კრემლმა 7 აპრილს გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მილოცვა, სადაც ნათქვამია, რომ ოვეჩკინის რეკორდული გოლი „გახდა არა მხოლოდ შენი პირადი წარმატება, არამედ ნამდვილი დღესასწაული გულშემატკივრებისთვის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ“.
ცნობილია, რომ პუტინს ყინულის ჰოკეი უყვარს. მისი აღტაცება ოვეჩკინის მიმართ ორმხრივია: NHL ვარსკვლავის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდის პროფილის სურათზე სპორტსმენი პუტინის გვერდით დგას.
ოვეჩკინის მიღწევა - მისმა 895-ე გოლმა NHL-ში ის გრეცკის 894-ს გადაუსწრო - მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული მიღწევა. მისი წარმატება დაემთხვა მომენტს, როდესაც კრემლი ცდილობს ძლიერი პოზიციის დაჭერას ვაშინგტონთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წინ.
კირილ დმიტრიევმა, უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა ვაშინგტონში, X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ოვეჩკინი ესალმება გულშემატკივრებს მისი რეკორდული გოლის შემდეგ. ჰოკეის ვარსკვლავი ამბობს: "მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთისთვის... ჩვენ გავაკეთეთ, ბიჭებო, ჩვენ გავაკეთეთ ეს! ეს ისტორიაა!"
დმიტრიევმა ახლახან დაასრულა ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც ის უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა - ვიზიტს მან "პროდუქტიული" უწოდა. თუმცა ამავე დროს ის ამერიკელების მოხიბვლასაც ცდილობდა, გამოდიოდა CNN-სა და Fox News-ზე, რათა ელაპარაკა აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე.
„ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა არა მხოლოდ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, არამედ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინის საკითხის გადაჭრის კუთხით“, - განუცხადა დმიტრიევმა Fox News-ის ბრეტ ბაიერს.
მესიჯი ნათელია: დმიტრიევი და სხვები ავრცელებენ ნარატივს, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ბუნებრივი მოკავშირეები არიან, მაშინ როდესაც ევროპელები მხარს უკრაინას უჭერენ.
მაგალითად, დმიტრიევმაც და რუსული მედიის ბოსმა მარგარიტა სიმონიანმაც მოწონებით გააზიარეს ამერიკელი კინორეჟისორის ოლივერ სტოუნის ვიდეო, რომელმაც Fox News-ს განუცხადა, რომ მიესალმებოდა ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთთან დაკავშირებული "შეურაცხმყოფელი დიალოგის" შეჩერებისთვის.
”რუსეთის სიძულვილი იმდენად ნეგატიურია, ეს იმდენად არაამერიკულია”, - თქვა მან. - ”ისინი ჩვენი პოტენციურად საუკეთესო პარტნიორები არიან, ისევე როგორც ჩინელები, რეალურად. ეს ყველაფერი პროპაგანდის მიერ არის დანერგილი”.
მაშინ, როდესაც ამერიკის მედიით აშშ-რუსეთის მეგობრობის შესახებ ლაპარაკობენ, რუსეთის აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ამ შაბათ-კვირას განსაკუთრებულად დარტყმები განხორციელდა კრივოი როგისა და კიევის სამოქალაქო ტერიტორიებზე.
იმავე დღეს, როდესაც ოვეჩკინმა რეკორდული გოლი გაიტანა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩანაწერი რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების რაოდენობის შესახებ.
„2025 წლის მარტის მდგომარეობით, რუსეთის მიერ მოკლულია 591 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი, 22 ტყვეობაშია, 11 კი დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში. - „რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 725 სპორტული ობიექტი, მათ შორის 17 ოლიმპიური, პარალიმპიური და ყრუთა ოლიმპიადის საწვრთნელი ბაზა. რუსეთი სპორტს პროპაგანდისთვის ათწლეულების განმავლობაში იყენებს. 15 რუსი სპორტსმენიდან 10, რომლებიც 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ პარიზში, ან საჯაროდ უჭერდნენ მხარს ომს, ან კი აფილირებული იყვნენ სამხედროებთან. რუსული სპორტი სახელმწიფოსაგან ცალკე არ დგას, ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება აგრესიის გასამართლებლად და ხელშეწყობისთვის. ვინც ამბობს, რომ სპორტი პოლიტიკას მიღმა უნდა იყოს, ასევე უნდა აღიაროს, რომ რუსეთი სპორტს, პოლიტიკურ იარაღად იყენებს“.
სპორტი ნამდვილად არის რუსეთის რბილი ძალის ელემენტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე "დიპლომატიურ ცეკვაში“.
გასულ თვეში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა "მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინის იდეას მოეწყო ჰოკეის მატჩები შეერთებულ შტატებსა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის“.
რუსეთს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აეკრძალა. ეს აკრძალვა ძალაში რჩება, თუმცა ოვეჩკინის გოლმა შესაძლოა კიდევ უფრო გააღოს მოსკოვის ფანჯარა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის.
ფორუმი