დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ აქვთ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.
19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.
სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.
ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა“.
დევიდ ლემიმ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა:
„მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, გამოიყენოს თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები“.
მისი თქმით, „დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი იყვნენ“.
საელჩოს განმარტებით, სანქციები „გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“.
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22-ე დღეა, გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.
სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
- 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
- 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
ფორუმი