„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 23-ე დღეა. დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
- 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
- 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ფორუმი