. მას გიორგი ბერუაშვილი [დღეს ქარელის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი - რ.თ.] ადებდა ხელს - სროლითაც ემუქრებოდაო.
“ქარელის ამბები” ამ ხმაურიანი ბრალდებების დამადასტურებელ ვიდეოს ავრცელებს, სადაც იმდროინდელი დაზარალებულიც ლაპარაკობს. ასევე ქვეყნდება - სადავო პარლამენტის ამჟამინდელი დეპუტატის, სოზარ სუბარის ციტატები, როცა ის, 2012 წელს, არჩევნებამდე, “ქართული ოცნების” ოფისში ლაშა გოგნიაშვილის მხრიდან ძალადობაზე ლაპარაკობდა.
ლაშა გოგნიაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს 7 აპრილს თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წარუდგინა. “მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, - წერია გოგნიაშვილზე შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ხმაურიანია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ უფროსად გიორგი ბუხრაშვილის დანიშვნაც.
მედიის არქივიდან ირკვევა, რომ ბუხრაშვილი უწყებაში ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროიდან მუშაობს და 2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი იყო. ერთ ვიდეოში ბუხრაშვილი ამბობს, რომ დაკავებულ ფოტოგრაფს კავშირი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვასთან.
2021 წლის ოქტომბერში “ტვ პირველი” ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გიორგი ბუხრაშვილი - იმხანად ნაძალადევის პოლიციის უფროსი - პირადად მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში.
„ეს [საპოლიციო სისტემიდან პოლიტიკურ თანამდებობებზე გადაყვანა - რ.თ.] პოლიტიკური სისტემის საპოლიციო რეჟიმად ქცევის ტენდენციის ნაწილია, როდესაც, რეალურად, ვერტიკალი აღარ ენდობა პოლიტიკური გამოცდილების, გარკვეული სოციალური კაპიტალის მქონე ფიგურებს და ამის ნაცვლად, მნიშვნელოვან თანამდებობაზე აყენებენ სისტემაში გამოზრდილ, სავარაუდოდ, ერთგულ კადრებს. როგორც ჩანს, ისინი პოლიციაში აბარებენ ერთგულებისა და ყველაფერზე წასვლის ტესტს და იმდენად ძლიერდებიან, რომ პოლიტიკურ თანამდებობებზე ინაცვლებენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი.
რეპრესიული პროცესების ფონზე, საპოლიციო მმართველობის ნიშნების გაძლიერებასთან ერთად, თამთა მიქელაძე ბოლო დღეების საკადრო ცვლილებებში კიდევ ერთ ტენდენციას გამოყოფს - „შიდა მმართველობაში კობახიძის ძალაუფლების გაძლიერება - უჩვეულოდ, დაუბალანსებლად“, რასაც ის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიერ კადრების შერჩევის პროცესში მინიჭებულ თავისუფლებას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს 7 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გადაყვანის შესახებ.
“მოქალაქეების დევნისა და უკანონო დაკავებების გამო სანქცირებული, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. ამის შესახებ “პირველებს” ინფორმირებულმა პირმა აცნობა”, - ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა“ გაავრცელა. მათი წყაროს ინფორმაციით, სირაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა.
ინფორმაციის შს სამინისტროს მიერ უარყოფის ფონზე განცხადება თავად არ გაუკეთებია ვაჟა სირაძეს.
ვაჟა სირაძეს სავიზო შეზღუდვები დაწესებული აქვს ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ ზვიად ხარაზიშვილთან ერთად. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი ძალადობის ორგანიზებაში ვაჟა სირაძესაც სდებს ბრალს. “ქართული ოცნების” მიერ შერჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 30 იანვარს, ღირსების ორდენით სირაძეც დააჯილდოვა და ხარაზიშვილიც.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში უკრაინის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის გუბერნატორად გადაყვანა დაქვეითებაა, რადგან გუბერნატორები მხოლოდ სტუმრების მეგზურებად არიან ქცეული.
ფორუმი